Thumbnail

ავთანდილ ასათიანი: საქართველოს ნაკრების მიზანი მეოთხედფინალში თამაშია

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • 'აზერბაიჯანთან მატჩმა ძალიან დიდი ძალები წაიღო, როგორც ფიზიკური, ასევე – ემოციური'
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი ნიდერლანდებიდან

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე აზერბაიჯანთან გამართული მატჩი შეაფასა და მას დიდი შრომის შედეგი უწოდა. ასათიანს ნიდერლანდებში შევეხმიანეთ და ცხადია, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მომდევნო შეხვედრაზეც ვკითხეთ:

ავთანდილ ასათიანი: “პირველ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერია, თანაც მატჩი ჩვენთვის საკმაოდ არახელსაყრელად დაიწყო, თუმცა, გუშინდელმა მატჩმა საქართველოს ნაკრების ნამდვილი ძალა გამოაჩინა. დავინახეთ, თუ რა დონის ფეხბურთი შეიძლება ვაჩვენოთ. ამისკენ საკმაოდ დიდი ხანი მივდიოდით, მას მერე, რაც დავიწყეთ ახალი სისტემით მომზადება. საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და თამაშიც მოიგო. სხვა საქმეა, რომ ამ მატჩმა ძალიან დიდი ძალები წაიღო, როგორც ფიზიკური, ასევე – ემოციური.

ბოსნიის ნაკრებს აქამდე არასდროს შევხვედრილვართ. ძალიან სპეციფიკური გუნდია. ესპანელებთან მატჩში მათ არ ჰყოლიათ ძირითადი გოლკიპერი, აქცენტს კი ხუთი ოთხზე შეტევებზე აკეთებენ, ასე რომ, მათთანაც დიდი ყურადღება გვმართებს. მცირე დასვენების შემდეგ, დღეს უკვე მორიგი ვარჯიში გვქონდა და ბოსნიელებთან მატჩისთვის უკევ სრული დატვირთვით ვემზადებით. ჩვენი მიზანი მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებაა და ამ მიზნამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაშორებს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპირველობის სასტარტო ტურში 2 ბურთის სხვაობით აგებდა, თუმცა, აზერბაიჯანის დამარცხება (3:2) მაინც მოახერხა. D ჯგუფის მე-2 მატჩში აშკარა ფავორიტად შერაცხულმა ესპანეთმა ბოსნიელებს 5:1 სძლია. 26 იანვარს, გრონინგენში, საქართველოს ნაკრების სწორედ ბოსნია-ჰერცეგოვონას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. ამავე დღეს ესპანეთი აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები