Thumbnail
  • შაკილ ო'ნილი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია
  • უფრო მეტს სიზარმაცის და გართობის სიყვარულის გამო ვერ მიაღწია
  • მისი მსგავსი მოთამაშე თანამედროვე კალათბურთს არ ჰყავს

თუ შაკილ ო'ნილი ერთხელ მაინც გინახავთ, არასოდეს დაგავიწყდებათ. ღმერთები ასეთ ადამიანებს უბრალოდ აღარ ქმნიან. ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენთან ერთად შაკი ერთადერთი იყო, რომელიც თავისი ძალითა და გაბარიტებით თითქოს ადამიანურ განზომილებას ცდებოდა. უილტის თამაში ჩვენ არ გვინახავს, მხოლოდ გადმოცემით ვიცით - შაკს კი მოვესწარით.

არაადამიანური ძალა და მასა ო'ნილს სამწამიანში შეუჩერებლს ხდიდა - 217-სანტიმეტრიანი და 145-კილოგრამიანი ათლეტის შეჩერება შეუძლებელია. შედარებისთვის: რუდი გობერი, დღესდღეობით საუკეთესო დაცვითი ცენტრი, სიმაღლეში 216 სანტიმეტრია, თუმცა მხოლოდ 111 კილოგრამს იწონის; კიდევ ერთი თანამედროვე გიგანტი ჯოელ ემბიიდი შაკზე 4 სანტიმეტრით დაბალი და 20 კილოგრამით მსუბუქია. სიმართლე რომ ითქვას, ამ შედარებებს აზრი უბრალოდ არ აქვს - თანამედროვე კალათბურთში არავინაა ისეთი, ვისი შაკილ ო'ნილთან ერთად მოხსენიება უხერხული არ იქნება. 

ისტორიული პანორამა

არაფერს ვიტყვი მის მიერ მოგებულ 4 ჩემპიონობაზე. შაკის დომინანტურობის მასშტაბს ერთი სტატისტიკური დეტალი უფრო ნათლად ასახავს: ის გუნდი, რომელშიც შაკი თამაშობდა, 12 წლის მანძილზე ყოველთვის ცდებოდა 50-მოგებიან მაჩვენებელს და ამ ხნის განმავლობაში შაკმა თავისი თამაშების თითქმის 70 პროცენტი მოიგო (654 მოგება და 298 წაგება). იცით, ვის აქვს მსგავსი მაჩვენებელი? კიდევ ერთ მითოლოგიურ კაცს - ბილ რასელს, რომელმაც 60-იანებში, 13 წლის მანძილზე 11 ჩემპიონატი მოიგო, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ბოსტონ სელტიკსი, ფაქტობრივად, პირველი პროფესიული გუნდი იყო, რომელიც ნახევრადპროფესიულ ლიგას წლების მანძილზე ატერორებდა.

როდესაც მთელი დღის განმავლობაში ჰამბურგერებს ყიდი და საღამოს ბილ რასელს უნდა ეთამაშო, დამეთანხმებით ალბათ, რომ არცთუ ისე ბევრი შანსი გაქვს. ამ 13 წლის მანძილზე რასელის ბოსტონმაც თავისი თამაშების 70 პროცენტი მოიგო (716 მოგება - 299 წაგება). რასაც იმ წლებში ბილ რასელი და მისი ბოსტონი დანარჩენ NBA-ს უკეთებდნენ, შაკილ ო'ნილი იმავეს უკვე პროფესიულ პერიოდში, ვარსკვლავურ ლიგაში აკეთებდა.

კიდევ ერთი სტატისტიკური დეტალი: ზედიზედ 10 წელი შაკი თამაშში 25 ქულაზე მეტს აგროვებდა, ორჯერ (1995, 2000) ლიგის საუკეთესო ჩამყრელი იყო.

რეალურად რა შეეძლო ყველაზე უკეთ, ეს 2000 წლის სუპერფინალში გამოჩნდა - ინდიანასთან შაკი საშუალოდ მატჩში 45 წუთს თამაშობდა და საშუალოდ 38 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა. გავიმეორებ: 38 ქულა და 17 მოხსნა და ეს იმის ფონზე, რომ ჯარიმების მხოლოდ 38 პროცენტს აგდებდა.

მისი და კობი ბრაიანტის ლეიკერსი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო. ბოლო წლებში ხშირი იყო დისკუსიები, რომლებიც ჯორდანის ჩიკაგოს და სამგზის ჩემპიონი გოლდენ სტეიტის პოტენციურ დაპირისპირებას განიხილავდა - ანუ, წარსულის და თანამედროვეობის ორი ყველაზე დომინანტი გუნდის. მე თუ მკითხავთ, შაკის და კობის ლეიკერსი ჩიკაგოზე სუსტი არაფრით ყოფილა. თუ რატომ ვერ შეძლო შაკმა უფრო მეტი, ამაზე ცოტა ქვემოთ.

შაკის ხასიათი

ო'ნილის მთავარი პრობლემა ხასიათი იყო. მას ბუნებამ ზედმეტად ბევრი მისცა იმისთვის, რომ მონდომებული ყოფილიყო და საკუთარი თავი ზედმეტი ძალისხმევისთვის ეიძულებინა.

ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ამერიკაში too much, too soon (ზედმეტად ბევრი, ზედმეტად ადრე) უწოდებენ. ახლავე აგიხსნით: მეჯიქმა, ლარი ბერდმა და ჯორდანმა კალათბურთი გლობალურ თამაშად აქციეს, უდიდესი მარკეტინგული პოტენციალით - უცებ, კალათბურთში ძალიან დიდი ფული შევიდა. მათმა შემდეგმა თაობამ სრულიად ახალგაზრდულ ასაკში იმ დროისთვის ძალიან დიდი ფული იშოვა - ქუჩაში გაზრდილ 20 წლის აფროამერიკელი ბიჭები მოულოდნელად მულტიმილიონერები გახდნენ. ამ ფულს ნეგატიური გავლენაც ჰქონდა - ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორ უნდა იყო მულტიმილიონერი და თან პროფესიონალი (ეს უკვე ლებრონ ჯეიმსის თაობაა, რომელმაც ეს კარგად ისწავლა). მილიონების გიჟურად ხარჯვა, ვერგამოყენებული პოტენციალი, ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ვარჯიშების გაცდენა, ქუჩისბიჭობა და არაადეკვატური ქცევა - ეს ამ თაობის მთავარი პრობლემაა. ვინს კარტერი, ალენ აივერსონი, ტრეისი მაკგრეიდი, სტეფან მარბერი, შონ კემპი - ეს საკმაოდ გრძელი სიაა.

შაკიც ამ მენტალიტეტით გაიზარდა. მან პირველივე კონტრაქტით გარანტირებული 40 მილიონი მიიღო, 20 წლის ასაკში რეპალბომი ჩაწერა და 22 წლისა კინოში გადაიღეს (Blue Chips). შაკი შოუმენი იყო, აბსოლუტურად უნიკალური იუმორით - NBA-ში მის შესახებ ისტორიები ათობით და ალბათ ასობითაა. ჯორდანის შემდეგ არავის უშოვნია ამდენი ფული თავისი მარკეტინგული იმიჯით. შაკი ყველას უყვარს თავისი იუმორის და გართობის სიყვარულის გამო. მისთვის ცხოვრება ერთი დიდი გართობა იყო, კალათბურთი კი ამ გართობებს შორის არასოდეს ყოფილა თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი გასართობი (სულ მცირე პლეი ოფამდე მაინც).

შაკი ერთ-ერთი საუკეთესო შოუმენია

მისივე აღიარებით, ერთდადერთი სეზონი, როდესაც იგი მთელი სეზონი მოტივირებული იყო, 1999-2000 წლების სეზონი გახლდათ, რომელიც ლეიკერსის ჩემპიონობით დასრულდა. დანარჩენ შემთხვევაში შაკი არასოდეს იკლავდა თავს ზაფხულში ვარჯიშით - სეზონს იგი ზედმეტი წონით და ფორმიდან ამოვარდნილი ხვდებოდა (რაც ასე აბრაზებდა კობის), შემდეგ, რეგულარული სეზონის განმავლობაში ფორმაში შედიოდა და სრული დატვირთვით თამაშს პლეი ოფში იწყებდა. ის ფორმიდან ამოვარდნილიც კი იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ თავის 25 ქულას მაინც აგროვებდა. თუმცა, კალათბურთი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, სტაბილურად შეეძლო, მთელი სეზონი უილტ ჩემბერლენის რეჟიმში (სულ მცირე 35 ქულა, 15 მოხსნა) ეთამაშა; შეეძლო, კიდევ უფრო მეტი ჩემპიონატი მოეგო; შეეძლო, უფრო ხანგრძლივი კარიერა ჰქონოდა, რადგან ვარჯიშის მიმართ ზედაპირულმა დამოკიდებულებამ მის თამაშს დაღი კარიერის მეორე ნაწილში დაასვა - ფიზიკური ფორმა და სისწრაფე ნაადრევად დაკარგა.

ძმები კორლეონეები

NBA-ს ისტორიებში შაკილ ო'ნილზე თუნდაც ერთი ნეგატიური გამოხმაურება არასოდეს მსმენია და არც წამიკითხავს. ის ყველას უყვარს. თუმცა, ამის მიუხედავად, შაკი საკმაოდ რთული ხასიათის თანაგუნდელი იყო. თუ იმას ვერ იღებდა, რაც უნდოდა (საკმარისი ფული და ყურადღება), ყოველთვის მზად იყო, სკანდალი აეტეხა. შაკმა სულ მცირე სამი დიდი გუნდი დაშალა - სკანდალით წავიდა ორლანდოდან, ლეიკერსიდან და მაიამიდან. ორლანდოში მას კონფლიქტი პენი ჰარდევეისთან ჰქონდა, ლეიკერსში კი - კობი ბრაიანტთან. ანუ, იმ ორ მთავარ თანავარსკვლავთან, რომლებიც მისი, როგორც გუნდის პირველი ნომერის სტატუსს საფრთხეს უქმნიდნენ.

სწორედ ამიტომ იყო, რომ როდესაც მან თავისი სამი ყველაზე ვარსკვლავური თანაგუნდელი კორლეონეებს შეადარა - კობი მისთვის (მხოლოდ) სონი კორლეონე იყო, დი-უეიდი (რომელთანაც კონფლიქტი არასოდეს ჰქონია) მაიკლი, პენი ჰარდევეის კი - ფრედოს როლი ხვდა წილად (არ მგონია, პენი ამ შედარებით ბედნიერი იყოს).

შაკმა თავისი მეოთხე ჩემპიონობა მაიამიში მოიპოვა

მაიამიში ის პატ რაილისთან მხოლოდ იმიტომ ომობდა, რომ თავისი სიმკაცრით და დისციპლინით განთქმული რაილი შაკს მაიამის ერთ დიდ გასართობ ცენტრად გადაქცევის საშუალებას არ აძლევდა. შემდეგ არარსებული ტრავმა მოიმიზეზა, თამაშზე საერთოდ უარი თქვა და რაილი აიძულა, რომ იგი გაეცვალა.

ამის მიუხედავად ვერავინ უარყოფს, რომ თითქმის 10 წლის განმავლობაში შაკი ლიგაში ყველაზე სრულყოფილი იარაღი იყო - მიეცით ბურთი ო'ნილს სამწამიანში და ორი ქულა გარანტირებულია. 2000-2002 წლებში მისი თამაში პლეიოფში ყველა დროის უდიდესი საკალათბურთო წარმოდგენების რიცხვშია.

ნებისმიერი გუნდი შაკთან ერთად ჩემპიონობის კანდიდატი იყო, მისი წასვლის შემდეგ კი თითოეული გუნდი საჩემპიონო რბოლას, ფაქტობრივად, ეთიშებოდა.

როგორ ითამაშებდა დღეს

თუ კალათბურთის ყურება ბოლო 10 წელია, რაც დაიწყეთ, აზრი არ აქვს, ვერ აგიხსნით, რამდენად დომინანტური ცენტრი იყო შაკი - ამ ტიპის მოთამაშეები დღევანდელ კალათბურთში უბრალოდ აღარ არსებობენ.

არცერთ სეზონში მას თავისი სროლების 55 პროცენტზე ნაკლები არ გამოუყენებია და 10 სეზონის მანძილზე ცდებოდა ზუსტი სროლების 60-პროცენტიან მაჩვენებელს. შედარებისთვის: ლებრონს და იანისს, თანამედროვეობის ორი უდიდეს მოთამაშეს, რომლებსაც ძალიან უყვართ და ეხერხებათ სამწამიანიდან შეტევა, ერთად 28 სეზონი აქვთ ლიგაში გატარებული და ორივემ ერთად მხოლოდ ხუთჯერ მოახერხა 55 პროცენტზე მეტი სიზუსტით ესროლა, 60-პროცენტიან მაჩვენებელს კი არცერთი არ მიახლოებია.

შაკის და კობის ლეიკერსი ისტორიული მნიშვნელობის გუნდი იყო

არ დაგავიწყდეთ, რომ შაკი ამ შედეგებს ბევრად უფრო რთულ პერიოდში აჩვენებდა, როდესაც ბევრად უფრო ხისტად თამაშობდნენ, დაცვას მეტ ყურადღებას აქცევდნენ და მის წინააღმდეგ ისეთ ცენტრებს უწევდათ თამაში, როგორებიც პატრიკ იუინგი, ‘ადმირალ’ რობინსონი, ბენ უოლასი, ჰაკიმ ოლაჯუონი და ვლადე დივაცი იყვნენ. დღეს რომ შაკს ეთამაშა იმ NBA-ში, რომელშიც ცენტრის პოზიციაზე კონკურენცია ფაქტობრივად არ არის, თამაშში სტაბილურად ჩააგდებდა სულ მცირე 35 ქულას მაინც. მას უბრალოდ ხელსაც ვერავინ ვერ შეუშლიდა.

ის უბრალოდ შეცვლიდა თანამედროვე თამაშს, რადგან იქნებოდა იმ ტიპის ცენტრი, რომელზეც გუნდი მთელ თამაშს აწყობდა. მის საუკეთესო წლებში შაკს გამოყენების, ანუ თამაშში ჩართულობის ინდექსი 30 პროცენტზე მეტი ჰქონდა - ასეთი მაჩვენებელი, ჩვეულებრივ, გუნდის ლიდერებს, ლებრონს, ჯეიმს ჰარდენს, იანისს, ანუ იმ ტიპის მოთამაშეებს აქვთ, რომლებიც გუნდის თამაშს უძღვებიან. შაკთან ერთად თანამედროვე კალათბურთში მივიღებდით ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს, რომელიც თამაშს ცენტრზე ააგებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1993-2003 წლებში მას თამაშში 18 სროლა მაინც ჰქონდა, თუმცა არასოდეს ჰქონია 3 დაკარგვაზე მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ შაკს გუნდის თამაში შეტევაში მიჰყავდა, თუმცა ბურთს იშვიათად კარგავდა.

თუმცა, შაკის თამაშში მაინც არის ერთი სუსტი წერტილი, რომელიც ადრეც იცოდნენ და დღეს კიდევ უფრო მეტად გამოიყენებდნენ. უჯარიმოდ მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ზედიზედ 10 სეზონის მანძილზე შაკი თამაშში 10-ზე მეტ ჯარიმას ისროდა, თუმცა კატასტროფული 52.3 პროცენტით. მისი ჯარიმების სროლის პროცენტი თამაშის ბოლო წუთებში კიდევ უფრო მცირდებოდა, რის გამოც ხშირად მასზე სპეციალურად ჯარიმდებოდნენ. ანუ, უფრო დიდი ალბათობა იყო, რომ ჯარიმას ააცილებდა, ვიდრე თამაშიდან სროლას. ამის გამო ბოლო წუთებში მას ხშირად სკამზე სვამდნენ.

დღეს ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნებოდა - შედეგიანობამ კიდევ უფრო მოიმატა. ადრე შაკის ორიდან 1 ჩაგდებული ჯარიმა შეტევაში 1 ქულას ნიშნავდა, რაც ნორმალური შედეგი იყო, დღეს შეტევაში ერთი ქულა დაბალი შედეგია - ანუ, შაკს ჯარიმების გამო კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდა, განსაკუთრებით ბოლო წუთებში და მწვრთნელებს მისი სათადარიგო სკამზე დასმა უფრო ხშირად მოუწევდათ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც დღეს შაკილ ო'ნილს ექნებოდა: მისი სროლების 53.6 პროცენტი 0-დან 1-მეტრამდე დისტანციიდან სრულდებოდა, ანუ, თავისი სროლების ნახევარზე მეტ შემთხვევაში უბრალოდ ბურთს დებდა კალათში. მისი სროლების კიდევ 40 პროცენტი 1-დან 3-მეტრამდე დისტანციიდან სრულდებოდა. გამოდის, თავისი სროლების თითქმის 95 პროცენტს ახლო მანძილიდან, 3 მეტრამდე დისტანციიდან ასრულებდა. მთელი მისი კარიერის მანძილზე მას ერთი შემთხვევითი სამიანი აქვს ჩაგდებული - არადა, თანამედროვე ცენტრებს დისტანციიდან სროლა, განსაკუთრებით სამქულიანი აუცილებლად მოეთხოვებათ.

ძალიან ათლეტური დუაიტ ჰოვარდი შაკთან შედარებით არცთუ ისე დიდი ჩანს

თანამედროვე კალათბურთში შაკს სროლის გარეშე გაუჭირდებოდა. მის მწვრთნელს შეტევაში თამაში რომც აეწყო სამწამიანში შაკის შეტევაზე, დაცვაში მას სტაბილურად მოუწევდა მასზე მსუბუქ და მოძრავ ცენტრებთან თამაში, რომლებიც პერიმეტრზე გამოდიან და სამიანებს ისვრიან. ანუ, შეტევაში შაკს სამწამიანში ვერავინ გააჩერებდა, თუმცა დაცვაში, ის, რაც მისი ყველაზე ძლიერი მხარეა, სუსტ წერტილად იქცეოდა. გოლდენ სტეიტის ან ბრუკლინის ტიპის გუნდებთან, რომლებშიც ყველა ისვრის, შაკს დაცვა ძალიან გაუჭირდებოდა. სწორედ ესაა მთავარი კითხვა: დღეს, თანამედროვე ერაში, შაკის შეტევა იქნებოდა კი იმდენად ეფექტური, რომ გადაწონიდა დაცვაში მის ნაკლოვანებებს? კარგი მწვრთნელის და სწორი სისტემის შემთხვევაში, რომელიც შაკის ნაკლოვანებებს დაცვაში დამალავდა, ეს ალბათ შეუჩერებელი გუნდი იქნებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ‘დიზელი’ უკვე NBA-ს ლეგენდაა. მასავით დომინანტურად ვერავინ თამაშობდა და მეეჭვება, რომ სხვა მისნაირი კიდევ ვნახოთ. როგორც ზემოთ უკვე გითხარით - კალათბურთის ღმერთები ასეთ ადამიანებს უბრალოდ აღარ ქმნიან.

კომენტარები

ბოლო ამბები