Thumbnail

რუსეთის ეროვნულ ნაკრებში 2 ქართველი მორაგბე გამოიძახეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დათვების' რიგებში ნიკოლაი კაზალიკაშვილსა და ნიკოლოზ ნარმანიას უხმეს
  • რუსებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადება დაიწყეს

რუსეთის სარაგბო ნაკრებმა, რომელსაც სამხრეთაფრიკელი დიკ მუირის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და შეკრებაზე ორ ქართველსაც უხმო.

საუბარია ყაზანური სტრელას წევრ ნიკოლაი კაზალიკაშვილსა და ფრანგული კარკასონის ლეგიონერ ნიკოლოზ ნარმანიაზე. ორივე აღნიშნული მორაგბე ბურჯის პოზიციაზე ირჯება, კაზალიკაშვილი 29 წლისაა, ნარმანია კი – 21-ის.

ნიკოლოზ ნარმანია საქართველოს 18-წლამდე ნაკრების რიგებში

“დათვების” რიგებში უფრო გასაკვირი ამ უკანასკნელის გამოჩენაა. ნარმანია 2019-2020 წლების სეზონში არმაზში თამაშობდა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიც იყო, ფრანგულ კლუბში კი უკვე მე-3 წელია ირიცხება.

საინტერესოა, რომ რუსეთის ნაკრებში უხმეს მოლდოველ მაკსიმ გარგალიკსა და ყაზახ ანტონ მაკარენკოსაც, უახლოეს ხანებში კი, გუნდში მოლდოვას ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ყოფილი წევრის – ვიკტორ არხიპის გამოძახებაც იგეგმება.

ეს მსოფლიო რაგბის მიერ შემოღებული ახალი წესის გამოძახილია, რომლის თანახმადაც მორაგბეებს უფლება ეძლევათ ეროვნული ნაკრები გამოიცვალონ, თუკი “ახალ სამშობლოსთან” გარკვეული კავშირი გააჩნიათ (თუნდაც ბებია-ბაბუის დონეზე), ამასთან კი, სანაკრებო დონეზე 36 თვეა არ უთამაშიათ.

რუსებს ახალი წესი ძალიან უნდა გამოადგეთ, რადგანაც მიზნად პოსტ-საბჭოეთის წარმომადგენელი არაერთი მორაგბის დამატება აქვთ დაგეგმილი. მოგეხსენებათ, მთელ რიგ მოთამაშეებს დაბადების ადგილად საბჭოთა კავშირი აქვთ მითითებული, მის სამართალმემკვიდრედ კი რუსეთი მოიაზრება, რაც “დათვებს” დიდ გასაქანს აძლევს.

ამჟამად, რუსეთის ნაკრები თურქეთში იმყოფება და იქ ემზადება რაგბი ევროპის ჩემპიიონატის 2022 წლის სეზონის სასტარტო შეხვედრისთვის. “დათვები” შეკრებაზე 3 თებერვლამდე დარჩებიან, შემდეგ კი გეზს ბუქარესტისკენ აიღებენ, სადაც 5-ში რუმინეთის ეროვნულ გუნდთან შერკინება ელით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ტურის მატჩს 6 თებერვალს, შინ, პორტუგალიასთან ჩაატარებს. ვთქვათ ისიც, რომ ბორჯღალოსნები რუსებს 27 თებერვალს თბილისში მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები