Thumbnail

ბრიტანული მედია: მაკანს უშვებენ და ჰალში შოთა არველაძე დაინიშნება

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ორი გამოცემა ვარაუდობს, რომ ქართველი ჰალში ხვალ დაინიშნება
  • შოთამ კლუბის მფლობელთან რამდენიმე ტრანსფერი უკვე შეათანხმა

ბრიტანული გამოცემების მიხედვით, ჰალ სიტის ახალი მფლობელი აჯუნ ილიჯალი პირველ საკადრო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს და გუნდის მთავარი მწვრთნელი პოზიციიდან გრანტ მაკანს გაათავისუფლებს.

Hull Daily Mail -ის ცნობით, ჩრდილოირლანდიელს უკვე აცნობეს, რომ ორშაბათს მას კონტრაქტი გაუწყდება, მის ადგილს კი, როგორც აქამდე ცნობილი იყო, 48 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე დაიკავებს. გამოცემა შოთის დანიშვნას ხვალ, 25 იანვარს ვარაუდობს.

მეორე ბრიტანული გამოცემა Football League World წერს, რომ მაკანის გუნდიდან გაშვება სარისკო გადაწყვეტილება ჩანს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორ ტურში ჩემპიონშიფის მეორე და მესამეადგილოსნებს მოუგო. წყარო აღნიშნავს, რომ ილიჯალის პოზიციაც გასაგებია - ახალი მფლობელი კლუბში ახალი გეგმით მოვიდა და მაკანთან მიმართებით პირველი წარუმატებლობის ლოდინი არასწორი იქნებოდა. ავტორი აღნიშნავს, რომ თუ შოთა არველაძე მივა გუნდში, ახალმა მფლობელმა სატრანსფერო ბაზარზე უნდა იაქტიუროს, თორემ ჰალის ფორმიდან გამომდინარე, ილიჯალი ძალიან რისკავს და მას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს.

აქტიურობა თურქ მილიონერს უკვე დაწყებული აქვს - შოთასთან ერთად გუნდში ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან. პირველი შენაძენი ფატიჰ კარაგუმრუკის სერბი ფორვარდი ალეკსანდარ პერშიჩი იქნება, რომელიც თურქეთის სუპერლიგის ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას. ასევე, ჩრდილოინგლისურ კლუბს 5 მილიონ ფუნტად ფენერბაჰჩედან ლუგანსკის ზორიაში განათხოვრებული 20 წლის ირანელი ფორვარდი ალაჰიარ საიადმანეში შეუერთდება.

კომენტარები

ბოლო ამბები