Thumbnail

სავაჭრო პორტი, მემარცხენე პოლიტიკით - ყველაფერი, რაც ჰალის შესახებ უნდა ვიცოდეთ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • უკვე ოფიციალურად: შოთა არველაძე ჰალ სიტის ახალი მთავარი მწვრთნელია
  • როგორი ქალაქია კინგსტონ აპონ ჰალი და როგორი კლუბი ჰყავთ იორკშირელებს

მაშ ასე: როგორც მოსალოდნელი იყო, ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძე დაინიშნა. ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ლიგაში მოთამაშე კლუბი ქართველ სპეციალისტს ჩააბარეს.

ჰალი აღმოსავლეთ იორკშირის კლუბია, რომელიც დღეს ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში - ჩემპიონშიფში თამაშობს. კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ბოლო 20 წელიწადს უკავშირდება, როდესაც ჰალმა არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივზიონში დაწინაურება, სადაც 2008-2017 წლებში, ჯამში 5 სეზონი ითამაშა.

როგორი ქალაქია 'კინგსტონ აპონ ჰალი', როგორი ხალხი ცხოვრობს და როგორი კლუბი ჰყავთ, ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილოთ.

სად არის ჰალი და როგორი ხალხი ცხოვრობს

ჰალი მეთორმეტე საუკუნეში, მოქსის სააბატოს ბერების მიერაა დაარსებული - როგორც სავაჭრო პორტი, რომლის მეშვეობითაც ბერები საკუთარი წარმოების მატყლით ვაჭრობდნენ. სავაჭრო „ჰაბის“ ფუნქციას ქალაქი დღემდე ინარჩუნებს და ჩრდილოეთის ზღვის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია.

კინგსტონ აპონ ჰალს ოქროს ეპოქა მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა, როდესაც სამხედრო მომარაგების და ვეშაპსაჭერი საზღვაოსნო ექსპედიციების გამო ჰალს იმპერიის გამართულად ფუნქციონირების საქმეში დიდი როლი ეკავა.

პოლიტიკურად, ჰალი, როგორც ჩრდილოეთის ინდუსტრიული ქალაქების უმეტესობა - მემარცხენეა. ქალაქი 1935 წლიდან ლეიბორისტების ხელშია და ქვეყნის პარლამენტში სწორედ ამ პარტიის წევრებით არის წარმოდგენილი.

ქალაქის ერთ-ერთი სახელოვანი მკვიდრი, ბრიტანელი პოლიტიკოსი, ფილანთროპი და მონებით ვაჭრობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ლიდერი - უილიამ უილბერფორსი (1759-1833) გახლდათ. ბრიტანელი აბოლიციონისტების ერთ-ერთი ლიდერი 20 წელი იბრძოდა პარლამენტში მონებით ვაჭრობის წინააღმდეგ და 1807 წლის აქტით მიზანს მიაღწია კიდეც - ამ წელს მონებით ვაჭრობა მთელი იმპერიის მასშტაბით აიკრძალა.

კლუბის დაარსება და ფილ ბრაუნის ეპოქა

ფეხბურთის გარდა, ჰალი დიდი სარაგბო ტრადიციების ქალაქია, სადაც რაგბის ლიგის გუნდი - ჰალი თამაშობს. ფეხბურთის კლუბი, ინგლისური გუნდების დაარსების თარიღების კვალობაზე, ოდნავ გვიან, 1904 წელს დაარსდა და 1904-2008 წლებში ძირითადად ქვეყნის ქვედა ლიგებში ხეტიალით იყო დაკავებული.

2008 წელს ჰალის გარშემო ნამდვილი გარღვევა მოხდა. ახალი დირექტორის - პოლ დაფენის და ახალი მწვრთნელის - ფილ ბრაუნის ახალი მუხტით, ჰალმა ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში გააღწია, სადაც 'უემბლიზე' ბრისტოლ სიტის სძლია და ისტორიაში პირველად, ინგლისის უმაღლეს დივიზიონში - პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა!

აღსანიშნავია ისიც, რომ 'უემბლიზე' ჰალის რიგებიდან, ჰალის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი, 39 წლის ჰალელმა - დინ ვინდასმა გაიტანა, რამაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას კიდევ უფრო მეტი რომანტიზმი შესძინა.

სტივ ბრიუსი და ახლო წარსული

ფილ ბრაუნის სამწვრთნელო დონე პრემიერლიგისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. პირველი სეზონში ჰალმა პრემიერლიგის ინტენსივობას გაუძლო, გადარჩენისთვის ბრძოლის ბოლო დღეს ბრაუნმა იმღერა კიდეც, მაგამ მომდევნო სეზონში გუნდი რელეგაციისგან ვერაფერმა იხსნა.

2009-10 წლების სეზონში, ოქტომბერში, ჰალი პოლ დაფენმა დატოვა და უკვე მარტისთვის, მეგობარი დირექტორის გარეშე დარჩენილი ფილ ბრაუნი გუნდიდან გააგდეს - მაისში ჰალი ჩემპიონშიფს დაუბრუნდა.

დაქვეითებულ კლუბში 2012 წელს ახალი მესია გამოჩნდა - სტივ ბრიუსმა გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნდა და 2014 წელს გუნდი, ისტორიაში პირველად, ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა.

2014-15 წლებში ჰალი ასოციაციის თასის ფინალისტობის გამო ევროპის ლიგაზე მოხვდა, სადაც მესამე რაუნდში სლოვაკური ტრენჩინის დამარცხების შემდეგ, პლეი-ოფში ბელგიურ ლოკრენთან გავარდა.

2015 წლიდან გუნდი პრემიერლიგაში აღარ თამაშობს და 2019-20 წლების სეზონი საერთოდ პირველ ლიგაში (რანგით მესამე დივიზიონი) გაატარა. დღეს ჰალის თამაშებზე საშუალო დასწრება 11 565 მაყურებელია, რაც ჩემპიონშიფის 22 გუნდში მე-19 შედეგია.

ბოლო 4 წელია, ეს მაჩვენებელი 12 000-ს არ აცილებულა, რაც ბრაუნის და ბრიუსის სეზონების საშუალო დასწრებაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

‘თურქი საიმონ კოუელი’ - ახალი კაცი სათავეში

ჰალი ახლა ჩემპიონშიფში გადარჩენისთვის იბრძვის, გუნდის გარშემო უამრავი პრობლემაა და ამ ყველაფრის პარალელეურად, ალამების ოჯახმა ბარგი ჩაალაგა. გუნდს ახალი მეპატრონე ჰყავს, თურქი სატელევიზიო მაგნატი - აჯუნ ილიჯალი, ანუ როგორც უკვე ბრიტანულმა პრესამ შეარქვა - ‘თურქი საიმონ კოუელი’.

რატომ შეადარეს ილიჯალი ბრიტანული X-ფაქტორის ჟიურის წევრს და სატელევიზიო პერსონალიას, ამას ნუ ჩავუღრმავდებით - მთავარია, ახალმა მფლობელმა ჰალის თამაშზე ყოფნის გამოცდილება მიიღო და ადგილობრივ გამოცემასთან გუნდის პრობლემებზეც ისაუბრა.

„ერთი, რასაც ვხედავ, ის არის, რომ სტადიონი ჩემპიონატის მატჩებზე სავსე არ არის...“ - ამბობდა ილიჯალი 'ჰალ ლაივთან' ინტერვიუში, - „გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და მათ გარეშე მაღალ საფეხურზე ვერ გადავინაცვლებთ.“

მაგრამ სანამ დასწრების საკითხი და სხვა არასაფეხბურთო პრობლემები გადაიჭრება, მანამდე ახალი გუნდია ასაწყობი - ჰალი ნორჩი ტრადიციების კლუბია, ახლო წარსულში გამონათებებით და იორკშირის დონეზეც კი არც ისე დიდი. ამიტომ, კარგი გუნდის გარეშე ტრიბუნის მობილიზება არ გამოვა.

ახალი გუნდის შენების საწყის ეტაპზე, ილიჯალიმ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ჩრდილო ირლანდიელი ახალგაზრდა მწვრთნელი - გრანტ მაკანი გაათავისუფლა, რომლისადმი მიძღვნილ განცხადებაშიც საკმაოდ გულახდილი იყო, რის გამოც რეგიონალურ პრესაში მოწონება დიმსახურა.

აჯუნ ილიჯალი ჰალის თამაშზე

აჯუნ ილიჯალი ჰალის თამაშზე

აჯუნ ილიჯალი ჰალის თამაშზე

აჯუნ ილიჯალი ჰალის თამაშზე

აჯუნ ილიჯალი ჰალის თამაშზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები