Thumbnail
  • 'არასწორად მოიქცა, როდესაც თამაშის მერე ლიმას ახსნა-განმარტებები მოსთხოვა'
  • მურსიასთან მატჩის მერე, ქართველ ცენტრს უთანხმოება ბრაზილიელ მეტოქესთან მოუვიდა

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ სტუმრად მურსიასთან 86:88 წააგო, თამაშის შემდეგ კი, მოედანზე მცირე კონფლიქტი წარმოიქმნა, რომელშიც ქართველი ცენტრიც მონაწილეობდა.

როგორც ირკვევა, შერმადინი ურთიერთობის გარკვევას მასპინძელთა ბრაზილიელ ცენტრ აუგუსტო ლიმასთან ცდილობდა, თუმცა, რა გახდა უთანხმოების მიზეზი უცნობია. ქართველი და ბრაზილიელი კალათბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათი გაშველება თანაგუნდელებმა მოახერხეს.

მეტოქეების დაშორიშორებაში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მცველი თად მაკფადენიც იყო ჩართული, რომელიც სწორედ მურსიას წევრია. ასევე შერმადინის გუნდელი მარსელინიო უერტასი, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში ლიმასთან ერთად თამაშობს. აღნიშნულ მომენტთან დაკავშირებით, მატჩის შემდეგ კომენტარი ტენერიფელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გააკეთა:

გიორგი შერმადინი მურსიასთან მატჩში

“ბოდიშს ვიხდი მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო, რადგანაც ამით მურსიელთა საზეიმო განწყობა მცირედით გავაუფერულეთ. ვფიქრობ, შერმადინი არასწორად მოიქცა, როდესაც თამაშის მერე ლიმას ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. გიო შეცდა და ამის გამო, ვწუხვართ”.

და რა ეზეიმებოდა მურსიას ტენერიფელთა ძლევის შემდეგ? საქმე ის გახლავთ, რომ მაკფადენის გუნდმა სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმა და ესპანეთის თასის მონაწილე 8 კლუბს შორის გასვლა დაიბევა, რაც მატჩის მერე ხმაურიანად აღნიშნა. კოპა დელ რეიზე თამაშის შანსს ჯერაც ინარჩუნებს ტენერიფეც, რომელიც 8 მოგებითა და 7 მარცხით მე-9 პოზიცია უკავია, თუმცა, მეტოქეებზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ მურსიასთან მატჩში შერმადინმა მოედანზე 30:14 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა: 10 ქულა, 11 მოხსნა. რაც შეეხება მაკფადენს მისი მონაგარი 11 ქულა იყო. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 27 იანვარს სტუმრად სან პაბლო ბურგოსთან ჩაატრებენ, ერთი დღით ადრე კი, მურსია სარაგოსას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები