Thumbnail

ამერიკული გამოცემა: დვალიშვილს სატიტულო ბრძოლამდე 1 მოგება აშორებს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • სტატიის ავტორის აზრით, მერაბ დვალიშვილს 2022 წელს ჩემპიონობის მოპოვება შეუძლია
  • ქართველ მებრძოლს UFC-ში 7 გამარჯვებისაგან შემდგარი სერია აქვს

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა Sportskeeda-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით "5 ბნელი ცხენი, რომელსაც 2022 წელს UFC ქამრის მოპოვება შეუძლია" და ამ ხუთეულში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შეიყვანა. 

"ეჭვგარეშეა, UFC-ის მსუბუქი წონა (bantamweight) პრომოუშენში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული დივიზიონია. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბევრი მებრძოლია, რომელთაც რეალურად შეუძლიათ საჩემპიონო ბრძოლის მიღება. წლის პირველი ბრძოლა დივიზიონის ქამრისთვის გაიმართება - ამჟამინდელი ჩემპიონი ალჯამაინ სტერლინგი პიოტრ იანს დაუპირისპირდება. ეს 2021 წელს გამართული დაპირისპირების მეორე რაუნდი იქნება, პირველში “ალჯომ” იანის დისკვალიფიკაციით მოიგო. ვინ შეიძლება იყოს მომდევნო? ერთი მებრძოლი, რომელსაც ამ წონაში "Dark Horse" შეიძლება ვუწოდოთ, მერაბ დვალიშვილია.

“მანქანად” წოდებული ქართველი მებრძოლი ამჟამად დივიზიონის მე-6 ნომერია. მისთვის 2021 წელმა განსაკუთრებულად ჩაიარა, წელი კი სატიტულო ბრძოლის ყოფილი მონაწილე მარლონ მორაესის დანოკაუტებით დაასრულა. ამ გამარჯვებამ დვალიშვილი 7 მოგებისაგან შემდგარ სერიაზე გაიყვანა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება UFC-ში გამართული საწყისი 2 ბრძოლისაგან. დიახ, მარლონ მორაესი პირველი იყო, ვისაც მერაბმა UFC-ში ნოკაუტით მოუგო. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, მისი მოგებები ნიჭითაა განპირობებული. კოდი სტამანისა და ჯონ დოჯსონის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები უკანასკნელზე არანაკლებ შთამბეჭდავი იყო.


იმის გათვალისწინებით, რომ ქართველსა და ტოპ 2 მებრძოლს შორის 4 მოჩხუბარია, მერაბს საჩემპიონო მატჩისთვის კიდევ ერთი მოგება დასჭირდება. სხვათა შორის, ძალიან მცირე შანსია, ჟოზე ალდომ კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა მიიღოს, რობ ფონტსა და კორი სანდჰაგენს კი უახლოეს წარსულში მხოლოდ წაგებები აქვთ. ეს კი მერაბის გზას უფრო აადვილებს. პიოტრ იანის ან ალჯამაინ სტერლინგის წინ თუ დადგება, მისი კარგი ჭიდაობით, ბრწყინვალე გრეპლინგითა და დარტყმის ტექნიკის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, ქამრის მოპოვების შანსი აუცილებლად ექნება - შესაძლოა, მცირედი, თუმცა მაინც," - წერს საიტი. 

მერაბმა უკვე განაცხადა, რომ ალჯამაინ სტერლინგთან ბრძოლას არ აპირებს, პიოტრ იანს, კი, ცხადია, ეჩხუბება. სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, შესაძლებელია, დვალიშვილს სატიტულო ბრძოლის მისაღებად 1 კი არა, 2 გამარჯვების მოპოვება დასჭირდეს. რობ ფონტთან და კორი სანდჰაგენთან ჩხუბი ალბათ მაინც მოუწევს, დიდი ალბათობით კი, ვერც ჟოზე ალდოსთან ბრძოლას გაექცევა. ალდოს საჩემპიონო მატჩი UFC-სთვის უფრო მომგებიანი იქნება, მაგრამ თუ მერაბი მასაც დაამარცხებს, ქართველს გზას ვეღარავინ გადაუღობავს, რადგან თი ჯეი დილაშოუ ჯერ ალბათ არ დაბრუნდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები