Thumbnail

ცნობილმა საკალათბურთო ვებ-გვერდმა Eurohoops 12 ევროპელი მოთამაშე ჩამოთვალა, რომელთაც NBA-დან ევროპაში დაბრუნების შემთხვევაში ვარსკვლავური კარიერა ელით და მათ შორის გოგა ბითაძეც შეიყვანა.

“NBA-ში არაერთი ევროპელი კალათბურთელი თამაშობს, რომელთაც თავის გამოჩენის შანსი ხშირად არ ეძლევათ. ზოგს როტაციაში ადგილი მაინც აქვს, ზოგი კი მოედანზე ძალიან იშვიათად გადის. ჩვენ მათგან საუკეთესოები შევარჩიეთ, რომელთა დაბრუნებითაც ევროპული კალათბურთი ძალიან ბევრს მიიღებს და ვფიქრობთ, ეს ამბავი მათ კარიერასაც წაადგება”, - ვკითხულობთ აღნიშნულ საიტზე.

Eurohoops-მა ჩამონათვალში ისააკ ბონგა (ტორონტო), ბობან მარიანოვიჩი (დალასი), ფრანკ ნტილიკინა (დალასი), სვიატოსლავ მიხაილიუკი (ტორონტო), ხუანჩო ერნანგომესი (სან ანტონიო), კევინ პანგოსი (კლივლენდი), ლუკა სამანიჩი (ნიუ იორკი), მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო), სეკუ დუმბია (ლეიკერსი), ტომაშ სატორანსკი (ნიუ ორლეანი) და ტეო მალედონიც (ოკლაჰომა სიტი) შეიყვანა, ბითაძეზე კი შემდეგი დაწერა:

გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის პრიზი დუშან ივკოვიჩისგან აქვს მიღებული

გოგა ბითაძე

ბოლო კლუბი ევროპაში: ბუდუჩნოსტი
კლუბი NBA-ში: ინდიანა
2021-22 წლების სეზონის სტატისტიკა: 27 მატჩი, 10.0 წუთი, 3.9 ქულა, 2.8 მოხსნა

გოგა ბითაძემ ევროლიგის 2018-19 წლების სეზონში თავისი თამაშით ყველა მოაჯადოვა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. მას ჯერაც შეუძლია ნბა-ში სერიოზული კარიერა აიწყოს, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეუძლია, ევროპაშიც დომინანტი იყოს. მტკიცებულება გნებავთ? ნახეთ მისი თამაშები ბუდუჩნოსტში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩებია, ქართველ კალათბურთელს გაზრდილი სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ინდიანა პეისერსს წამყვანი მაღლები მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ჰყავს დაშავებული. თუ რა იქნება მათი დაბრუნების შემდეგ, ძნელი სათქმელია. გოგა ინდიანელთა ღირსებას უკვე მე-3 სეზონია იცავს და როტაციაში სტაბილური ადგილის მოპოვება ჯერაც ვერ მოახერხა.

გოგას ევროპული კარიერა 2016 წელს მეგა ბასკეტში დაიწყო, სადაც მან 3 წელი გაატარა, შემდეგ სერბულვე სმედერევოში იყო განათხოვრებული, ევროპული კალათბურთის ქომაგებმა კი ის უფრო ახლოს მონტენეგროს ბუდუჩნოსტში გაიცნეს, რომლის ღირსებასაც 2018-19 წლებში იცავდა. სწორედ ამ კლუბში ბითაძე ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტულის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები