Thumbnail
  • 'მარკამ' ვალენსიას ქართველ გოლკიპერს სტატია მიუძღვნა
  • ესპანელები წერენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მამარდაშვილი წასვლაზე იფიქრებს

21 წლის გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც წლის ბოლოს ვალენსიამ ოფიციალურად გაუფორმა კონტრაქტი, 22 სექტემბრის შემდეგ კლუბში ერთი წუთითაც კი არ უთამაშია. ამ ხნის განმავლობაში, მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც ამხანაგური მატჩი ინგლისს მოუგო (3:2).

ბოლო დროს გიორგის თითქოს შანსი უნდა მისცემოდა - სევილიასთან დაპირისპირებაში იასპერ სილესენი პირველ ტაიმში დაიმტვრა, მაგრამ ხოსე ბორდალასმა მოედანზე ხაუმე დომენეკი შეიყვანა. მეტიც, ქართველმა მეკარემ სამედიცინო ტესტირება ჩააგდო (ორგანიზმში ცხიმის ნორმა დასაშვებზე მეტი აღმოაჩნდა) და ის ატლეტიკოსთან მატჩისთვის მადრიდში საერთოდ არ წაიყვანეს. 

გიორგის ყველაზე პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ, "მარკამ" სტატია მიუძღვნა - "მამარდაშვილი და მისი სამი თვე ბნელში, გამოსავალი ივნისისთვის". თუმცა, სანამ ამ სტატიას გავეცნობით, ვნახოთ, რას წერს "დიარიო AS" ქართველ გოლკიპერზე:

"გიორგი მამარდაშვილს ნამდვილად არ აქვს წყნარი სეზონი ვალენსიაში. ქართველმა გოლკიპერმა არ იცის, თუ რატომ მოხდა ასე - სეზონის დასაწყისში სენსაციად შერაცხულ ფეხბურთელს, ახლა სათამაშო დრო აღარ ეძლევა. უცნაურია, რომ ამის მიუხედავად, მას კონტრაქტი გაუფორმეს. სევილიასთან მატჩის შემდეგ მისი სიტუაცია კლუბში კარდინალურად შეიცვალა. ყველა შანსი, რაც მას უნდა მისცემოდა, ხაუმე დომენეკს მიეცა. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მამარდაშვილმა ზაფხულში ვალენსიადან წასვლაზეც კი იფიქროს, რადგან მას ეს როლი აშკარად არ აწყობს". 

რას წერს Marca მამარდაშვილზე

"გოლკიპერი, რომელმაც სეზონის დასაწყისში სენსაცია შემოგვთავაზა, სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა, მაგრამ ის, რაც სილესენის ტრავმისას მოხდა, ყველაფერს ცვლის. გიორგისთან დაკავშირებით სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. 20 წლის ასაკში მას ოქროს შანსი ჰქონდა ისეთ ელიტურ კლუბში, როგორიც ვალენსიაა. მან სენსაციური თამაში შემოგვთავაზა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა, რადარებიდან გაქრა. მას კოპა დელ რეიზეც არ მიეცა თამაშის საშუალება.

გიორგის ვალენსიაში 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია

ქართველისთვის უკვე სამი თვეა, რაც ბნელი ხანა გრძელდება. "მარკა" ფლობს ინფორმაციას, რომ მამარდაშვილი გაკვირვებულია და მისი გარემოცვაც შეშფოთებულია განვითარებული მოვლენების გამო. რა თქმა უნდა, არც თავად მას და არც მის გარემოცვას არ შეეძლო თავიდან იმის წარმოდგენა, რა სიტუაციაში მოხვდებოდა იგი, როცა ვალენსიას სარეზერვო გუნდის მეკარედ მიჰყავდა. ეს იყო სუპერწარმატებული დასაწყისი. და რაც ამის შემდეგ მოხდა, სახეში გალაწუნებას ჰგავდა, რაც არცთუ იოლი "მოსანელებელია". რა თქმა უნდა, მან კარგად იცის, თუ რატომ მოუწია სათადარიგოთა სკამზე გადასვლა, სასწავლებელი კიდევ ბევრი აქვს, მაგრამ იყო იმედი, რომ ბორდალასი სათასო მატჩებში მაინც ათამაშებდა. 

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში - 6 მატჩი (540 წუთი), 18 სეივი

ფაქტია, რომ იმ შეცდომებმა, რაც მამარდაშვილმა სექტემბერში სევილიასთან დაუშვა, სილესენს კარგი შანსი მისცა - ბორდალასი ნიდერლანდელ მეკარეს ენდობა. ქართველი კი თუნდაც სათასო ბატალიებს უნდა დალოდებოდა, მაგრამ ასეთი რამ სახეში მეორე სილის გაწნას ჰგავს, ის სამჯერ იყო ხაუმეს შემცვლელი თასზე და რა დარჩენოდა, უსიტყვოდ უნდა დალოდებოდა თავის შანსს. დაბოლოს: რაც ატლეტიკოსთან მატჩის წინ მოხდა... თეორიულად ზედმეტი წონის გამო, მორიგი გაფრთხილებაა მწვრთნელის მხრიდან. მოკლედ, მოკლე დროში გიორგიმ ბევრი დარტყმა მიიღო. კეთილი იყოს გიორგი შენი მობრძანება უმაღლეს დონეზე პროფესიული ფეხბურთის მწარე რეალობაში!

მისი მდგომარეობა ახლოსაა გაორებასთან. მან დიდ მატჩებში მიიღო მონაწილეობა, თითქოს დიდი საჩუქარი იყო, მაგრამ ახლანდელი სიტუაცია მას ტკივილს აყენებს. სწავლა კარგია, მაგრამ როცა არ თამაშობ, დინამიკა გაკლდება, ეს კი ცუდია.

სწორედ ამის გამო, ფიქრები წასვლასაც კი უკავშირდება. ის 20-21 წლის ბიჭია, ვისგანაც ნამდვილი მარგალიტი შეიძლება გამოითალოს, მაგრამ თამაშია საჭირო. ეს კარგი იქნება, როგორც მისთვის, ასევე კლუბისთვისაც.

სიტუაცია რთულია ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე, სადაც კვირაღა რჩება და კლუბს არანაირი სურვილი არ აქვს, რამე გადაწყვეტილება მიიღოს მამარდაშვილის თაობაზე, ივნისში კი ყველაფერი შეიცვლება. ამდენ ხანს მოცდა ასეთ სიტუაციაში რთული იქნება, ამ ასაკში სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია და ყველაზე ლოგიკურად ტრანსფერის საკითხი დგება. ამ ასაკში მას თამაში სურს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ - სხვა კლუბში, თუნდაც იჯარით გადასვლაზე იფიქრებს. 

სიმართლეა, რომ ხაუმე დომენეკმა ბორდალასის ნდობა დაიმსახურა. გუნდის ერთ-ერთმა კაპიტანმა სათასო მატჩები ითამაშა, სილესენის ტრავმის მერე კი - ლა ლიგაშიც. ის ატლეტიკოს წინააღმდეგ კარში იდგა, მაგრამ მისი თამაში ეჭვებს უფრო აჩენს. ის არ არის მეკარე, რომელიც გუნდს სტაბილურობას მოუტანს".

📺 | მოგერიება ალავესთან. ვალენსიას თვის 'სეივი'


შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში დინამო თბილისიდან იჯარით გადავიდა, 2021 წლის ბოლოს კი ესპანურმა კლუბმა იგი 850 000 ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. გიორგიმ ლა ლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები