Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. დღეს, ავთანდილ ასათიანის გუნდმა გრონინგენის მარტინი პლაზაში მორიგი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ევროპირველობის სასტარტო შეხვედრაში აზერბაიჯანთან გამარჯვების (3:2) შემდეგ, გუშინ, საქართველოს ნაკრებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა, დღეიდან კი გუნდი სრული დატვირთვით მზადებას განაგრძობს. ხვალ, 25 ნოემბერს, ქართველების ონლაინ პრესკონფერენციაა დაგეგმილი, რასაც მატჩისწინა ვარჯიში მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2022-ის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ. მეორე ტურის მატჩები 26 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთთან 1:5 წააგო. მომავალი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების გოლკიპერმა და ამავდროულად, კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა:

“აზერბაიჯანმა ჩვენთან მეორე ნომრად დაიწყო თამაში. მიუხედავად ამისა, გაუმართლათ, ორივე მომენტი გამოიყენეს და დაცვაზე გადაეწყვნენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამჯერ მეტი დარტყმა გვქონდა კარში. ბევრი მომენტი შევქმენით და ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს. ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაარჩევ მოწინააღმდეგეს მოკლე დროში. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხშირად 5/4-ზე თამაშობს. ძალიან სერიოზული გუნდია, თუმცა მოგება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

ავთანდილ ასათიანის გუნდს სრულფასოვანი ვარჯიში ჰქონდა
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფუტსალის ნაკრები

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი).
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები