Thumbnail
  • აფრიკის თასი | კამერუნი 2:1 კომორის კუნძულები
  • კომორის კუნძულების ნაკრებს მეკარე არ ჰყავდა

კომორის კუნძულების ნაკრებმა აფრიკის თასის მერვედფინალში კამერუნის წინააღმდეგ ისე ითამაშა, 90 წუთის განმავლობაში კარს პოზიციით მცველი იცავდა - ჩახერ ალჰადური.

საქმე ისაა, რომ კომორის კუნძულების ნაკრების განაცხადში მყოფი 3 მეკარიდან ორს კორონავირუსი აქვს, ერთიც ტრავმირებულია, რეგლამენტით კი ტურნირის მიმდინარეობისას ახალი ფეხბურთელის გამოძახება აკრძალულია. ამიტომაც, კარში ჩადგომა ცენტრალურ მცველს მოუწია. სხვათა შორის, კუნძულელებმა მთავარი მწვრთნელის გარეშეც ითამაშეს (მასაც კორონავირუსი აქვს).

კამერუნმა, რომელიც ტურნირის მასპინძელია, მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო. 29-ე წუთზე ანგარიში კარლ ტოკო ეკამბიმ გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე ვინსენ აბუბაკარმა სხვაობა გააორმაგა. 81-ე წუთზე იუსუფ მ’ჩანგამამ დაახლოებით 35 მეტრიდან ულამაზესი ჯარიმა გაუტანა ანდრე ონანას და სხვაობა შეამცირა. კომორის კუნძულების ნაკრების სხვა საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და დამარცხდა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ტურნირი თავაწეულმა დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ მე-7 წუთზე ნაჯიმ აბდუს გაძევების შემდეგ კომორის კუნძულები რიცხობრივ უმცირესობაში იყო.

ჩახერ ალჰადურიმ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე კარგად ითამაშა

აღსანიშნავია, რომ კომორის კუნძულების ნაკრებმა აფრიკის თასზე ისტორიაში პირველად ითამაშა, ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა და მერვედფინალშიც პირველად გავიდა. ასე რომ, ისტორია უკვე დაწერა.

კამერუნის ნაკრები 1/4-ფინალში გამბიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც მერვედფინალში გვინეა 1:0 დაამარცხა. ცნობილია კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი: ბურკინა ფასო-ტუნისი, ხოლო ოთხი მერვედფინალური თამაში ჯერაც გასამართია: სენეგალი-კაბო ვერდე, მალი-ეკვატორული გვინეა, კოტ დ'ივუარი-ეგვიპტე და მაროკო-მალავი.

კომენტარები

ბოლო ამბები