Thumbnail

დღეს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ ბოსნიელებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი ივო კრეზო და ფეხბურთელი სრჯან ივანკოვიჩი ესწრებოდნენ.

ივო კრეზო: “ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც ბიჭებმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ გასწიეს. მოტივირებულები არიან და უდიდესი სურვილი აქვთ, აქ კარგ შედეგს მიაღწიონ. სასტარტო შეხვედრამ გარკვეულწილად თვალები აგვიხილა. კარგი მომენტებიც გვქონდა და ცუდიც. შესაბამისად, ეს, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.

საქართველოს ნაკრების თამაში გააანალიზებული გვაქვს და ცხადია, მათი და აზერბაიჯანის მატჩიც ვნახეთ. ძალიან ხარისხიანი ნაკრებია. 0:2-ს აგებდნენ, თუმცა, გარდატეხა შეიტანეს და გამარჯვება იზეიმეს. მათ პატივს ვცემთ, თუმცა, უშანსოდ არც ჩვენ ვართ. მატჩის მნიშვნელობა კარგად გვესმის. მიზანი მოგებაა, რათა მეოთხედფინალში გასვლის შანსი შევინარჩუნოთ.

საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს და მომავალი მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. კოვიდ-ტესტებს ყოველდღე ვიტარებთ და დადებითი შედეგი არავის ჰქონია. ამ მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგანაც ესოდენ მნიშვნელოვან თამაშს საკადრო პრობლემების გარეშე ვხვდებით”.

ბოსნია-ჰერცეგოვინის ფუტსალის ნაკრების ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში

სრჯან ივანკოვიჩი: “საქართველოსთან მატჩის წინ დასასვენებლადა და მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა. პირველ მატჩში, ესპანეთთან, ზედმეტი მორიდებითა და პატივისცემით ვითამაშეთ და ამან კარგი არაფერი მოგვიტანა. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ახლა, გვყავს მეტოქე, რომელსაც გამოცდილება არ აკლია, განსაკუთრებით კარგად კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამოიყურება. ჩვენი მიზანია, მათ რაც შეიძლება გავურთულოთ ბურთის მიტანა ელისანდრომდე, რომელიც საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე სახიფათო მოთამაშეა.

ამავდროულად, დიდი პლიუსია ჩვენს რიგებში ძირითადი მეკარის – დარკო მილანოვიჩის დაბრუნება. უფრო თამამად თამაში შეგვეძლება, ეს კი, ბურთის მეტად კონტროლის საშუალებას მოგვცემს. იმედი მაქვს, ხარისხიანი მატჩი გვექნება და ქულების აღებასაც მოვახერხებთ”.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 3:2 სძლია, ბოსნიელებმა კი აშკარად ფავორიტად შერაცხულ ესპანეთთან 1:5 წააგეს. დღევანდელი თამაში გრონინგენის მარტინი პლაზაში თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებმა, შესაძლოა, მეოთხედფინალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები