Thumbnail

გასაიდუმლოებული საფლავი და სასამართლოები - რა მოხდა კობის სიკვდილის შემდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ზუსტად ორი წლის წინ, კობი ბრაიანტის ტრაგედიამ სპორტის სამყარო შეძრა.

2020 წლის 26 იანვარს, 41 წლის ლეგეგენდარული კალათბურთელი 13 წლის ქალიშვილთან და კიდევ 7 ადამიანთან ერთად კალიფორნიაში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. სპორტის ისტორიაში ამ ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიიდან ზუსტად ორი წელი გავიდა. რა მოხდა იმ დღის შემდეგ - როგორაა კობის ოჯახი, როგორი იყო გამოძიების დასკვნა და რა პროცესებია სასამართლოში.

ბრაიანტის 39 წლის მეუღლე ვანესა ხშირად პოსტავს ინსტაგრამზე კობისა და გარდაცვლილი ქალიშვილის ფოტოებს. ვანესა ცდილობს, 3 შვილთან ერთად ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს. ცოტა ხნის წინ, სათხილამურო კურორტზე იყვნენ.

კობის საფლავის მდებარეობა ისევ გასაიდუმლოებულია. ამ ორი წლის განმავლობაში მისი ფანები ხშირად მიდიან Pacific View Memorial Park-ში, სადაც ლოს ანჯელესის ერთ-ერთი სასაფლაო მდებარეობს. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, კობი და მისი ქალიშვილი სწორედ აქ დაკრძალეს. თუმცა, დაკრძალვა ანონიმური იყო - ზუსტი ადგილი მხოლოდ ოჯახის წევრებმა და კობის უახლოესმა მეგობრებმა იციან. მიუხედავად ამისა, ფანები ხსენებულ სასაფლაოზე მაინც დადიან და იმ ადგილზე, სადაც მათი ინფორმაციით ბრაიანტია დაკრძალული, ყვავილები მიაქვთ.

ფანები ფიქრობენ, რომ კობი ბრაიანტი აქ არის დაკრძალული და ანონიმურ საფლავს ხშირად სტუმრობენ

საინტერესოა, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე ერთი საფლავის ფასი 450 000 დოლარია. ვანესა ბრაიანტის თქმით, ანონიმური საფლავი იმის გამო აირჩია, კობის და ჯანას უკანასკნელი სიმშვიდე ჰქონოდათ. კობის საფლავზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ იმ ადგილიდან ხედი ნიუპორტის სანაპიროზე გადის, სადაც კობი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

რა დაადგინა გამოძიებამ

როგორც გაირკვა, კობი ბრაიანტის, მისი ქალიშვილისა და კიდევ 6 ადამიანის შარშანწინდელი ტრაგედიის მთავარი მიზეზი პილოტის ორიენტაციის დაკარგვა გახდა. ეს ინფორმაცია აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების ბორდმა (NTSB) 2021 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.

“შვეულმფრენის პილოტმა არა ზობაიანმა, რომელიც მომხდარის შედეგად ასევე ტრაგიკულად დაიღუპა, ცუდ ამინდში ღრუბლებში ფრენა გადაწყვიტა და ორიენტაცია მნიშვნელოვნად დაკარგა,” - ეწერა NTSB-ის 1852-გვერდიან დასკვნაში.

შვეულმფრენ Sikorsky S-76-ის ჩამოვარდნამდე, ზობაიანმა რაციაში თქვა, რომ სიმაღლეს კრეფდა და ზემოთ მიიწევდა, სინამდვილეში კი მარცხნივ შეუხვია და სწრაფად წავიდა ქვემოთ. NTSB-ის დასკვნით, ეს დეზორიენტაციისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების წევრების განცხადებით, გამორიცხული არც ისაა, რომ პილოტი ზეწოლას გრძნობდა, რომ კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის კალათბურთის ტურნირზე ჩაყვანა არ დაეგვიანებინა.

სასამართლო პროცესები

2020 წლის თებერვალში ვანესა ბრაიანტმა შვეულმფრენის გამქირავებელ კომპანია Island Express Helicopters-ს სასამართლოში დაუდევრობის გამო უჩივლა. სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი კომპენსაციის სახით ასობით მილიონ დოლარს ითხოვდა - თანხას, რომელსაც კობი მომავალში გამოიმუშავებდა. 2021 წლის ივნისში ვანესა ბრაიანტმა 3 სხვა დაღუპულის ოჯახთან ერთად კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია.

ვანესამ ლოს ანჯელესის შერიფის განყოფილებასაც უჩივლა - პირადი სივრცის ხელყოფისთვის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ პოლიციელებმა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ტრაგედიის ადგილზე ფოტოები გადაიღეს და მერე ბევრ ადამიანს აჩვენეს, ამის უფლება კი არ ჰქონდათ. ამ საქმეს სასამართლო თებერვალში განიხილავს. პირველი განაჩენი უკვე ცნობილია: სხვა დაღუპულთა ოჯახები 2,5 მილიონ დოლარს მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები