Thumbnail
  • სპორტის სასახლის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს
  • საგანგებო შეხვედრაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისში დაგეგმილი ევრობასკეტისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს და მისი გახსნა ზაფხულში, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩისთვის იგეგმება. ამავდროულად, მშენებლობის შესახებ სიახლეები ფიბა-ში უკვე ყოველკვირეულად გაიგზავნება.

ამის შესახებ ცნობილი დღეს საგანგებო შეხვედრაზე გახდა, რომელსაც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძეც ესწრებოდნენ.

ცნობილია, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სრულად დასრულებულია რკინა-ბეტონის და მეტალის კონსტრუქციის სამუშაოები და ამ ეტაპზე მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტარდება, რომელთა ძირითადი ნაწილი დასრულებულია. კომპლექსის მშენებლობის დამთავრება გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც 1 თვის მანძილზე დანადგარების ტესტირების პროცესი განხორციელდება. 

დარბაზში სრულად დასრულებულია რკინა-ბეტონისა და მეტალის კონსტრუქციის სამუშაოები

გადაწყდა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ყოველკვირეულად მოეწყობა და დამკვეთი და მშენებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნება ჩატარებული სამუშაოების ანგარიში და შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი. ამ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსა და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს კი კულტურის სამინისტრო კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელობას ყოველკვირეულად გადაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სწორედ ფიბას სპეციალური დელეგაცია სტუმრობდა პრეზიდენტ ჰამან ნიანგის, გენერალური მდივნის ანდრეას ზაგკლისის, აღმასრულებელი დირექტორის კამილ ნოვაკისა და ფიბა ევროპის პრეზიდენტ თურდაი დემირელის ხელმძღვანელობით. მათ ევრობასკეტის დარბაზის მშენებლობა თავად ინახულეს და არსებული ტემპით უკმაყოფილება არ დაუმალავთ. სამშენებლო პროცესი საგანგებო რეჟიმზე სწორედ ამის შემდეგ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს 1 სექტემბრიდან უმასპინძლებს, თუმცა, ახალ სპორტის სასახლეში პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება 4 ივლისს ჩატარდება. ამ დღეს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით, საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის უძლიერეს ნაკრებს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები