Thumbnail
  • ფაბიო კოენტრაომ ბოლო მატჩი 2021 წელს ჩაატარა და მერე ახალი ცხოვრება დაიწყო
  • მადრიდის რეალის ყოფილმა ვარსკვლავმა ბავშვობის ოცნება აიხდინა

ფაბიო კოენტრაო ალბათ ყველას გახსოვთ - მადრიდის რეალში 2011-2018 წლებში ირიცხებოდა, რამდენიმეჯერ განათხოვრებულიც იყო, თუმცა "ბლანკოსის" რიგებში 106 მატჩის ჩატარება და 8 გოლის გატანა მაინც მოახერხა. თან, გუნდთან ერთად ლა ლიგა (ორჯერ), ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ), ესპანეთის თასი და უეფას სუპერთასიც მოიგო.

2017-18 წლების სეზონში პორტუგალიელი მარცხენა მცველი რეალმა ლისაბონის სპორტინგში გაანათხოვრა. სპორტინგში ჩატარებული არც ისე კარგი სეზონის შემდეგ კი მშობიურ რიუ ავეს მიაშურა, სადაც 2021 წლის მაისში ბოლო მატჩი ჩაატარა. არადა, დღეს მხოლოდ 33 წლისაა...

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთელმა სხვა საქმის ძიება დაიწყო და პოვნაც არ გასჭირვებია. პორტუგალიელმა თევზაობა დაიწყო, ხშირად მთელ დღეს ზღვაში ატარებს. Youtube-ის არხ Empower Brands-თან საუბრისას კოენტრაომ ყველაფერზე გულახდილად ილაპარაკა. 

"ზოგი ფიქრობს, რომ ზღვაში ცხოვრება სამარცხვინოა. არა და ამაში ცუდი არაფერია, ეს ისეთივე სამუშაოა, როგორც ნებისმიერი სხვა. ამას გარდა, ზღვა ძალიან საინტერესოა, თან ის ჩვენ გვჭირდება." - ამბობს პორტუგალიელი.

და რატომ თევზაობა? პასუხი მარტივია: ფაბიოს მეთევზეობა ბავშვობიდან სურდა, მაგრამ ფეხბურთი ძალიან კარგად გამოსდიოდა, ახლა კი პატარაობის ოცნებას დაუბრუნდა. ასეთი ოცნება მამის გამო ჰქონდა, რომელიც მეთევზე გახლდათ და სამუშაოდ კანადაში დადიოდა. დედა საკონსერვო ფაბრიკაში მუშაობდა (ფაბიო 14 წლის იყო, როცა მშობლები საფრანგეთში გადავიდნენ, ის კი პორტუგალიაში, ფეხბურთის გამო, დეიდასთან დარჩა). 

“თევზაობასთან დაკავშირებული ბავშვობიდან ვარ. მამას ნავი ჰყავდა და მასთან ერთად სათევზაოდ ზღვაში ხშირად გავდიოდი. ეს ძალიან მომწონდა. როცა თავისუფალი დრო ან შვებულება მქონდა, ყოველთვის აქ ჩამოვდიოდი. ჩემი ცხოვრება ზღვაში იყო: მხოლოდ ზღვა და თევზი არსებობდა. ცხადია, მესმოდა, რომ ერთ დღესაც ფეხბურთი დასრულდებოდა და ცხოვრებაში სიახლის პოვნა მომიწევდა. ისიც ვიცოდი, რომ ამგვარ ცხოვრებას ჩემთვის ბედნიერების მოტანა შეეძლო.” - ესეც პორტუგალიელის სიტყვებია.

ფაბიუ კაშინასში დაიბადა და გაიზარდა - ეს პორტუსთან მდებარე ქალაქ ვილა დუ კუნდეს ერთ-ერთი რაიონია. იქ მცხოვრებ ხალხს თევზაობასთან მაქსიმალურად ახლო კავშირი აქვს: პატარა ნავებით სათევზაოდ ოკეანეში ისევ შედიან და არსებობისთვის თანხას ასე შოულობენ. სხვათა შორის, აქვე დაიბადა კიდევ ერთი ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ელდერ პოშტიგაც. 

"ფაბიოს მამამ მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა. მას თევზი კანადაში გადაჰქონდა, ამ ქვეყნის სამხედრო ძალებს ამარაგებდა. მე საკონსერვო ფაბრიკაში ვმუშაობდი. ფაბიოს ბერნარდინუსთან (მამა) ერთად ნავით სეირნობა უყვარდა. ზოგჯერ მამაზე უფრო მეტ თევზსაც იჭედა - მამაზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ზღვას მიუძღვნა," - იხსენებს კოენტრაოს დედა ჟოზეფინა.

ისე კი, ფაბიო ოჯახის დასახმარებლად ბავშვობიდან მუშაობდა. 13 წლიდან მღებავი და მცხობელი იყო და პირველი ხელფასით მთელ ოჯახს სადილი უყიდა. ახლა კი მისი გატაცება ხალხსაც ეხმარება - კოენტრაო ყვება, თუ როგორ გადაარჩინა სიკვდილს 15 მეთევზე მისმა გემმა. ცხადია, მისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახლა რამდენიმე თევზმჭერი გემი ჰყავს. 

სადღესასწაულო დღეებსაც ოჯახი პოვეიროების (ასე ეძახდნენ მეთევზეებს, რომლებიც პატარა ნავებით თევზაობდნენ) ტრადიციით ხვდება. საშობაო სადილი იატაკზე გააწყვეს და ის მაქსიმალურად ტრადიციული იყო. მაგიდაზე (უფრო სწორად, იატაკზე) გამომცხვარი თევზის კერძი იყო - მეთევზეებისთვის ეს სადღესასწაულო დღეებში აუცილებელი საჭმელია. 

მოკლედ, მილიონერი ექს-ფეხბურთელის ახალი ცხოვრება ასეთია…

კომენტარები

ბოლო ამბები