Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს 2:1 მოუგო, რის შედეგადაც 6 ქულა დააგროვა, ჯგუფში გალიდერდა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორი ქამბექი ქართული ხასიათის დამსახურებაა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"ორივე თამაში შემოვატრიალეთ და ეს ქართული ხასიათია. სულ გვჯერა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება და მაგალითად, ადრე რუმინეთის ნაკრებთან 0:3-ს ვაგებდით, მაგრამ თამაში შემოვატრიალეთ. ამიტომაც, მაშინაც კი, როცა ვმარცხდებით, გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია.

არ ვიცი, ბოსნიელების მატჩის წინ რა ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ ჩანდა, რომ ელისანდროზე დიდი აქცენტი ჰქონდათ გადატანილი. მან ტრავმა მალე მიიღო და დარწმუნებული ვარ, თავის საქმეს მაინც გააკეთებდა, თუმცა როდესაც ის გამოგვაკლდა, გარკვეულწილად სხვა სქემაზე გადავედით და ფაქტია, რომ ამან გაამართლა და ძალიან კარგია, რომ ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული.

ბოსნია ძალიან კარგი გუნდია და ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ 3 ქულა მოვიპოვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ელისანდროს ტრავმა, სასტუმროში რომ მივალთ, ექიმები გვეტყვიან, როგორ მდგომარეობაშია. ესპანეთთან მატჩზე ჯერ არ დაგვიწყია მუშაობა, რადგან მთლიანად ბოსნიასთან თამაშზე ვიყავით კონცენტრირებული, ხვალიდან კი უკვე ესპანეთთან თამაშისთვის მზადებას დავიწყებთ", - თქვა ასათიანმა.

საქართველომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ორი თამაში მოიგო, რაც 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2 ტურში 6 ქულა აქვს და D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ამგვარად, 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოლო ტურის მატჩს 29 იანვარს, ესპანეთთან ჩაატარებს, რომელთანაც ფრეც დააკმაყოფილებს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, ხოლო მარცხის შემთხვევაში მეოთხედფინალში მე-2 ადგილით გავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ნაკრებია 2010 წლის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საწყისი 2 თამაში მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები