Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 მოუგო, რის შედეგადაც 6 ქულა დააგროვა, ჯგუფში გალიდერდა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ არცერთი მეტოქის არ ეშინიათ და მოედანზე ყველა თამაშში მოსაგებად გადიან.

"დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოსნიელები ვიზუალურად კარგ ფეხბურთს არ თამაშობენ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერები არიან, შედეგზე აქცენტს აკეთებენ. ჩვენთვის სიურპრიზი არაფერი იყო. რასაც თამაშამდე ველოდით, ზუსტად ის გააკეთეს, უბრალოდ, უფრო ძლიერი გუნდი ყოფილა, ვიდრე ველოდი. ბოსნიელთა მეკარეს ალბათ ჩემი ეშინოდა, ორი გოლი მაქვს მისთვის სარაევოში გატანილი, როცა შეტევაში ერთვებოდა და შეუძლებელია ამის შესახებ არ ეფიქრა. ამიტომაც, კარში ისე თამამად ვერ ურტყამდა.

მებრძოლი გუნდი ვართ, ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და გულშემატკივარმაც ამიტომ შეგვიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბრაზილიელი გვყავს, ქართველებს მოგვყვებიან ისინი, პირიქით არ არის. არავის არ გვეშინია, მითუმეტეს ახლა, ორი მოგების შემდეგ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ესპანეთში ჩემპიონთა ლიგა მაქვს მოგებული, ბარსელონასთან მითამაშია და ესპანეთის ნაკრებს ვიცნობთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე შესარჩევ ეტაპზეც 3:2 ბოლო წუთებზე მოგვიგეს. ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ, ჩვენზე მაგარი გუნდი აქ არ მეგულება, დანარჩენი უკვე მოედანზე გამოჩნდება. ორმა თამაშმა აჩვენა, რომ მაგრები ვართ და ვიგებთ, ასე გავაგრძელებთ", - თქვა კუპატაძემ.

კუპატაძე მოედანზე გამორჩეული იყო და საქართველოს ნაკრები არაერთხელ გადაარჩინა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2 ტურში 6 ქულა აქვს და D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ამგვარად, 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოლო ტურის მატჩს 29 იანვარს, ესპანეთთან ჩაატარებს, რომელთანაც ფრეც დააკმაყოფილებს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, ხოლო მარცხის შემთხვევაში მეოთხედფინალში მე-2 ადგილით გავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ნაკრებია 2010 წლის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საწყისი 2 თამაში მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები