Thumbnail

'საუკეთესო თამაშს ვაჩვენებ' - გოლების ავტორები ბოსნიასთან მოგებაზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც გრონინგენი მასპინძლობს, მეორე შეხვედრაც მოიგო და 6 ქულით 1/4-ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოსაა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა D ჯგუფში აზერბიაჯანის დამარცხების (3:2) შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინასაც აჯობა (2:1) და თუკი დღის მეორე თამაშში ჯგუფის ფავორიტი ესპანეთი არ წააგებს, მასთან ერთად ევრო 2022-ის პლეი ოფი საქართველოსაც განაღდებული ექნება...

მატჩის დასრულების შემდეგ, უეფას ვებგვერდმა საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლის ავტორთა კომენტარები გამოაქვეყნა. თალესმა და პრუნო პეტრიმ აღნიშნეს, რომ ძალიან ბედნიერები არიან.

თალესი: მეორე გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ აქ მოსახვედრად. სიტყვებს ვერ ვპოულობ. ყოველთვის როცა ვსაუბრობ, ჩემი მეუღლე მეუბნება ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებ. მე ვფიქრობ, რომ აქ ბევრს ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიღებ.

ბრუნო პეტრი: ძალიან დიდი ბედნიერებაა ამ ტურნირზე საქართველოსთვის გოლის გატანა, რომლითაც შეიძლება მეოთხედფინალში გავიდეთ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა ჩვენთვის. ბოსნია კარგი ნაკრებია, რომელიც მეკარეს კარგად იყენებდა. პირველ ტაიმში მარცხის შემდეგ, დაბრუნება მოვახერხეთ. ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებისთვის ასე ვიბრძოლეთ.

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი (3 ქულა) და აზერბაიჯანი (0) ეთამაშებიან, მოგვიანებით დაიწყება. თუკი ესპანეთი არ წააგებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, პლეი ოფს ავთანდილ ასათიანის გუნდიც გაინაღდებს. ასეთ შემთხვევაში, საქართველო და ესპანეთი ბოლო ტურში, 29 იანვარს, მხოლოდ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილების გასანაწილებლად ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები