Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ შარლოტ ჰორნეთსთან კატასტროფული საშინაო მარცხი (126:158) შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი წარუმატებლობა მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს. გოგამ კომენტარი ინდიანაში გამართული მატჩის მერე, პრესკონფერენციაზე გააკეთა:

“ასეთი რამ ხდება, უბრალოდ უფრო ხისტად უნდა ვითამაშოთ, მაგალითად, ისევე, როგორც დასავლეთ სანაპიროზე საგარეო ტურნეს დროს ვაკეთებდით. ძალიან მძიმე მარცხი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ასეთ თამაშებს მალე ივიწყებ. უბრალოდ, ამგვარმა წაგებებმა მეტი მოტივაცია უნდა მოგვცეს”.

შეგახსენებთ, რომ პეისერსმა ჰორნეთსთან შეხვედრის მე-2 ტაიმში 87 ქულა მიიღო, სულ კი, მასპინძლებმა 158 ქულა გაუშვეს და ეს, ინდიანას ისტორიაში უარესი მაჩვენებელია. თავად ბითაძემ 18:40 წუთში 17 ქულა ჩააგდო და კარიერის რეკორდი გაიმეორა. უდავოა, რომ გოგას უკეთესი მონაგარი ექნებოდა, პეისერსის მთავარ მწვრთნელს ის ბოლო მეოთხედშიც რომ დაეტვირთა.

49 მატჩის შემდეგ, 17 გამარჯვებით და 32 მარცხით პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ზედიზედ სამი წაგების შემდეგ გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, ოკლაჰომასთან გამართავს და მოსალოდნელია, რომ ბითაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იქნება, რაც მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის ტრავმებით არის გამოწვეული.

კომენტარები

ბოლო ამბები