Thumbnail

ინდიანა პეისერსის 22 წლის კალათბურთელი გოგა ბითაძე ბოლო მატჩებია NBA-ში დიდ სათამაშო დროს იღებს და ვერ ვიტყვით, რომ შანსს ვერ იყენებს. ქართველი ცენტრის მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა და ის ამტკიცებს, რომ პეისერსს მასზე აქცენტის გაკეთება თამამად შეუძლია. სწორედ ამას ეხება Indysportslegends-ის სტატია, სადაც ბითაძისა და ინდიანას კიდევ ერთი ახალგაზრდა კალათბურთელის აიზია ჯეკსონის პროგრესზეა საუბარი.

“თუკი აქამდე არ იყო საფუძვლიანი მიზეზი, რათა ინდიანას ტერნერისა და საბონისის წყვილზე უარი ეთქვა, გოგა ბითაძისა და აიზია ჯეკსონის ბოლოდროინდელი თამაშების შემხედვარე, მგონი, შეგვიძლია ტურბონისს ხაზი თამამად გადავუსვათ. ორივე ხსენებული კალათბურთელი ახალგაზრდაა და დრაფტის პირველ რაუნდში იქნა არჩეული, თუმცა, დიდი დროის გატარება სათადარიგოთა სკამზე უწევდათ. აი, ბოლო პერიოდში კი გამოჩნდა, რომ ისინი სრულფასოვანი დუბლიორები არიან, როტაციაში ყოფნას იმსახურებენ და ეს კიდევ მინიმუმია.

ლიგაში ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში (არ ვთვლით ლეიკერსთან 3 წუთს) ბითაძის საშუალო მონაგარი 15.0 ქულა, 7.8 მოხსნა და 2.8 პასია. შარლოტთან ბოლო შეხვედრაში გოგამ 17 ქულა ჩააგდო და ამისთვის მხოლოდ 18 წუთი ეყო.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბითაძე თავის საჭიროებას ამტკიცებს. მაგალითად, გასული წლის აპრილში, როდესაც რიგი მიზეზების გამო, რამდენიმე თამაშში ჩვეულზე მეტი სათამაშო დრო მიეცა, 36 წუთზე ასეთ მაჩვენებლებზე გადიოდა: 16.3 ქულა, 9.2 მოხსნა, 3.8 დაფარება.

“გოგა მოედანზე სოლიდურ წუთებს ატარებს. ის თამაშს მუდმივად სწავლობს და კარგი ტემპით ვითარდება”, - განაცხადა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

შეიძლება, ჯერჯერობით, ნაკლებ უნარებს ავლენს აიზია ჯეკსონი, თუმცა, 20 წლის ასაკში ჭკვიანურად ირჯება დაცვაში და ამას მწვრთნელი ყოველთვის აღნიშნავს, ამას გარდა კი, შეტევაში მისი გამოყენებაც შეიძლება. აიზეამ შარლოტთან 17 ქულა ჩააგდო, წინა კვირას კი ერთ თამაშში 15 ქულა და 7 მოხსნაც ჰქონდა. შეიძლება გაკადნიერება და იმის თქმაც, რომ ჯეკსონს მომავალი წლების განმავლობაში ტერნერის შეცვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ინდიანასთვის ტერნერისა და საბონისის უთამაშებლობა კატასტროფად სულაც აღარ მოსჩანს

NBA-ში ტრეიდებისთვის დაწესებულ დედლაინამდე 15 დღე რჩება და მიუხედავად იმისა, რომელიმე მათგანს ახლავე გაცვლიან თუ ზაფხულამდე მოიცდიან, ნათელია, რომ პეისერსში საბონისისა და ტერნერის წყვილის დღეები დათვლილია. მიუხედავად ამისა, შემადგენლობაში ბითაძისა და ჯეკსონის ყოლით, ინდიანას შეუძლია მშვიდად იყოს: გუნდის წინა ხაზს არაფერი ემუქრება. ასე რომ, პეისერსს საშუალება ექნება გაცვლებისგან მიღებული ფული და სარგებელი სხვა სასურველი პოზიციების გაძლიერებისკენ მიმართოს”.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ ხსენებული წყვილის არყოფნის (მიზეზი ტრავმებია) ფონზე პეისერსის სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა (შარლოტთან 17 ქულა მიითვალა) და ეს, მისი კარიერის რეკორდია. ამ მატჩებში მის სტატისტიკურ პროგრესზე სტატიაშიც ნათქვამია და ცხადია, რომ გოგას საშუალო მაჩვენებლები იზრდება სრულიად სეზონშიც. ახლა, ისინი ასე გამოიყურება: 29 მატჩი, 10.7 წუთი, 4.7 ქულა, 3.0 მოხსნა.

49 მატჩის შემდეგ, 17 გამარჯვებით და 32 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ზედიზედ სამი წაგების შემდეგ პეისერსი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, ოკლაჰომასთან გამართავს და მოსალოდნელია, რომ ბითაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იქნება, ეს კი, მისთვის თავის გამოჩენის მორიგი შანსია.

კომენტარები

ბოლო ამბები