Thumbnail

'მოგვეცით კვარა და პლაგიატზე თვალს დავხუჭავთ' - აქსუმ რუბინს უპასუხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ყაზახურმა კლუბმა ყაზანის რუბინი იდეის მოპარვაში დაადანაშაულა
  • აქსუ მზადაა, ამაზე თვალი დახუჭოს, თუ ყაზანელები კვარაცხელიას დაუთმობენ

პლაგიატია თუ დამთხვევა, ამაზეც თქვენ იმსჯელეთ და იმაზეც, რამდენად კარგად იხუმრა ყაზახურმა კლუბმა, ჩვენ ამ ამბავს ყურადღება იმიტომ დავუთმეთ, რომ მასში ხვიჩა კვარაცხელია ფიგურირებს. 

მოკლედ: ყაზანის რუბინმა მოსკოვის ცსკა-დან კონსტანტინ კუჩაევი დაიმატა და ტრანსფერი ორიგინალური პოსტით დაადასტურა. რუსული კლუბის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც სათამაშო აპარატზე ამოდის სხვადასხვა ფეხბურთელების, მათ შორის ალექსეი სუტორმინისა და არტიომ ძიუბას ფოტოები, ბოლოს კი სლოტ-ავტომატზე "მომგებიანი კომბინაცია" ვარდება - კუჩაევის სამი ფოტო.

როგორც გაირკვა, რამდენიმე დღის წინ ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა აქსუმ მთავარი მწვრთნელის, რუსლან კოსტიშინის დანიშვნა სწორედ ასეთივე სტილით გამოაცხადა, როდესაც სათამაშო აპარატზე იურგენ კლოპის, თომას ტუხელის ფოტოები ჩნდებოდა, ბოლოს კი კოსტიშინის სამი ფოტო გამოჩნდა, რაც ნიშნავდა, ახალი მთავარი მწვრთნელი ის იყო.

ყაზახური გუნდის გულშემატკივრებმა რუბინის პოსტი პლაგიატად მიიჩნიეს, ხოლო აქსუმ რუბინს ამის საკომპენსაციოდ ხვიჩა კვარაცხელიას დათმობა მოსთხოვა - რასაკვირველია, ხუმრობით. ფანებმა რუბინის პოსტის კომენტარებში აქსუს ექაუნთი მონიშნეს. მოგვიანებით, კომენტარებში თავად ყაზახური კლუბი გამოჩნდა, რომელმაც კონფლიქტის მოსაგვარებლად ორიგინალური გზა აირჩია: "მოგვეცით კვარა და ჩვენ იდეის პლაგიატზე თვალს დავხუჭავთ". რუბინს არაფერი უპასუხია.

ცხადია, რუბინისა და კვარაცხელიას გეგმებში აქსუში ტრანსფერი ნამდვილად არ შედის. მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს 17 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ყაზანური გუნდი სეზონის მეორე ნაწილისთვის, რომელიც რუსეთში თებერვლის ბოლოს განახლდება, თურქეთში შეკრებაზე ემზადება.

ნაკლები შანსია, მაგრამ თუ მაინც გაგიჩნდათ იმის სურვილი, რომ კლუბების პოსტები შეადაროთ და თქვენი აზრი გქონდეთ, პლაგიატია ეს, თუ დამთხვევა, აი, აქსუს ძველი პოსტიც:

კომენტარები

ბოლო ამბები