Thumbnail

'ყველასთვის მისაბაძი მაგალითი' - ლაზარე კუპატაძე ჯაბა კანკავას დაემშვიდობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

დინამო ბათუმისა და საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 35 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა და ბოლო დრომდე მისი კაპიტანი იყო, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

25 წლის მეკარის თქმით, კანკავა სამაგალითო იყო მისთვის და ნაკრების სხვა ფეხბურთელებისთვის.

"ჯაბა კანკავას 100 ღირსეული მატჩი საქართველოს ნაკრებში. კაპიტანმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ტაშს ვუკრავ მის ღირსეულ გზას, რომელზეც 17 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების მაისურით იარა. მადლობა კაპიტანო, რომ იყავი და კვლავ რჩები ჩემთვის და ბევრისთვის მისაბაძ მაგალითად, ძალიან დიდი სიამაყე იყო შენთან ერთად თითოეული წუთის გატარება გასახდელში, სავარჯიშო მოედანსა თუ სტადიონზე. შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც თავის სათქმელს მოქმედებით აკეთებს. პირადად მე, როცა გიყურებდი, ხმის ამოღების სურვილიც არ მქონდა, შენი ემოცია მუდამ ისე გადმოდიოდა ჩემზე, რომ ყოველთვის მქონდა სურვილი გავსულიყავი სტადიონზე და ვყოფილიყავი ისეთი თავდადებული, როგორიც იყავი 100-ვე მატჩში საქართველოს ნაკრების მაისურის ქვეშ... ჯაბა კანკავამ შექმნა ეპოქა, მადლობა კაპიტანო! 🇬🇪❤️".

ჯაბა კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2004 წელს ჰქონდა. ნახევარმცველმა ეროვნული გუდის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ჯაბამ საკლუბო კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რის შემდეგაც ვლადიკავკაზის ალანიაში, კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და ვალანსიენში ითამაშა. გასული წლის ზაფხულიდან ის ბრატისლავის სლოვანში გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები