Thumbnail

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დააასრულა. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი წლების განმავლობაში ეროვნულ გუნდში ჯაბას თანაგუნდელები იყვნენ.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "დღეს, ჯაბა კანკავამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეროვნული გუნდის კაპიტანს, ნაკრების მაისურით კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება შეეძლო, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც გახლდათ, თუმცა ჯაბას გადაწყვეტილება ასეთია და ვალდებული ვართ, რომ პატივი ვცეთ.

მასთან ერთად ეროვნული გუნდის მაისურით არაერთი მატჩი მითამაშია და ძნელად მახსენდება ფეხბურთელი, რომელიც ასე სწორად მიესადაგებოდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მინდორზე ეროვნული გუნდის მაისურით გასვლა ჰქვია.

ჯაბა კანკავა სამაგალითო იყო ნაკრების თითოეული წევრისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავისი ქცევით და საქმისადმი დამოკიდებულებით, სანაკრებო ფეხბურთის სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა.

შრომა, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა - ამ ღირებულებების მატარებელი ჯაბა, ჩემთვის პირადად, როგორც რიგითი გულშემატკივარისთვის, ყოველთვის დარჩება იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. მადლობა კაპიტანო".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეეზიდენტი): "ჯაბა კანკავას გადაწყვეტილება, ძალიან დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ის ღირსეული კაპიტანი და გამორჩეული ადამიანია. ჯაბა მაგალითია ყველასთვის, თუ რას ნიშნავს ითამაშო შენი ქვეყნის სახელით, შენი ქვეყნის დროშის ქვეშ.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მას კვლავ ეთამაშა ნაკრების მაისურით და ჯერ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება. უდიდესი მადლობა და პატივისცემა მას, იმ თითოეული თამაშისთვის, რაც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების სახელით გამართა. მადლობა, მას როგორც ყოფილ თანაგუნდელს და დიდ პროფესიონალს".

ჯაბა კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2004 წელს, ალბანეთთან მატჩში ჰქონდა, მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით მან 100 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ლევან კობიაშვილთან ერთად კანკავა არის ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს გამართული.

ჯაბას საკლუბო კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ კი ვლადიკავკაზის ალანიაში, კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და ვალანსიენში თამაშობდა, ხოლო გასული წლის ზაფხულიდან ბრატისლავის სლოვანის ღირსებას იცავს.

დღეს, ჯაბა კანკავამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეროვნული გუნდის კაპიტანს, ნაკრების მაისურით კიდევ არაერთი...

Posted by Levan Kobiashvili on ხუთშაბათი, 27 იანვარი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები