Thumbnail

პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შავი ლომი 2022 წელს სამხრეთ აფრიკის ტურნირზე, ქარის თასზეა მიწვეული. ოღონდ, შავი ლომი რანგით მე-2, პირველ დივიზიონში იასპარეზებს. 

სამხრეთ აფრიკის პროვინციათა ჩემპიონატის (ქარის თასი) პრემიერ დივიზიონი უკვე დაიწყო, მასში 7 გუნდი მონაწილეობს. აი, ქვედა დივიზიონთან მიმართებაში კი ბევრი რამ გაურკვეველია. დღეს მას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა - ტურნირზე მიწვეული ნამიბიური ფრენჩაიზი უარს აცხადებს ასპარეზობაზე.

ნამიბიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კორი მენსამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ფრენჩაიზი არ იქნება ქარის თასზე:

"მოლაპარაკებები გქვონდა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან, მაგრამ ჩვენი ყველა ხარჯი თავად უნდა გადაგვეხადა. ასევე უნდა გადაგვეხადა ყველა ხარჯი სტუმარი გუნდებისთის. ეს კი მეტისმეტად ძვირია. 

დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ქარის თასი კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ადგილობრივი, ნამიბიელი მორაგბეების დონის ასამაღლებლად. ძალიან დიდი სხვაობაა დონეებს შორის საერთაშორისო და ადგილობრივ რაგბის შორის. ჩვენს პროფესიონალ ლეგიონერებს გაცილებით მაღალი დონე აქვთ". 

allafrica.com-ის ინფორმაციით, ეს ძალიან ცუდი იქნება ნამიბიის ნაკრებისთვის, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის უნდა მოემზადოს და ქარის თასზე ფრენჩაიზის გამოსვლა შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა. მით უფრო, რომ ნამიბიელთა კონკურენტებმა ზიმბაბველებმა უკვე დაადასტურეს ამ ტურნირზე გამოსვლა. გამოცემას მიაჩნია, რომ ასევე დიდი ალბათობით, ტურნირზე იასპარეზებენ ქართული და კენიური ფრენჩაიზები. 

"შარშან ვითხოვეთ დაშვება და მასპინძლებისგან თანხმობა მივიღეთ. ეს დიდი პატივია, ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ჩავალთ და ბაზას მოვაწყობთ", - განაცხადა ზიმბაბვეს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა აარონ ჯეინმა. რაც შეეხება ნამიბიელებს, ისინი იმედოვნებენ, რომ ქარის თასის მონაწილე რომელიმე გუნდთან ამხანაგურ მატჩს მაინც გამართავენ. 

ასე რომ, ქარის თასის პირველ დივიზიონში მონაწილე სავარაუდო გუნდების სია 11-დან 10-მდე შემცირდა. ტურნირი მარტის ბოლოსკენ აიღებს სტარტს. პირველ ადგილზე გასული სამხრეთაფრიკული გუნდი პრემიერ დივიზიონში გადავა. უცხოურ ფრენჩაიზებს აღზევების სისტემა არ ეხება.    

კომენტარები

ბოლო ამბები