Thumbnail

ერლინგ ჰაალანდის შემდეგ, დუშან ვლაჰოვიჩი ევროპული ფეხბურთის მთავარ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. სერბმა ცენტრფორვარდმა სულ რაღაც ორიოდე წელიწადში გაიარა ფენომენალური გზა სერბეთის ჩემპიონატიდან სერია A-ს ბომბარდირობამდე.

იუვენტუსი ვა-ბანკზე წავიდა და ვლაჰოვიჩისთვის თავისი მასშტაბით ძალიან დიდი თანხა, 75 მილიონ ევრომდე გადაიხადა. ტურინული კლუბისთვის ეს მთელი ორი სატრანსფერო ფანჯრის ბიუჯეტი იყო. რატომ გარისკა იუვემ მაშინ, როდესაც კლუბის მთავარი ამოცანა ხარჯების შემცირება და ფინანსების მოწესრიგებაა?

პრობლემები შეტევაში

ბევრი ანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, რომ იუვენტუსს შეტევაში ძალიან უჭირს. სერია A-ს პირველ 12 გუნდს შორის იუვეზე ნაკლები გოლი მხოლოდ ტორინოს აქვს გატანილი. 23 თამაშში ტურინელებმა 34 გოლი შეაგდეს - 19-ით ნაკლები, ვიდრე ლიდერმა ინტერმა და სამით ნაკლები, ვიდრე მეთორმეტეადგილოსანმა ემპოლიმ.

ამ სეზონში გამოჩნდა, რომ იუვეს შეტევა წინა სეზონებში მხოლოდ კრიშტიანო რონალდოზე იყო დამოკიდებული და ტურინელებს სხვა იდეა, თუ როგორ უნდა შეეტიათ, უბრალოდ არ გააჩნდათ. ალეგრის იუვე უფრო წვალობს, ვიდრე უტევს. იშვიათ ბედნიერ გამონაკლისებად შეიძლება მივიჩნიოთ პაოლო დიბალას და ფედერიკო კიეზას ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გატანილი გოლები. თუმცა კიეზამ მძიმე ტრავმა მიიღო, დიდი ხნით დაისვენებს და დიბალასაც ტრავმები თითქმის ქრონიკულად აწუხებს.

სამაგიეროდ, იუვენტუსის წინა ხაზში სისტემატიურად ჩნდებიან ბერნარდესკი და კულუშევსკი, რომელთა ‘ანგარიშზე’ 1-1 გოლია. 22 თამაშში 5 გოლი აქვს ალვარო მორატას, 17 თამაშში სამჯერ გამოიჩინა თავი მოიზე კინმა. ზოგადად, ამ კლასის ფეხბურთელები იუვენტუსის კალიბრის გუნდში (სულ მცირე ძირითადში მაინც) არ უნდა თამაშობდნენ.

ვლაჰოვიჩით იუვემ შეტევაში პრობლემები უნდა გადაჭრას

დუშან ვლაჰოვიჩს ჩემპიონატის 21 თამაშში 17 გოლი აქვს შეგდებული - ორით ნაკლები, ვიდრე მორატას, დიბალას, კიეზას, კინს, კულუშევსკის და ბერნარდესკის ერთად. მარტივი სტატისტიკა ადასტურებს, რომ იუვენტუსს სასწრაფოდ სჭირდება გოლების გამტანი ფორვარდი. დუშანიც სწორედ ამ საქმის დიდოსტატია - კლასიკური დიდი ფორვარდი, ცხრა ნომერი, რომელიც მზად არის, საჯარიმოს ნებისმიერი წერტილიდან ბურთის მეტოქის კარის მიმართულებით გაუშვას. ფიზიკური მომზადების გარდა მას გოლის ძალიან კარგი ალღო აქვს და ერთნაირად სახიფათოა როგორც ფეხით, ასევე თავით, მეორე სართულზე. 2021 წელს სერბმა 56 თამაშში 41 გოლი შეაგდო - მხოლოდ ორით ნაკლები, ვიდრე ლეო მესიმ და ორით მეტი, ვიდრე მოჰამედ სალაჰმა. თანაც, ეს ფიორენტინასა და სერბეთის ნაკრებში მოახერხა.

იუვე სერიოზულად რისკავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩეს, რაც, სულ მცირე, 80-მილიონიან ზარალს ნიშნავს. უმჯობესია, ეს თანხა ახალი თაობის საუკეთესო ბომბარდირში გადაიხადო, ვიდრე უხეირო გუნდით ლიგის ოთხეულს მიღმა დარჩე და ეს თანხა მაინც დაკარგო. ზოგადად, ამ კლასის ახალგაზრდა ტალანტის შეძენის შანსი ძალიან იშვიათად ჩნდება, მით უმეტეს, პრემიერლიგური და სხვა გრანდების კონკურენციის ფონზე - მათთან შედარებით, სატრანსფერო ამბებში იტალიური კლუბები ფავორიტები არასოდეს არიან.

ალეგრის სტილი

ვლაჰოვიჩი მხოლოდ მეგოლე არ არის. მაგალითად, მაურო იკარდისგან განსხვავებით, რომლის ტურინში შესაძლო გადასვლაზე ბოლო პერიოდში ბევრს წერდნენ, 190 სანტიმეტრის სიმაღლის სერბი ძალიან კარგად იღებს ბურთს კორპუსით, ეხერხება სიღრმიდან წამოსული ვერტიკალური პასების მიღება. ანუ, აკეთებს იმას, რასაც ალეგრი თავისი ფორვარდისგან ითხოვს. იწევს მოედნის სიღრმეში, მეტოქის კარისგან ზურგით იღებს გადაცემას, ეხმარება თავის გუნდს შეტევის დაწყებაში და დაცვიდან შეტევაში გადასვლაში.

თავისი გაბარიტების მიუხედავად, სერბი საკმაოდ სწრაფი და მოძრავია. დარტყმების ზუსტად 25 პროცენტს, ანუ, თამაშში 0.9 დარტყმას ის საჯარიმოს გარედან ასრულებს. ამავე დროს, ვლაჰოვიჩი თამაშში 1.8-ჯერ მიდის დრიბლინგში და მეტოქის მოტყუებაც შეუძლია. ანუ, დუშანი მხოლოდ კლასიკური საჯარიმოს ფორვარდი არ არის, რომელთანაც აუცილებლად ბურთი უნდა მიიტანო, რამეში რომ გამოიყენო.

ალეგრის იუვენტუსს ეს ძალიან დაეხმარება. ამ სეზონში იუვეს ხშირად უწევს მეორე ნომრად თამაში. იმ ნახევარდაცვის ფონზე, რომელიც ტურინელებს ყავთ, სხვა შანსი ალეგრის თითქოს არც აქვს. ვლაჰოვიჩი კი კარგი ოპცია იქნება, გუნდს დაცვიდან ამოსვლაში დაეხმარება. გრძელ, ვერტიკალურ გადაცემებს ის გარანტირებულად უკეთ მიიღებს, ვიდრე კინი და მორატა.

გარდა ამისა, როცა ალეგრის გუნდს უპირატესობა აქვს, შეტევაში რაიმე ხეირიანის მოფიქრება ძალიან უჭირს. კიეზას ტრავმის შემდეგ დიბალას ან კვადრადოს ინდივიდუალური ოსტატობის მეტი მაქსს ხელში არც არაფერი უჭირავს. იუვე კლასიკური 1:0-ის გუნდია. თუ გოლი გაუშვა, თამაშის შემოტრიალება ძალიან უჭირს. ვლაჰოვიჩთან ერთად კი ყოველთვის შეგიძლია, საჯარიმოში ჩააწოდო და მასზე გრძელი გადაცემა გააკეთო. სერბს ამ ტიპის უფანტაზიო შეტევების მომენტებად ქცევა იოლად შეუძლია.

თავისი გაბარიტების ფონზე ვლაჰოვიჩი ძალიან სწრაფი და მოქნილია

ზოგადად, ალეგრის უყვარს ამ ტიპის თავდამსხმელები. მის ხელში ძალიან კარგად თამაშობდნენ მარიო მანჯუკიჩი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და გონსალო იგუაინი (კლასიკური ფორვარდი, თუმცა გაბარიტებით ვლაჰოვიჩისგან განსხვავდება). უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ. იუვენტუსს ამ ტიპის ფორვარდების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს - ეს გუნდი ‘ცრუ ცხრიანით’ ან უფორვარდო ტაქტიკით ალბათ არც წარმოგვიდგენია. ფაბრიციო რავანელი, კრისტიან ვიერი, ალენ ბოკშიჩი, ფილიპო ინძაგი, დავიდ ტრეზეგე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ეს იუვეს დიდი ცენტრფორვარდების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.

შუა სეზონში ტრანსფერი ყოველთვის რთულია, თუმცა ვლაჰოვიჩი სერია A-ს ძალიან კარგად იცნობს და შეგნებულად უნდოდა იტალიაში დარჩენა. იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციის პრობლემა მას არ უნდა ჰქონდეს. სერბები და ზოგადად ბალკანელები, როგორც სათამაშო სტილით, ასევე მენტალიტეტით სერია A-ში იოლად ინტეგრირდებიან და მით უმეტეს კარგად ერგებიან იუვენტუსს, რომელიც, ტრადიციულად, აქცენტს დისციპლინაზე, ორგანიზაციასა და ბრძოლისუნარიანობაზე აკეთებს. იუვენტუსის არ იყოს, ბალკანელებს უყვართ ფეხბურთის ომად ქცევა. ბელგრადული დერბი ცრცვენა ზვეზდა-პარტიზანი (ვლაჰოვიჩის მშობლიური კლუბი) ფეხბურთზე მეტად მართლა ომია.

დუშანს კარგი შანსი აქვს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს

სწორედ ამიტომ, იუვეს აღმოსავლეთევროპელები გუნდში ყოველთვის დიდი სიამოვნებით მიჰყავს და მიჰყავდა. ზემოთ ხსენებული მანჯუკიჩის და ბოკშიჩის გარდა, შავ-თეთრი მაისური ვლადიმირ იუგოვიჩს, პაველ ნედვედს და მირალემ პიანიჩსაც წარმატებით ეცვათ.

ზოგადად, ისტორიულად, იუვენტუსში ყველაზე იოლად ბალკანელები, არგენტინელები და ფრანგები ინტეგრირდებიან. მოკლედ, ვლაჰოვიჩს მენტალურად და სტილურად ტურინში ინტეგრაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. მთელი მისი სატრანსფერო საგა იმას ადასტურებს, რომ ის თავისი ასაკისთვის ძალიან მყარი ფსიქიკის პატრონია, ძალიან ჯიუტი და მასზე ზეწოლას აზრი არ აქვს. პრემიერლიგაში მან ბევრად დიდ ფულზე თქვა უარი იუვეს სასარგებლოდ. თავიდანვე მას მხოლოდ იუვენტუსში თამაში უნდოდა ისე, რომ ტოტენჰემს და არსენალს არც კი მოუსმინა. იუვე მისთვის იდეაფიქსი იყო. ტურინში ის სახლში იქნება.

ასე შეხვდა დუშან ვლაჰოვიჩს ლეონარდო ბონუჩი

ნაბიჯი მომავლისკენ

ვლაჰოვიჩის ტრანსფერი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია ახალი იუვენტუსის შექმნაში. კრიშტიანოს წასვლით ტურინში ერთი დიდი ეტაპი დაასრულა. იუვე ახალი დიდი გუნდის შექმნას შეზღუდული ფინანსებით და ტრადიციული გზებით ეცდება - აქცენტს იტალიურ ბაზარზე გააკეთებს. ამ სტრატეგიის ნაწილია ახალგაზრდა იტალიელების ტურინში თავმოყრა, როგორც ეს ფედერიკო კიეზას და მანუელ ლოკატელის შემთხვევაში მოხდა. ვლაჰოვიჩიც სერია A-ს პროდუქტია, თანაც 21 წლის. იტალიაში და იუვენტუსში ინტეგრაციის პრობლემა რომ არ უნდა ჰქონდეს, ამაზე ზემოთ უკვე გითხარით. ასაკთან ერთად ის მხოლოდ უკეთესი უნდა გახდეს.

ფინანსები და ახალი იუვე

ვლაჰოვიჩის ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ ანიელის გუნდმა მთელი შემდეგი წლის სატრანსფერო ბიუჯეტი უკვე აითვისა. პანდემიის და ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევი გავარდნის გამო იუვემ წინა ორ სეზონში უკვე იზარალა 300 მილიონი. ლოკატელის, კინის და კიეზას ტრანსფერების თანხა ჯერ კიდევ გადასახდელია. ამ ვითარებაში იუვე აუცილებლად ეცდება, რომ ახალი თანხები ტრანსფერებით იშოვოს.

ტურინულ გრანდს სურს გათავისუფლდეს რამდენიმე არასაჭირო ვეტერანისა და ჩავარდნილი, ძვირადღირებული ტრანსფერებისგან. ამ სტრატეგიის მიხედვით, გუნდიდან უახლოეს მომავალში უნდა წავიდნენ - ალექს სანდრო, აარონ რემზი, ადრიან რაბიო, არტური და როდრიგო ბენტანკური. ეს წამსვლელთა სიის მხოლოდ ერთი ნაწილია.

ცვლილებები წინა ხაზშიც იქნება. დეიან კულუშევსკი ალეგრის არ სჭირდება და ტურინელები მისთვის შესაფერისი გუნდის მოძებნას დიდი ხანია ცდილობენ. ფედერიკო ბერნარდესკის კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ხელფასის შემცირებას დათანხდება. კლუბი გარანტირებულად აღარ გამოისყიდის ალვარო მორატას - მორატა სხვებზე უკეთ გამოიყურება, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებული 35 მილიონი აშკარად არ ღირს.

ვლაჰოვიჩის ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება. არადა, ტურინელებს სახელფასო ფონდის შემცირება სურთ. ეს კიდევ უფრო ამცირებს დიბალასთვის ახალი, 10-მილიონიანი კონტრაქტის შეთავაზებას. დიბალა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. არგენტინელი ძალიან კარგია, თუმცა ტრავმები ქრონიკულად აწუხებს და ამიტომ ფორმის პიკში დიდი ხანია არ ყოფილა. იუვეს დიბალას კლასის სჯერა, თუმცა მისი ჯანმრთელობის - არა. გარდა ამისა, როგორც ტურინელი ‘ინსაიდერები’ წერენ, იუვენტუსში დიბალას მონდომების ხარისხით უკმაყოფილოები არიან. ანუ, მის ტრავმებს სათამაშო კონდიციების ნაკლებობით ხსნიან. ისე გამოდის, რომ იუვეს შემტევ ხაზში ხელშეუხებელი მხოლოდ ფედერიკო კიეზაა - ახალი იუვეს წინა ხაზი კიეზა-ვლაჰოვიჩის დუეტის გარშემო უნდა აეწყოს. ისინი ფიორენტინაში ერთად 2 წელი თამაშობდნენ და ერთმანეთს ძალიან კარგად უგებდნენ.

კიეზა და ვლაჰოვიჩი ერთმანეთს ფიორენტინაშიც ძალიან კარგად უგებდნენ

ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები დიდ სატრანსფერო ღირებულებას არ ქმნიან. ეს უფრო სახელფასო ფონდის შემცირების მცდელობაა. ანუ, ტურინელებს კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი დასჭირდებათ ფინანსების წესრიგში მოსაყვანად და სატრანსფერო ბიუჯეტის შესავსებად. ასეთი მატეის დე ლიხტია. ნიდერლანდელი იუვეს თითქმის 90 მილიონი ევრო დაუჯდა და მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონამდე ადის. მას ბევრი მსურველი ჰყავს.

იუვეს დაცვაში დე ლიხტი შეუცვლელი ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, მას დიდი ხელფასი აქვს და კონტრაქტის მხოლოდ ორი წელი დარჩა. იუვე დე ლიხტს ხელფასს არ გაუზრდის და ახალ კონტრაქტსაც არ შესთავაზებს. ალეგრიმ დაცვა კარგად ააწყო - ბოლო 12 თამაშში იუვემ 8-ჯერ გოლი საერთოდ არ გაუშვა. არადა, ტრავმების გამო ხან დე ლიხტი აკლდა, ხან ბონუჩი და ხანაც კიელინი. იუვეს ბონუჩი-კიელინის დუეტის გარდა დანიელე რუგანიც ჰყავს, რომელიც თავის ტურინულ კარიერაში პირველად, საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება.

 მომავალი თანაგუნდელების გარემოცვაში

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი დე ლიხტს დიდ ფულად გაყიდის და მის ნაცვლად დაცვაში უფრო დაბალბიუჯეტიან მოთამაშეს დაიმატებს. საუკეთესო ვარიანტი მილანის ალესიო რომანიოლია, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. დე ლიხტს და რომანიოლის საერთოდ აგენტი ჰყავთ - მინო რაიოლა. რაიოლას თქმით, ნიდერლანდელს წასვლა უნდა. მოკლედ, ტურინში იმედი აქვთ, რომ დე ლიხტს ძვირად გაყიდიან და მის ნაცვლად უფასოდ, ასევე ძალიან მაღალი კლასის რომანიოლი შეუერთდებათ და რაიოლა ამ ბიზნესის გაკეთებაში დაეხმარებათ. რომანიოლი ბევრად ნაკლებ ხელფასსაც იღებს.

ერთი სიტყვით, ვლაჰოვიჩის მისვლით ტურინში დიდი ცვლილებები იწყება - იუვე ფსონს სერბ ბომბარდირზე ჩამოვიდა. დუშანი ახალი იუვეს სახე უნდა გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები