- იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა
- კლუბისა და ფეხბურთელის აგენტების შეხვედრა წარმატებით დასრულდა
- 22 წლის სერბი თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის
მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებული და გადაწყვეტილია - დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსში ითამაშებს.
იუვენტუსმა ფლორენციის ფიორენტინასთან და ფეხბურთელთან შეთანხმებას ჯერ კიდევ 2 დღის წინ მიაღწია, მაგრამ ტრანსფერის საბოლოოდ განსახორციელებლად დუშანის აგენტებთან შეთანხმება იყო საჭირო, რასაც კლუბმა სულ ახლახან მიაღწია.
ისინი ერთმანეთს იტალიაში შეხვდნენ და ყველა დეტალი შეათანხმეს. ამგვარად, ტრანსფერს ხელს უკვე დროის გარდა საერთოდ არაფერი უშლის. დრო კი იმიტომ, რომ ვლაჰოვიჩს კორონავირუსი აქვს და კარანტინშია, შესაბამისად, ჯერ სამედიცინო შემოწმებას ვერ გადის. 28 იანვარს, სერბს ტესტს გაუკეთებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შაბათს ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თუმცა, მან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება ჯერ რომც ვერ შეძლოს, ეს დაბრკოლება არ იქნება, რადგან იუვეს B გეგმა მზად აქვს და კონტრაქტს 22 წლის თავდამსხმელს, რომელიც სხვათა შორის, დღეს იუბილარია, სამედიცინო შემოწმების გავლამდე გაუფორმებს.

როგორია ფინანსური დეტალები: ფიორენტინა ფიქსირებულ 70 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 5 მილიონი ევროს სახით ბონუსიც დაემატება, ფეხბურთელი კი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე, 1 წლით განახლების შესაძლებლობით გააფორმებს, მისი ხელფასი კი წელიწადში 7 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.
დუშან ვლაჰოვიჩმა საფეხბურთო კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო, 2018 წლიდან კი ფიორენტინაში თამაშობდა და დღემდე 108 მატჩში 49 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში თავი 20-ჯერ აქვს გამოჩენილი, მათ შორის 17-ჯერ სერია A-ში, სადაც ბომბარდირთა სიას ჩირო იმობილესთან ერთად ლიდერობს. ვლაჰოვიჩის გადაბირება ლონდონის არსენალსა და ლონდონის ტოტენჰემსაც სურდათ, მაგრამ ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში გადასვლის ძლიერი სურვილი გამოთქვა, რამაც ტრანსფერის იოლად განხორციელებას ხელი დიდად შეუწყო. დუშანი სერბეთის ნაკრებში 2020 წლიდან თამაშობს და 14 მატჩში 7 გოლის გატანა უკვე მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ ფიორენტინამ მისი შემცვლელი უკვე იპოვა და ბაზელის საუკეთესო ბომბარდირ არტურ კაბრალს დაიმატებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ფლორენციაში დღეს ელოდებიან და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.
კომენტარები