Thumbnail

შოთა არველაძის ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ ინგლისური კლუბის სოციალური ქსელების გვერდებზე გულშემატკივრების კომენტარებს გადავხედეთ და მეტ-ნაკლებად საინტერესოები ამოვარჩიეთ.

ჰალ სიტის ქომაგების გარდა, აქტიურობით ტრაბზონსპორისა და გლაზგო რეინჯერსის ფანებიც გამოირჩნენ. შეგახსენებთ, რომ შოთა თავის დროზე ამ თურქული და შოტლანდიური კლუბების ღირსებას ფეხბურთელის რანგში იცავდა. დავიწყოთ ყველაზე საინტერესო კომენტარით, რომელიც ფრილანსერ ჟურნალისტს, ტომ გრიფინს ეკუთვნის. მან თავის პოსტს საქართველოს დროშიც ემოჯიც დაურთო.

💬 | "გულითადად მივესალმოთ ქართველ გვარდიოლას." - "მირორის" ჟურნალისტი ტომ გრიფინი.

💬 | "რა კაცი!!! მან უზბეკეთში ბრწყინვალედ იმუშავა და ძალიან მაინტერესებს, როგორ შეეწყობა ბრიტანულ ფეხბურთს. ჰალთან ერთად წარმატების შემთხვევაში, მომავალში იგი შესაძლოა რეინჯერსში ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის შემცვლელიც იყოს. წარმატებები შოთა".

💬 | "წარმატებები შოთა. ხომ გახსოვს გლაზგოში შენი საყვარელი რესტორნები? ახლა მხოლოდ რამდენიმე საათის სავალზე ხარ".

💬 | "წარმატებები. იმედი მაქვს, შენს ცეკვას მალე კიდევ ვნახავ" 

💬 | "კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში"

💬 | "პირადად მე მწვრთნელად რობერტო კარლოსი მერჩივნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წარმატებები შოთა არველაძეს. იმედი მაქვს, ჰალი მასთან ერთად პრემიერლიგაში დაბრუნდება".

💬 | "კეთილი იყოს გუნდში შენი მოსვლა. ახლა ჩიფსის ჭამა და ჩვენი ტრადიციული ცეკვის სწავლა უნდა დაიწყო"

💬 | "გთხოვ, არ გაყიდო კინ ლუის პოტერი".

არის უარყოფითი კომენტარებიც, რომელთა ავტორებიც ძირითადად ფენერბაჰჩეს ფანები არიან, თუმცა ისინი უპასუხოდ სხვა თურქ გულშემატკივრებს არ დაუტოვებიათ.

💬 | "თამაშობდა თურქულ ვეფხვებში (ტრაბზონი), ახლა ინგლისურ ვეფხვებს წვრთნის". 

💬 | "ჰალ სიტის ფანებო, უარყოფით კომენტარებს მხოლოდ ფენერის ფანები წერენ. მათ შურთ, რომ ტრაბზონის ყოფილი ვარსკვლავი წარმატებულია და ყურადღებას ნუ მიაქცევთ".

შოთა არველაძე ჰალ სიტის მთავარ მწვრთნელად ახლახან დაინიშნა. 48 წლის სპეციალისტმა ჩემპიონშიპის კლუბთან კონტრაქტი 2,5 წლით გააფორმა. გუნდი 27 მატჩში მოპოვებული 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა, შოთას ხელმძღვანელობით პირველ მატჩს კი 29 იანვარს, შინ სუონსისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები