Thumbnail

სეტის წაუგებლად - ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

  •  ეშლი ბარტი 6:3, 7:6 (7:2) დანიელ კოლინზი
  • ეშლი ბარტი მეორე სეტს 1:5-ს აგებდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა
  • 25 წლის ავსტრალიელმა კარიერაში მესამე დიდი სლემი მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. 25 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით განვლო გზა ფინალამდე, გულშემატკივარს არც ამერიკელ დანიელ კოლინზთან (30-ე WTA-ს რეიტინგში) გადამწყვეტ შეხვედრაში გაუცრუა იმედი და ერთეულთა თანრიგში კარიერაში მესამე "დიდი სლემი" მოიგო. 

Australian Open 2022-ის ფინალურმა შეხვედრამ საათსა და 29 წუთს გასტანა. ბარტიმ 10 ეისი მოაწოდა, დაუშვა 3 ორმაგი შეცდომა და 5-იდან 3 ბრეიკ-პოინტის რეალიზება მოახერხა. 28 წლის კოლინზის ანგარიშზე, რომლისთვისაც ეს კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ფინალი იყო, 1 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 4-იდან 2 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. 


აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ეშლი ბარტი 1:5-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე გამოვიდა, რომ ავსტრალიელმა დიდი სლემის წლის პირველი ტურნირი ისე მოიგო, სეტი არავის დაუთმო. ეშლი გახდა პირველი ავსტრალიელი ჩოგბურთელი ქალი 44-წლიანი პაუზის შემდეგ, ვინც საშინაო "დიდი სლემზე" გაიმარჯვა. ასეთი მიღწევა ბოლოს კრისტინ ო'ნილს ჰქონდა - 1978 წელს. 

ფინალამდე ბარტიმ უკრაინელ ლესია ცურენკოს, იტალიელებს: ლუჩია ბრონცეტისა და კამილა ჯორჯის, ამერიკელებს: ამანდა ანისიმოს, ჯესიკა პეგულას და მედისონ კის აჯობა. 

Australian Open-ზე მამაკაცთა ტურნირში ჩემპიონის ვინაობა 30 იანვარს გაირკვევა. ტიტულისთვის ერთმანეთს რუსი დანილ მედვედევი (2) და ესპანელი რაფაელ ნადალი (6) შეხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები