Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა, ესპანეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 0:8 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ნაკრებმა სოლიდური სხვაობით მარცხი განიცადა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მეოთხედფინალისთვის გუნდი ფსიქოლოგიურად მზად იყოს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

"რა თქმა უნდა, ჩემთვის და ყველასთვის ეს ანგარიში მიუღებელია, თორემ სატურნირო ცხრილში 6 ქულა გვაქვს და ამ ეტაპისთვის ამ ბიჭებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად დღევანდელი მატჩისა, ჩემი გუნდით ვამაყობ. კონკრეტული დავალებები გვქონდა, განსაკუთრებით იმ მოთამაშეებისადმი, რომელთაც მიკროტრავმები და ყვითელი ბარათები ჰქონდათ, რადგან მატჩამდეც ვთქვი, რომ ცალი თვალით მეოთხედფინალისთვის უნდა გვეყურებინა, რომ ვინმე არ გამოგკვლებოდა, ვინაიდან მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ. ეს იქნება ჩვენთვის კიდევ ერთი ისტორიული თამაში და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ თამაშს მალე დავივიწყებთ.

შეცდომები რომ არ დაგვეშვა, ასეთი ანგარიშით ცხადია არ წავაგებდით და ამ შეცდომებზე პასუხისმგებელი მე ვარ. გუნდი ფსიქოლოგიურად, რაც შეიძლება მალე უნდა განვაწყოთ შემდეგი თამაშისთვის. რაც შეეხება ელისანდროს, ვცადეთ, რადგან გვაინტერესებდა რამდენად შეძლებდა თამაშს, მაგრამ სამწუხაროდ 100%-ით დასახარჯად მზად არ არის, ამიტომაც აღარ გავრისკეთ, რომ დაზიანება არ გართულებულიყო. ზვიად კუპატაძესაც მიკროტრავმა ჰქონდა და თვითონ მოითხოვა, რომ აღარ გაგვერისკა, რადგან მომდევნო თამაშისკენ ვიყურებით.

რომ ვთქვა, რომ ყველაფერს ვმალავდით, ასე ნამდვილად არ იყო. მაქსიმალურად ვცდილობდით, ქულა მოგვეპოვებინა, მაგრამ მიუხედავად ტრავმებისა და ცოტათი თავის დაზოგვისა, ასეთი დონის ტოპნაკრებთან თანაბრად სათამაშოდ მზად არ ვართ. ერთადერთი, რაც საწყენია და ყველას გულზე ხვდება, ასეთი ანგარიში არ უნდა ყოფილიყო და მზად ვარ, ამაზე პასუხისმგებელი ვიყო".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრამდე აზერბაიჯანს 3:2 და ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 მოუგო, რის შედეგადაც ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. ავთანდილ ასათიანის გუნდი 1/4-ფინალში 1 თებერვალს, ამსტერდამში რუსეთის ნაკრებს შეხვდება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და რომელთაც შესარჩევ ციკლში ორჯერ ითამაშა, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა (0:4, 0:3).

კომენტარები

ბოლო ამბები