Thumbnail

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალის გამარჯვებას გამოეხმაურა, რომელმაც კარიერაში 21-ე სლემ-ტურნირი მოიგო და ამით ისტორიაში შევიდა. ნოლემ სოციალურ ქსელში წარმატება ქალთა ტურნირის ჩემპიონს, ავსტრალიელ ეშლი ბარტისაც მიულოცა.

"წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამორჩეული ჩოგბურთი ითამაშეს და ფინალი განსაკუთრებული იყო. ვულოცავ ეშლი ბარტის საოცარ თამაშს მშობლიური პუბლიკის წინაშე და დანიელ კოლინზს წარმოუდგენელ ტურნირს. ვულოცავ რაფაელ ნადალს 21-ე სლემს. საოცარი მიღწევაა. ყოველთვის შთამბეჭდავი მებრძოლი სული, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუტანა გამარჯვება. დანიილ მედვედევმა ყველაფერი გაიღო და ითამაშა იმ ვნებითა და მონდომებით, რასაც მისგან ველით", - დაწერა ნოვაკმა ინსტაგრამში.

ავსტრალიის ღია პირველობა ყველაზე მეტჯერ (9) სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს მოგებული, მაგრამ ამჯერად სერბმა ტურნირში მონაწილეობა აუცრელობის გამო ვერ მიიღო, რასაც წინ დიდი სკანდალიც უძღოდა. რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეორედ მოიგო, ასევე 2-ჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი, 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა და 13-ჯერ როლან გაროსი.

შეგახსენებთ, რომ "აუსტრალიან ოუფენის" გადამწყვეტი დაპირისპირება ხუთსაათანახევარი გაგრძელდა და ნადალმა, რომელიც 2 სეტით ჩამორჩებოდა, 2:6, 6:7 (5:7), 6:4. 6:4, 7:5 მოიგო. ამგვარად, რაფა  სლემტურნირების რაოდენობით ერთპიროვნული ლიდერი გახდა და უკან ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მოიტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები