Thumbnail

World Rugby-ის ოფიციალურმა საიტმა სტატია მიუძღვნა ქართულ რაგბისა და "ბორჯღალოსანთა" კაპიტან მერაბ შარიქაძეს

"2021 წელი ქართული რაგბისთვის ერთდროულად აღმაფრენისა და დაცემის წელი იყო, მოედანზე საუკეთესო მოგონებებითა და მის გარეთ არცთუ ისე კარგი ამბით. "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ მოუგეს ყველას რაგბი ევროპის ჩემპიონატში, ხუთიდან ხუთი თამაში. ტურნირი 24 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს და მე-2 ადგილზე მყოფ რუმინელებს 10 ქულით გაუსწრეს. ეს კი მათ უდავო ფავორიტად ტოვებს 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლაში. 

ლევან მაისაშვილი და მერაბ შარიქაძე

მას მერე, რაც ტურნირი კიდევ ერთხელ მოიგო, საქართველოს ნაკრები ივლისში მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას სტუმრად ებრძოლა და მხოლოდ ბოლოსკენ გატყდა და 9:40 წააგო. მოგვიანებით იგივე გამეორდა საფრანგეთთან მატჩშიც, რომელთაც ასევე დასჭირდათ ოფლისღვრა ქართველების დასამარცხებლად - 41:15. დაბოლოს იყო ფრე ფიჯის ნაკრებთან ნეიტრალურ მოედანზე - 15:15, ფიჯისთან, რომელიც რეიტინგში უსწრებს საქართველოს ნაკრებს. საქართველო რჩება მე-12 ადგილოსნად მსოფლიო რეიტინგშიც, რაც შესანიშნავი პლაცდარმია მომავალი თვეებისთვის, მაგრამ სამხრეთ აფრიკასთან ტესტს ერთი ძალზე უარყოფითი ფაქტი მოჰყვა - ქართული დელეგაციიდან რამდენიმე COVID-19-ით დაავადდა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დღეების განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს და, თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, ის ძალიან იღბლიანია, რადგან ამ ბრძოლაში გადარჩა. გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე იმ დროს იხსენებს:

"ძალიან საშინელი დრო იყო ქართული რაგბის ოჯახისთვის. როცა გავიგეთ მისი მდგომარეობა, ძალიან ვნერვიულობდით. მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქართული რაგბისთვის და შესანიშნავი პიროვნებაა. მას სამხრეთ აფრიკაში მოუწია დარჩენა, რადგან მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ ოქტომბრისთვის, როცა ჩვენი ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასზე ჩაერთო, ლევანი უკვე ჩვენთან ერთად იყო და გუნდს ხელმძღვანელობდა. როცა ის პირველად ვარჯიშზე გამოჩნდა, თვალებს არ ვუჯერებდით. ამის შემდეგ ქართულ რაგბიში წელიწადი უკვე პოზიტიურად წარიმართა".

28 წლის შარიქაძის ანგარიშზე უკვე 80 კეპია ეროვნულ გუნდში. მისი აზრით, ახალი ტურნირი, რომელშიც შავი ლომი ჩაება, კარგი ასპარეზია ახალგაზრდა მორაგბეებისთვის თავის გამოსაჩენად. შავმა ლომმა აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 თამაში მოიგო და 1 დათმო, მან უკვე გაინაღდა პლეი ოფში თამაში. 

"სუპერთასის თამაშები ნამდვილად წაადგა ქართულ რაგბის. 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიაროს სრული გზა ეროვნულ ნაკრებამდე. ეს კარგი იქნება ნაკრებში კონკურენციისთვის, შემადგენლობის სიღრმისთვის. 2020 წელი პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოსთვის რთული იყო, შარშან კი შავი ლომის წყალობით, ახალგაზრდა მორაგბეებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს. კონკურენცია უფროებსაც გვეხება და ეს კარგია ეროვნული გუნდის ინტერესებისთვის. ეს დაეხმარება ქართულ რაგბის უფრო მაღალ დონეზე გადასვლაში".

ქართულ რაგბიში ახალი, ნიჭიერი თაობა მოვიდა, რომელთა შორის 22 წლის თედო აბჟანდაძე გამოირჩევა, რომელსაც ასაკის მიუხედავად, უკვე 30 კეპი აქვს ეროვნულ გუნდში. როცა შარიქაძე სტანდარტების ამაღლებაზე საუბრობს, მან კარგად იცის, რომ სწორედ ეს მოუწევს გუნდს მომდევნო ორი თვის განმავლობაში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. 6 თებერვალს პირველ ტურში საქართველო პორტუგალიას მასპინძლობს, რომელსაც შარშან ლისაბონში 29:16 მოუგო:

"შარშან მარტში პორტუგალიას ვესტუმრეთ და ამ გუნდმა კარგი თამაში შემოგვთავაზა. ბოლო წლებია, პორტუგალიის ნაკრები სწრაფად პროგრესირებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუყურეთ შარშანდელ კადრებს. მათ წინააღმდეგ თამაშში კარგი დაცვაა საჭირო. მაგრამ ვიცით, რომ თუ შემტევ რაგბის ვითამაშებთ, შევძლებთ ტურნირის გამარჯვებით დაწყებას. ამ ტურნირზე ყოველი მეტოქე თავის სტანდარტებს იმაღლებს, როცა ჩვენ გვეთამაშება, რადგან ბოლო წლებია, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ბოლო წლებია, სულ ვიმარჯვებთ და ყველას ჩვენი დამარცხება სურთ. ხუთივე ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ ბოლომდე იბრძვის. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ - სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და შედეგები გავაუმჯობესოთ. ამისთვის პირადად მზად ვარ", - ამბობს ნაკრების კაპიტანი.  

კომენტარები

ბოლო ამბები