Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი გააკეთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა, 42 წლის მეკარე ზვიად კუპატაძემ, რომელსაც ტრავმა აღარ აწუხებს და მოედანზე იქნება.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნაკრებმა ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს და ახალი მიზნებისთვის იბრძოლოს, ამდენად, რუსეთთან წარმატებისთვის ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ.

ზვიად კუპატაძე: "ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ტურნირის ფავორიტია. ძალიან ძლიერი გუნდია. ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და ახალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ჯგუფური ეტაპი უკვე დავივიწყეთ და მეოთხედფინალისთვის ვემზადებით. ვიცით, რამდენად პრინციპული მეტოქეა რუსეთი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს დავდებთ მოსაგებად და თამაში აჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი".

კუპატაძემ ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ ითამაშა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანი (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინა (2:1) დაამარცხა, ბოლო ტურში კი ესპანეთთან წააგო (0:8), რის შედეგადაც D ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, რუსეთის ნაკრებმა კი ჯგუფში სამივე თამაში დამაჯერებლად მოიგო. ეს გუნდები ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ რუსებმა ორივე მატჩი მოიგეს (4:0, 3:0).

 

კომენტარები

ბოლო ამბები