Thumbnail

მარცხი რუსეთთთან - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი თავაწეულმა დატოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპის ჩემპიონატი | რუსეთი 3:1 საქართველო
  • გოლები: 1:0 ნიაზოვი (23), 1:1 ბრუნო პეტრი (24), 2:1 ჩიშკალა (28), 3:1 ჩიშკალა (40)
  • საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს თავაწეული, ღირსეულად ტოვებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელმაც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშა, 1/4-ფინალში გასვლა მოახერხა და იქ აშკარა ფავორიტ რუსეთის ნაკრებისთვისაც არაფერი დაუთმია.

პირველ ტაიმში თამაში მთლიანობაში თანაბარი გამოდგა. ფავორიტი რუსეთის ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ უშანსოდ არც საქართველოს ნაკრები ყოფილა. მაგალითად, გოლთან ძალიან ახლოს იყვნენ რონინიო, ელისანდრო და ბრუნო პეტრი, მაგრამ სამივე შემთხვევაში რუსეთის ნაკრები მეკარემ გადაარჩინა. თავის მხრივ, უნდა აღვნიშნოთ, ზვიად კუპატაძის ბრწყინვალე თამაშიც, განსაკუთრებით ერთ ეპიზოდში, როცა ორმაგი სეივი შეასრულა და ეს მომენტი უეფას ვებგვერდმა ცალკეც გამოარჩია - ნამდვილად დამსახურებულად.

42 წლის ზვიად კუპატაძის საოცარი სეივი

მეორე ტაიმში საქართველოს ანგარიშის გახსნა დასაწყისშივე შეეძლო, მაგრამ ვილიანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარის ბადეს მხოლოდ გარედან მოარტყა. გამოუყენებელი მომენტის გამო ასათიანის გუნდი რამდენიმე წამში დაისაჯა. საპასუხო შეტევაში არტიომ ნიაზოვმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 1:0.

თუმცა, საქართველოს ნაკრები გოლმა ვერ გატეხა და მალევე რონინიოს შეეძლო გათანაბრება და მეკარემ აჯობა, ხოლო 24-ე წუთზე საქართველომ მიზანს მაინც მიაღწია! ასათიანის გუნდმა აუტი კარგად გაათამაშა, ელისანდროს პასის შემდეგ ბრუნო პეტრიმ შორეული კუთხე ჩაკეტა და ცარიელ კარში შეაგდო - 1:1. ამგვარად, ყველაფერი თავიდან დაიწყო.

მე-2 ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ რუსეთმა 28-ე წუთზე წინ გასვლა ისევ მოახერხა. მეტოქემ კუთხური გაათამაშა შესანიშნავად, რობინიოს გადაცემა ივან ჩიშკალა გამოეხმაურა და ეფექტური გოლით თავისი გუნდი მეორედ დააწინაურა. მატჩის ბოლომდე დიდი დრო რჩებოდა და საქართველოს ნაკრებს ნამდვილად არაფერი დაუთმია მოწინააღმდეგისთვის, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია. 31-ე წუთზე კარგი შანსი ვახტანგ კეკელიას ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

საქართველოს ნაკრებს მატჩის დასრულებამდე 30 წამით ანგარიშის გათანაბრების დიდებული შანსი მიეცა, მაგრამ რუსეთის ნაკრების მეკარემ ჯერ არჩილ სებისკვერაძის რთული დარტყმა მოიგერია, მერე კი დამატებაზე ბრუნო პეტრის აჯობა და გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა. მისი მოგერიებული ბურთის შემდეგ კი ბურთი ჩიშკალას მიუვიდა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა და მატჩიც დასრულდა - 1:3.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მედგარ ბრძოლაში 1:2 წააგო, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ჩემპიონატი თავაწეულმა დატოვა. სადებიუტო ევროფორუმზე ჯგუფიდან გასვლა და პლეი ოფში თამაში, ცუდი შედეგი სულაც არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში აზერბაიჯანის (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებები (2:1) დაამარცხა, ესპანეთის ნაკრებთან კი დამარცხდა (0:8), რის შედეგადაც, 1/4-ფინალში 6 ქულით გავიდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან ბრძოლაში დამარცხდა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონაი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრით დაასრულა.

რუსეთი 3:1 საქართველო

გოლები: 1:0 ნიაზოვი (23), 1:1 ბრუნო პეტრი (24), 2:1 ჩიშკალა (28), 3:1 ჩიშკალა (40)

რუსეთი (სასტარტო): პუტილოვი, ანტოშკინი, რობინიო, ჩიშკალა, დავიდოვი.

საქართველო (სასტარტო): კუპატაძე, შაგინია, ვილიანი, რონინიო, ბრუნო პეტრი.
სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ელისანდრო.

კომენტარები

ბოლო ამბები