Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (1:3) და კონტინენტის პირველობას გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სკოროვიჩმა და ფეხბურთელებმა, არტიომ ნიაზოვმა და ივან ჩიშკალამ, რომლებმაც გოლები გაიტანეს, კომენტარი გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა საქართველოს ნაკრების კარგი თამაში და სიძლიერე გამოარჩია.

სერგეი სკოროვიჩი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ყველამ ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. საქართველოს ნაკრების კარგი თამაში ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდია. მათ ეს ყველაფერი აჩვენეს - რთული გამარჯვება იყო. თამაშის დროს ვნერვიულობდი, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გაგვქონდა. საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და მან შესანიშნავად ითამაშა. მათ არ მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში გვეთამაშა".

არტიომ ნიაზოვი (რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი): "ბედნიერი ვარ, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და ნახევარფინალში გავედით. ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ მიხარია, რომ მოვიგეთ. შესარჩევ ეტაპზე საქართველოსთან რთული თამაშები გვქონდა, თუმცა ახლა კიდევ უფრო გაძლიერებულია. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ".

ივან ჩიშკალას გოლი საქართველოს ნაკრების კარში

ივან ჩიშკალა (რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი): "მოგება შევძელით და შესანიშნავი მებრძოლი სული გამოვავლინეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, რადგან ჩვენმა მეკარემ ფანტასტიკურად ითამაშა. ყველაფერი უნდა გაგვეღო, რადგან საქართველომ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ძალიან მკაცრი მეტოქე იყო. კარში ძალიან ბევრჯერ დავარტყით, მაგრამ მათმა მეკარემაც შესანიშნავად ითამაშა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა და ჯგუფური ეტაპიც დაძლია, სადაც აზერბაიჯანისა (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინის (2:1) ნაკრებებს მოუგო, ესპანეთთან კი დამარცხდა (0:8) და ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. 1/4-ფინალში საქართველომ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში, 1:3 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები