Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (1:3) და კონტინენტის პირველობას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების ევრო 2022-ზე გამოსვლას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად ექნება.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): მადლობა ჩვენს ნაკრებს! სამწუხაროა, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს გამოვეთიშეთ, თუმცა ჩვენმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია უკვე დაწერა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის გადალახვაც მოახერხა. ფუტსალის გუნდის თითოეული წევრი, უდიდეს მადლობას იმსახურებს იმ ემოციებისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს მიანიჭა.

გულდაწყვეტილი ვარ, რადგან დღევანდელ თამაშში ბიჭების საოცარი მონდომება და თავდაუზოგავი ბრძოლა დავინახეთ, რამაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგების იმედი გაგვიჩინა. თუმცა, ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით - მათ შეძლეს და ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებში მოახვედრეს. მადლობა ჩვენ საამაყო ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და დაუვიწყარი ემოციებისთვის! ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება!

❤️🇬🇪მადლობა ჩვენს ნაკრებს! სამწუხაროა, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს გამოვეთიშეთ, თუმცა ჩვენმა გუნდმა ქართული...

Posted by Levan Kobiashvili on სამშაბათი, 01 თებერვალი, 2022


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა და ჯგუფური ეტაპიც დაძლია, სადაც აზერბაიჯანისა (3:2) და ბოსნია-ჰერცეგოვინის (2:1) ნაკრებებს მოუგო, ესპანეთთან კი დამარცხდა (0:8) და ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. 1/4-ფინალში საქართველომ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში, 1:3 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები