ამერიკის შტატების უმეტესობაში კრივი არალეგალურად ითვლებოდა და ტყეებსა და მოფარებულებში იმართებოდა, უხელთათმანოდ. ტყის უკანასკნელ მძიმეწონოსან ჩემპიონს ჯონ სალივანი ერქვა, ბოსტონელი ირლანდიელი იყო და კრივში სიგარეტის კვამლით დანისლული ბარებიდან მოსულიყო, სადაც დახლზე დაარტყამდა ხოლმე მუშტს და ყველას გასაგონად დაიძახებდა, ჩხუბში ნებისმიერ აქაურს მოვერევიო.
ტანდაბალი და ღონიერი, ნოკდაუნის ოსტატი, შლეგი ხასიათით - სალივანი ტაისონის პირველი მოდელია, იმ უხელთათმანო არქაული წესებით მართულ კრივს კი არაფერი აქვს საერთო სპორტთან - რინგი მიწაზევე იღობება, რაუნდების რაოდენობა უსასრულოა, დრო - შეუზღუდავი, დაშვებულია ჭიდაობა, რაუნდი მხოლოდ მაშინ სრულდება, თუკი დაცემული ფეხზე ვერ ადგება, გათანგული, გაბრუებული და დასისხლიანებული მებრძოლები შესვენებისას ტკივილის გასაყუჩებლად ვისკის სვამენ, მოგებულად კი ის ითვლება, ვინც ფეხზე დარჩენას ახერხებს.
1889 წლის 8 ივლისს, რიჩბურგში, პოლკოვნიკ ჩარლზ რიჩის სამხერხაოში, უხელთათმანო კრივის ბოლო ფინალში, სალივანმა და ჯეიკ კილრეინმა 75 რაუნდი იჩხუბეს. ბრძოლის დაწყებამდე იქ შეკრებილ 3 000 გულშემატკივარს ადგილობრივმა შერიფმა გუბერნატორის ბრძანება წაუკითხა, ჩვენს შტატში კრივი აკრძალულიაო და სახლში წავიდა.
ბრძოლამ ორ საათზე მეტს გასტანა, კილეინმა რაუნდებს შორის ერთი ლიტრი ვისკი დალია, ლამის შეაკვდა სალივანს და მაინც დამარცხდა. სალივანმა ბრძოლის ბოლოს არწყია, ნახევრად მკვდარ კილრეინს კი ტკივილი მორფით გაუყუჩეს.
თუმცა, ამ პირველყოფილ მხეცობას თანდათან ყლაპავდა ინგლისიდან წამოსული მარკიზ ქუინსბერის წესებით გაშალაშინებული კრივი, სალივანისნაირ დალევის და ჩხუბის მოყვარულ მაგარ ბიჭებს კი - მოფიქრალი და მოვარჯიშე პროფესიონალები. ლეგალურმა კრივმა ფულის მოტანა დაიწყო და მისისიპის შტატმაც 1892 წელს სალივანს იმ პირობით დართო ნება, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რინგზე და მაყურებლის თვალწინ დაეცვა, თუკი ბოსტონის გაუხედნავი სიამაყე ქუინსბერის წესებს დაემორჩილებოდა.
მეტოქეს ჯიმ “ჯენტლმენ” კორბეტი ერქვა და თეატრის მსახიობი სულ ახლახან წამოსულიყო ბანკიდან, სადაც კლერკად მუშაობდა. სალივანმა ამაყად გააბიჯა რინგზე.
კორბეტი ახალი თაობის მოკრივე იყო, შრომისმოყვარე, ტექნიკური, ჭკვიანი. მეტოქეებს დეტალურად სწავლობდა. სალივანს კილრეინის შემდეგ აღარ ეკრივა. მესამე რაუნდში ყოფილმა კლერკმა სალივანს ცხვირი გაუტეხა და ის, რასაც არავინ მოელოდა, გარდაუვალი გახდა. სალივანმა ოცდაერთ რაუნდს გაუძლო, მერე კი დავარდა და ჭამა-სმისგან დამძიმებულ სხეულთან ერთად რინგის თეთრ ფსკერს ჩააბარა ტყის ძველი კრივი, თავისი გმირებით და ლეგენდებით.
1878 წელს კი ტეხასის შტატის ქალაქ გალვესტონში, ყოფილი შავკანიანი მონების, ღარიბი და მრავალშვილიანი ჰენრი და თინა ჯონსონების ოჯახში დაიბადა კაცი, რომელსაც სამუდამოდ უნდა შეეცვალა კრივის ისტორია.
მშობლებმა მესამე შვილს ჯეკი დაარქვეს, სკოლაში შეიყვანეს და წერა-კითხვა ასწავლეს, მაგრამ გოლიათური აღნაგობის თავნება და ჯიუტ ბიჭს თავიდანვე სამი რამის სიყვარული დაჰყვა - ჩხუბის, ძვირიანი მანქანების და თეთრი ქალების! და თუკი ვინმეს აინტერესებს, რა ხიფათთანაა დაკავშირებული იმ დროის ამერიკულ სამხრეთში ახალგაზრდა ჯეკის მესამე გატაცება და შავ სხეულში ჩაბერილი ურჩი სული, აუცილებლად უნდა წაიკითხოს უილიამ ფოლკნერის “აგვისტოს ნათელი.” და თუკი კითხვა ეზარება, ინტერნეტში მოიძიოს ფოტოები, რა ხდება 1960-იანი წლების ამერიკაში, როდესაც თეთრების სკოლაში პირველი შავკანიანი მოწაფე მიდის და წარმოიდგინოს, რა იქნებოდა ოთხმოცი წლით ადრე.
იმხანად, სამხრეთის შტატებში, მონების გარეშე დარჩენილ მდიდარ თეთრებს თავისებური გასართობი - “სამეფო ბრძოლა” - ჰქონიათ: საკუთარ ვეება მამულებში ათამდე შავკანიან ბიჭს მოაქუჩებდნენ, წააფარებდნენ თავზე ტომრებს, შემოეხვეოდნენ გარშემო შემთვრალები და მოხარხარეები, მისცემდნენ ნიშანს, თვალდაბინდული მებრძოლებიც ბნელში იწყებდნენ მუშტების ქნევას და ჯილდო იმ უკანასკნელს ხვდებოდა, ვინც ფეხზე დარჩებოდა!
ამბობენ, რომ სწორედ ამ საზიზღარ კოლიზეუმში გამოიწრთო ჯეკ ჯონსონი. სწორედ იქ გამოიმუშავა თავისი ცნობილი დაცვითი კრივი, არაადამიანური გამძლეობა და სწორედ იქ გახდა ყველაფრისადმი გულგრილიო.
თორმეტი წლისა სახლიდან გაიქცა და ნიუ-იორკში ჩააკითხა საკუთარ გმირს, სტივ ბროდის, რადგან უკვე ზუსტად იცოდა - სკოლა, სადაც შავკანიანი ბავშვები ფეხშიშველები უსხდნენ მერხებს - მის მიზნებს ვერ გასწვდებოდა.
ბროდი ამერიკის სახეა, არსაიდან მოსული ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ირლანდიელი ემიგრანტი, ბრუკლინის ხიდიდან გადახტომით რომ გაითქვა სახელი და თავზეხელაღებულობით მოპოვებული ფული იგივე თავზეხელაღებულობით თითქმის მთლიანად გაფლანგა დოღებსა და გართობაში. თავის მოგონებებში ჯონსონი ამბობს, იმ ქალაქში, სადაც ფული შხაპივით მოედინებოდა, გაღლეტილი და მშიერი მხოლოდ ბროდისთვის ხელის ჩამოსართმევად ჩავედი, ჩამოვართვი და იმ დღესვე უკან, გალვესტონისკენ გამოვწიეო.
მართალია ეს თუ არა, არავინ იცის. თუმცა კაცისგან, რომელმაც სეგრეგაციის აუღებელი კედელი თავისი ღონიერი მკლავებით და სიძულვილიდან ამოზელილი იმედით გაანგრია, გასაკვირი არაფერია.
ნიუ-იორკიდან დაბრუნებულ ჯონსონს გალვესტონი კიდევ უფრო რუხი და უსახური ეჩვენა. ხან სასტუმროებში დაათრევდა მდიდრების ჩანთებს, ხანაც სადგურზე ტვირთს და რადგან ჯონ სალივანის სახელი ყველას პირზე ეკერა, ჯეკიც იმას მიუბრუნდა, რაც ასე კარგად გამოსდიოდა თვალახვეულს და ფულიანი თეთრებით გარშემორტყმულს - კრივს.
თვრამეტი წლის უკვე სტაჟიანი ფულზე მოჩხუბარია და უკვე ყველგან გამოირჩევა მუდამ მომღიმარი, გოლიათური აღნაგობით, ქანდაკებასავით ლამაზად დაკუნთული, მოქნილი სხეულით, ქედმაღალი გამოხედვით და ერთ ღამეში შოულობს იმას, რისთვისაც მამამისი კვირაობით ღვრის ოფლს.
ვეტერანი მოკრივეების სპარინგ პარტნიორია და გზაზე გადებული გზაზევე ცხოვრობს: თეთრების მატარებლებში, სადაც არასასურველი მგზავრია; თეთრებისავე პატარა ქალაქებში, სადაც მუდამ ეჭვის თვალით უყურებენ; არალეგალური ორთაბრძოლების გასამართ ჩუმ და გარიდებულ ადგილებში - ფერმერების თივის ვეება საცავებში, მიყრუებულ ნავსადგურებში მოტივტივე გემებზე, კინიგზის გაუქმებულ ხაზზე შემომდგარ ძველ ვაგონებში, სადაც არც მსაჯია და არც მშველელი და თუკი თეთრს გალახავს, შეიძლება, იქვე გამოფატრონ. კრივი ხომ თეთრი რასის ღირსებაა, მიძინებული ვეფხვი, რომელსაც ჯენტლმენი ქვეყნის, ღირსების, მანდილოსნის დასაცავად გამოაღვიძებს და მაშინ გვიფრთხილდითო! როგორც ამბობს ჯეკ ლონდონი და თუკი კრივზე დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობის ავტორი იმ დროს ასე ფიქრობს, რაღამ უნდა გაგვაკვირვოს სალივანის სიტყვებში: მიუხედავად ათასი ნაბიჭვრის ძირს გაგორებისა, ზანგთან არასოდეს მიჩხუბია და არასოდეს ვიჩხუბებო!
...და აი, გალვესტონში ჩნდება ახალგაზრდა კაცი, ურცხვად რომ არღვევს კანონს და ერთი-მეორის მიყოლებით ალივლივებს ჰაერში თეთრ მძიმეწონოსნებს.

1901 წელს გალვესტონში ჩასულ ვეტერან თეთრ მოკრივეს, ჯო ჩოინსკის ჯონსონთან ორთაბრძოლის გამო რინგიდანვე ციხეში სვამენ, სადაც ის და ჯეკი ოცდასამი დღე რჩებიან - ორი დღით იმაზე მეტი, ვიდრე კაცი, რომელმაც თავისი ცოლი მოკლაო, იხსენებს ჯონსონი. ჩოინსკი უამრავ რამეს ასწავლის მომავალ ჩემპიონს საპყრობილეში და ჯეკიც გაფაციცებით უსმენს, უხელთათმანო კრივის ძველმა ოსტატმა ხომ სულ რაღაც სამ რაუნდში დააგდო ახალგაზრდა ჯონსონი.
იქიდან გამოსული ჯეკი ხელახლა ახტება მატარებელს და ამერიკის სხვადასხვა შტატებში იწყებს თეთრი მოკრივეების თოკებზე გადაკიდებას. მისი სტილი ფრთხილი და ძუნწია, ოდნავ უკანგადახრილს ბასრი ენით წყობიდან გამოჰყავს მეტოქე, არაქათს აცლის და იშვიათად უქნევს მუშტს, მაგრამ როცა უქნევს, ყოველთვის მიზანში არტყამს. მხდალს, მოსაწყენს, ზარმაცს ეძახიან, მისი სტილის გადამღებ ჯიმ კორბეტს კი - გენიოსს!
1902 წელს ჯეკ ჯონსონი ღიად აფურთხებდა თანამედროვე თეთრ გენეტიკაში, უკვე ოცდაშვიდი ბრძოლა მოეგო, ჩხუბში ათას დოლარს უხდიდნენ და საუკეთესო სამოსში გამოწყობილი და თეთრ საზოგადოებაში ჩამჯდარი, ურცხვი ღიმილით გაიძახოდა, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი ვარ მძიმეწონოსან მოკრივეთა შორისო.
ამერიკამ თავხედი ზანგის დადუმება მოინდომა და 1902 წლის თექვსმეტ მაისს ჯონსონს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ჯიმ ჯეფრისის ძმა - ჯეკი დააჯახა.
ჯონსონმა მეხუთე რაუნდში გათიშა ჯეკი, ყველას თვალწინ თავისი გრძელი შავი ხელებით წაახოხიალა სკამისკენ, თოკებზე გადაწვა და პირველ რიგებში ჩამჯდარ მუშტებ და წარბშეკრულ ჯიმს შესცინა, რინგზე ამო, რომ ძმის გვერდით მიგაწვინოო!
ჯიმ ჯეფრისი ლეგენდა იყო - წაუგებელი ჩემპიონი, ჯიმ კორბეტის ორგზის დამმარცხებელი. ამბობდნენ, ორ დღეში მარტომ მოირჩინა ფილტვების ანთება ერთი ბოცა ვისკის დალევითო და აქამდე შავი მოკრივეებიც გაეწვინა რინგზე, მაგრამ ამჯერად უარზე დადგა, კრივიდან იმიტომ წავედი, რომ ჩემი მომრევი თეთრი კაცი არ დამრჩენოდა ქვეყანაზე და ამის დარღვევას არ ვაპირებო!
ჯონსონი შავკანიან მძიმეწონოსნებს დაერია, ერთი ხელის მოსმით დაალაგა, წინა კბილზე ოქროს ფირფიტა დაიკრა და თეთრი კაცის უზრუნველ ცხოვრებას მიჰყო ხელი.

ამერიკა ჯიმ ჯეფრისს ეხვეწება, გამოდი და ჭკუა ასწავლე ამ ფუფუნებაში მონებივრე მაიმუნსო! ჯონსონი გამარჯვებებს აგრძელებს და სახალხოდ გაჰყვირის, გამოუშვით ეგ თქვენი იმედიო! პასუხად, წაუგებელი ჯეფრისი 1905 წელს კრივიდან მიდის და კალიფორნიაში, საკუთარ ფერმაში სახლდება.
ახალი ჩემპიონი კანადელი მოკრივე ტომი ბერნსი ხდება, მაგრამ ისიც უარზეა, ზანგთან ხელთათმანს არასოდეს გავსვრიო.
გაბრაზებული ჯონსონი ბალახივით თიბავს მოწინააღმდეგეებს, პირველ რაუნდში, მეორეში! მეხუთეში! მისი ოსტატობა გასაოცარია! ჯონ სალივანის მიერ სპეციალურად მის დასამარცხებლად გაწვრთნილ მოჭიდავეს კიდ კატლერს ერთ რაუნდში ამუთაქებს და ღიმილით ეკითხება მაყურებლებში ჩაქუფრულ უხელთათმანო კრივის ლეგენდას, აბა, როგორ მოგწონს კაპიტანოო?
ან რა უნდა უქნას ერთმა თუნდაც საუკეთესო მოწინააღმდეგემ “სამეფო ბრძოლის” ბრმა ხაროში გაზრდილ ჯონსონს?!
მისი სახელი ყველამ იცის, ღამეში 3 000 დოლარს უხდიან და სამიათასივეს იმ ღამესვე ხარჯავს. ყველაზე ახალი და სწრაფი მანქანებით დაქრის, საკუთარ კერპად ნაპოლეონ ბონაპარტი გამოუცხადებია და უკვე ღიად დაიარება თეთრი ქალების თანხლებით.
1901-1910 წლებში ამერიკაში 846 შავკანიანს ლინჩის წესით რომ ასამართლებენ, ამაში თავისი წვლილი ჯონსონის აღვირახსნილ პოპულარობასაც აქვს შეტანილიო, მაგრამ ესენი ჯეკს არ აინტერესებს, ორი წელი სან-ფრანცისკოდან პარიზამდე ჩრდილივით თან სდევს ტომი ბერნსს, რას ჩხუბობ ამ თეთრ პირსახოცებთან, ჩემთან გამოდი რინგზე, რომ ნაღდი კრივი გასწავლოო!
ჯონსონმა იქამდე არ მოისვენა, სანამ ხალხში ხმა არ დაირხა, ბერნსი აფერისტიაო და კანადელმა ჩემპიონმაც საკუთარ ღირსებას ისეთი ფასი დაადო, რომელსაც ეგონა, არავინ გადაიხდიდა - 30 000 დოლარი.
გადამხდელი იმწამსვე გამოჩნდა. ავსტრალიელ პარლამენტარს და ჩალიჩას ჰიუ მაკინტოში ერქვა. ბერნსმა გამოწვევა მიიღო, ოღონდ გაყიდული ბილეთებიდანაც მინდა პროცენტიო! ჯონსონს კი მხოლოდ 5 000 დოლარი ერგებოდა.
ბრძოლა 1908 წლის 26 დეკემბერს, სიდნეიში დაითქვა. ბერნსი დაუმარცხებელი ჩემპიონი იყო, ჯონსონს მუშტით ვერ ეხებოდნენ. ნახავთ, რას დავმართავ მაგ ნიგერსო - იქადნებოდა კანადელი. ჯონსონის ვარჯიშებზე ავსტრალიელი თეთრი ქალების ტევა არ იყო. მოკლედ კონზე ბევრად მეტი იდო, ვიდრე კრივი.
ბრძოლის დღეს, გადაჭედილ სტადიონზე მხოლოდ აქა-იქ თუ ერია შავი სახე. ჯონსონს აგინებდნენ, მოკვლით ემუქრებოდნენ, დასცინოდნენ, ის კი პასუხად საჰაერო კოცნებს აგზავნიდა. მსაჯი თვითონ მაკინტოში იყო.
ჯონსონმა სახეში შესცინა ბერნსს და რამდენიმე წამში ძირს გაშხლართა. ბერნსი წამოდგა და ჯეკმა ხელმეორედ დააგდო. კარგი მოკრივე იყო და მეტი არაფერიო, იხსენებდა ჯონსონი.
მისი და ბერნსის ბრძოლის კადრები დღემდეა შემორჩენილი და მე დღემდე მიკვირს, როგორ არ მოკლეს ჯონსონი, იქვე, იმ რინგზე. ჯეკი ხომ ღიმილით, ქალივით იხუტებდა ტომის, გეგონება ეცეკვებაო და თან მაყურებლებს ელაპარაკებოდა, მერე მუცელზე იდებდა ხელს, მოდი ტომი აი, აქ დამარტყიო და მსუბუქად შემოკრავდა სახეში მუშტს. იცოდა, როცა უნდოდა, მაშინ დააგდებდა და ეთამაშებოდა, ოღონდ, თან უმოწყალოდ სცემდა, თუმცა როგორც კი ტომის მუხლები მოეკეცებოდა, მკლავებში იქცევდა, ასვენებდა და ისევ სცემდა. სულ ღიმილით.
მერე ნელ-ნელა დაიწყო: ბრძოლა შეწყვიტეთო! რა ბრძოლა, ჩემს ძმისშვილს კრივს ვასწავლიო, გაიკვირვა ჯონსონმა. მეთოთხმეტე რაუნდში კი თამაში მობეზრდა და ისეთ დღეში ჩააგდო ბერნსი - პოლიციამ კინოკამერა გათიშა და მსოფლიოს, პირველი შავკანიანი მძიმეწონოსანი ჩემპიონის ზეიმის ნაცვლად, მხოლოდ ის შავ-თეთრი კადრიღა შერჩა, როგორ უსუსურად წაქანებულა მაღალი დაკუნთული შავი კაცის მუხლებისკენ თეთრი ჩემპიონი. ჯეკ ჯონსონი ოცდაათი წლის იყო.
თეთრმა ამერიკამ თავი იმართლა: რომელი ჩემპიონი ეგ ბერნსია? მაგან ტიტული იმის მერეღა მოიგო, რაც ჯიმ ჯეფრისი წავიდა! ჩვენი ნამდვილი ჩემპიონი ისევ ჯეფრისია! ჩვენი გრიზლი! კარიერაში მთელი ძალით არავისთვის რომ დაურტყამს მუშტი, იცოდა, ადგილზე მოკლავდაო.
ჯეკ ჯონსონი კი სამშობლოში ბრუნდება და სახალხოდ ახლის სახეში თავის წარმატებას საკუთარ ქვეყანას. მის ძვირფას გარდერობზე უსასრულო, მხოლოდ მისი სითამამეა, მის ბრილიანტებზე კაშკაშა - მისი გამარჯვებები, მის ქალებზე მეტი - მხოლოდ მისი საუკეთესო ტყავის ხელთათმანები! თეთრების უბანში სახლდება ყველაზე დიდ და ლამაზ სახლში. მენეჯერს, რომელიც აფრთხილებს, ზედმეტი მოგდისო - სამსახურიდან აგდებს! სიჩქარე უყვარს და თუკი ახალთახალი სარბოლო მანქანა შემოემტვრევა, მეორე დღეს ახალს ყიდულობს, თეთრ პოლიციელს, სწრაფად ტარებისთვის ორმოცდაათდოლარიან ჯარიმას რომ უწერს, სიცილით აწვდის ასდოლარიანს, უკანაც ამ სიჩქარით ვაპირებ მობრუნებასო! ღიმილით ხვდება თეთრ ფოტოგრაფებს, მათი სურათებიდან დასცინის მსოფლიოს და საერთოდ არ აინტერესებს არც თეთრები და არც შავები.

მაგრამ ის, რაც სულერთია მისთვის, მკაცრად ისჯება მის ქვეყანაში და ამერიკული ძვირიანი სასტუმროები ჯონსონს მიღებაზე უარს ეუბნებიან, თეთრი ცოლი გყავთ, ჩვენ კი შავ-თეთრ წყვილებს არ ვიღებთო. ამ მიზეზითვე უქმდება გალვესტონში ჯეკის საზეიმო დახვედრა და ჯონსონიც ჭკუას ხმარობს, ჩემი ცოლი თეთრი არ არის, მულატიაო!
ჯონსონი ჩიკაგოში დასახლდა, იქვე უყიდა დედამისს დიდი და ლამაზი სახლი და ახალი მენეჯერიც აიყვანა პოლიტიკური კავშირებით - ჯორჯ ლითლი. სწორედ ლითლის დახმარებით შედის ბორდელების უზომოდ მოყვარული ჯონსონი 1909 წელს ჩიკაგოს ყველაზე ელიტარულ საროსკიპოში, სადაც არასოდეს დაუდგამს ფეხი შავს და ცხრა თეთრი ქალით ბრუნდება თავის სასტუმროში, ერთ-ერთი მათგანი მილუოკელი პოლიციელის შვილი, ბელ შრაიბერია და უკვე ორი თეთრი ქალის თანხლებით სერავს ქვეყანას.
ვოდევილებში მონაწილეობას იწყებს, შავკანიანი მუშის წლის ხელფასს კვირაში იღებს და აგრესიულია, თუკი ყველაზე "თეთრ" რესტორნებსა და კლუბებში ისე არ მოექცევიან, როგორც სხვებს. მის მესამე თეთრ გატაცებას ეტა დურიე ჰქვია.
ჯიმ ჯეფრისი კი არ ბრუნდება და ჯონსონი მთქნარებით ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. ვიქტორ მაკლაგლენთან ბრძოლისას რაუნდებს შორის სკამზეც კი არ ჯდება, მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ბობ ფიცსიმონსს ორ რაუნდში უგებს, მერე დიდ ალ კოფმანს, მერე კი საშუალოწონოსან ლეგენდას და მის მეგობარს სტენლი კეჩელს თანხმდება, მოდი ცოტა ფული გავაკეთოთო. ოღონდ, ნოკდაუნით არ დააგდოო, გააფრთხილეს ჯონსონი და ყველაფერი კარგად იყო, სანამ მეთორმეტე რაუნდში კეჩელმა უცებ თავისი მურტალი მარჯვენით ძირს არ გააწვინა ჯონსონი. ჯეკი მიხვდა - მახე დაუგეს, ეგრევე წამოდგა და იმავე წამს ისე გათიშა კეჩელი, მეგობრის კბილები ხელთათმანზე შერჩა.
კეჩელის თავზე წამომდგარი მსაჯი თვლას რომ იწყებს, ჯეკს ცალი ხელი თოკზე ჩამოუდია, მეორე უდარდელად დაუსვენებია თავის შავ მენჯზე და იქიდან დაჰყურებს უგონოდ გაშხლართულ კეჩელს, მოცინარი და გამაღიზიანებლად მაგარი. მეოთხე წელია, არ წაუგია.
ჯეფრისის ფერმა წერილებმა აავსო - თეთრი რასის ღირსებაა დასაცავი, ეს გორილა ამბობს, თქვენი ჯეფრისი უკვე ვიცე-ჩემპიონია და თუკი ტიტულის დაბრუნება უნდა, მოვიდეს და შენ კიდევ ფერმაში იმალებიო! ჯეფრისს დიადი თეთრი იმედი შეარქვეს და ისიც ბოლო-ბოლო დათანხმდა.
ამბავი ცეცხლივით მოედო მსოფლიოს და მარჯვე ხალხში ალიასკაზე, ოქროს ციებ-ცხელების დროს გამდიდრებულმა, კრივის და დოღების ორგანიზატორმა ტექს რიკარდმა იმარჯვა და იმ დროისთვის ასტრონომიული თანხის, 100 000 დოლარის შეგროვებას შეჰპირდა მოკრივეებს, მოგებული ნახევარს დაიტოვებსო! ამას დამატებული გარანტირებული 10 000 თითოსო!
ბრძოლა 1910 წლის, არც მეტი, არც ნაკლები, 4 ივლისს უნდა ჩატარებულიყო სან-ფრანცისკოში. მაგრამ ჯონსონს უკვე დაეფრთხო ამერიკა - თუკი მოიგებს, მთელი შავკანიანობა მის გზას დაადგება, ჩვენნაირად მოინდომებენ ცხოვრებას და მაშინ რაღა გვეშველებაო? ამ ბრძოლას უკვე ცხრა კამერა იღებს, ყველას ვერ გავთიშავთ და ამ კადრებმა ფილიპინებზე ან სამხრეთ-აფრიკაში რომ ჩააღწიონ, იქაურ თეთრებს არ გაუფუჭდებათ საქმეო?! საერთოდაც, ეს კრივი ძალადობაა და რატომ ვაყურებინებთ ჩვენს შვილებს ამ სიმხეცეს, რატომ არ ვკრძალავთო?
...და 6 ივნისს კალიფორნიის გუბერნატორმა თავის შტატში ამ ბრძოლის ჩატარება აკრძალა. ტექს რიკარდს უკვე გაეყიდა 20 000 ბილეთი და სტადიონიც აეშენებინა სან-ფრანცისკოში, ახლა კი სამი კვირაღა რჩებოდა. მაგრამ ეს ამერიკა იყო!
ფულზე ჩხუბი ნევადაში იყო ლეგალური და რიკარდმაც ამერიკის განქორწინების დედაქალაქი - რინო აირჩია! რკინიგზის ხაზი აქ უფრო დიდია და მეტი მაყურებელი ჩამოვაო!
რინო კაზინოების, ბარების და სროლების ქალაქი იყო, ველური დასავლეთის უკანასკნელი ნავსაყუდელი მეოცე საუკუნეში, ერთადერთი ადგილი, სადაც მაშინდელ ამერიკაში განქორწინება ოფიციალურად შეიძლებოდა. თუკი ჩაწყობა არ იქნება, მაშინ კრივი რა პრობლემააო - უთქვამს ნევადის გუბერნატორ დენვერ დიკინსონს და საუკუნის ბრძოლა რინოში დაანონსებულა. უდაბნოში შეკარგულ პატარა ქალაქში მოკრივეებზე ადრე 500 ჟურნალისტი ჩავიდა.
ჯონსონი ჩვეულ სტილში ვარჯიშობდა, ღიმილით და ქალებთან არშიყით. ჯეფრისი ამბობდა, რახან მთელი თეთრი რასა ელოდება, რომ მისი ათლეტური უპირატესობა დავამტკიცო, შევეცდები, სწრაფად მოვიგოო. მის ბანაკში მნახველთა მდინარე არ წყდებოდა, მაგრამ ამას ჯეფრისისთვის ხელი არ შეუშლია - თეთრების მთავარმა იმედმა ივნისის ბოლოსთვის ორმოც კილოზე მეტი დაიკლო და დალილავებულ სპარინგ პარტნიორებს მაისურებივით იცვლიდა. ჯეფრისს ძველი ჩემპიონები აკითხავდნენ: ჯო სალივანი, ტომი ბერნსი, მის მწვრთნელად დამდგარი ჯიმ კორბეტი კი ამბობდა, ჯეფრის გამარჯვებას იმიტომ კი არ ველოდები, რომ ჯონსონი ზანგია, არამედ იმიტომ, რომ ჯონსონი ის ზანგია, ვისაც თავი თეთრზე მაგარი ჰგონიაო. ჯეფრისის ბანაკში იყო ჯონსონის ძველი მასწავლებელი ჯო ჩოინსკიც და სამსახურიდან ახლადგაშვებული მენეჯერი ჯო ლითლი.
უკვე 1 ივლისს რინოში ნემსს ვერ ჩააგდებდი, ხალხს მანქანებში და მაგიდებზე ეძინაო. 3 ივლისს, როცა რინოში სტადიონის აჩონჩხვა სრულდებოდა, პიტსბურგში და კიდევ რამდენიმე ქალაქში პოლიციამ ჯონსონის შავი გულშემატკივრების აქციები დაარბია.
4 ივლისს ამერიკული ქალაქების ტელეგრაფების ცენტრებთან ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, სან-ფრანცისკოში ცოცხალი ტელევიზორი გამართეს, მაღალ ხის ბოძებზე შემოდგმულ რინგზე ორი მოკრივე იდგა, თეთრი და შავი და თავისუფლების დღეს, ცოდვის ქალაქიდან რადიოთი გადმოცემული რეპორტაჟის ყოველ მოძრაობას იმეორებდა. რინოში კი ტექს რიკარდისგან მკაცრად გაფრთხილებული პოლიცია საგულდაგულოდ ჩხრეკდა მაყურებელს, ვინმემ იარაღი არ შეიტანოს და ჯონსონი არ მოკლასო. ცაც ისე მოწმენდილიყო, გეგონება მაღლიდან ლოჟაში მოკალათებული ღმერთი იყურებოდაო, წერს იმ დროის ერთ-ერთი ჟურნალისტი.
დაჩაგრული და მჩაგვრელი, შავი და თეთრი სამყარო, ასეთი ბრძოლა მსოფლიოს, მგონი, მეტი აღარ უნახავს.
ჯონსონი ღიმილით ავიდა რინგზე და ღიმილითვე შეხვდა გუგუნით გამოჩენილ ჯეფრისს და მის უკან ამომდგარ ჯიმ კორბეტს. ჯეფრისმა მაისური გადაიძრო, ლოდივით იყო, ჯონსონმა კუნთებით დანაწნავებული ხელი გაუწოდა, ჯეფრისმა არ ჩამოართვა.
...და ჯონსონმა იგივე დამართა დაუმარცხებელ ჩემპიონს, რაც ტომი ბერნსს - თან სცემდა, თან მაყურებელს უცინოდა, თან “ჯენტლმენ” კორბეტის შეურაცხყოფებს პასუხობდა და თან მალი-მალ ეკითხებოდა ჯიმს: "ჰა, მისტერ ჯეფრის, რამე ხომ არ გატკინეო."

მეთოთხმეტე რაუნდში, როცა თვალებდასიებული და ცხვირგატეხილი ჯეფრისი საკუთარ სისხლში ამოთხვრილიყო, ჯეკს ზურგზე ოფლი არ ეტყობოდა. მეთხუთმეტეში კი ჯონსონმა ღიმილით დააგდო დაუგდებელი ჯეფრისი და თათმანიანი ხელები გვერდებზე შემოიწყო. ჯეფრისი წამოდგა და ჯონსონმა მეორედ დააგდო, მერე მესამედ, ვიღაცები რინგს ეცნენ, თეთრი ლეგენდა, ზანგს არ დაანოკაუტებინოთო! და ჯეფრისის მხარემ ბრძოლა შეწყვიტა.
როცა ტექს რიკარდმა ჯეკ ჯონსონის ხელი ასწია, ჯეფრისის გულშემატკივარი ჩუმად გაიწრიტა სტადიონიდან. საუკეთესო წლებშიც კი ვერ ვაჯობებდიო - უთქვამს ჯიმ ჯეფრისს.
ის ფოტო კი, რომელზეც შეშინებული თეთრი სახეებით ალყაშემორტყმულ რინგზე ამაყად აზიდული შავკანიანი მონების შთამომავლის ფეხებთან მუხლმორთხმულ, ბავშვივით უსუსურსახიან ამერიკის დიად იმედს ძალაგამოცლილი მარჯვენა რინგის თოკისთვის ჩაუჭიდია, საუკუნეებს იტევს და ჩემი აზრით, ფორმანის თავზე შეყინულ მუჰამედ ალის მუშტზე და შმელინგის და ლუისის ბრძოლებზე ბევრად მეტია.

შავებმა მთელს ამერიკაში ზეიმი და თეთრების დაცინვა დაიწყეს, თეთრებმა - შავების რბევა. სისხლი ორივე მხარეს დაიღვარა. ჯეკ ჯონსონი კი შამპანურში მოტივტივე მატარებლით ბრუნდებოდა ჩიკაგოში და თან 65 000 დოლარი მიჰქონდა.
7 ივლისს, ჩიკაგოს შავკანიანობამ სადგურიდან ყვავილებით მორთულ დედის სახლამდე მიაცილა მათი პირველი მძიმეწონოსანი ჩემპიონი. პატარა ბიჭები ხეებზე და მეზობელ სახლებზე ძვრებოდნენ, რომ თვალი მაინც მოეკრათ მეორე სართულის ფანჯარაში გადმომდგარი გმირისთვის.
ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, მაგრამ ნაპოლეონსაც ასე ედგა ფრანგი ხალხი გვერდში, ოღონდ იქამდე, სანამ იმარჯვებდა, თუმცა დამარცხებული ყველამ მიატოვა და მე ის უფრო გამიხარდება, თუკი დამარცხებულიც ასე გეყვარებითო - ჩამოსძახა ჯონსონმა სახლის წინ მოზღვავებულ გულშემატკივარს.
ეგეთი კაცია, ყველას თითი უნდა ატაკოს თვალში. მაგრამ მასთან ერთად ამერიკაში ახალი გამონათქვამები მკვიდრდება: ყავა ისეთი შავი და მაგარი მინდა, როგორც ჯეკ ჯონსონიაო! ისე ამითქვიფე კვერცხი, როგორც ჯონსონმა ჯიმ ჯეფრისიო!..
უსწრაფეს ახალ მანქანებში, ბეწვის მბზინავი ქუდით და ბეწვისსაყელოიან უძვირფასეს პალტოში, თეთრ ქალებთან ერთად, პირში გაჩრილი იმ სიგარით, თეთრებსაც რომ უჭირთ ყიდვა და ბედნიერი გამოხედვით, ჯონსონი უკვე მარტო ამერიკის კი არა, მსოფლიო წყობაში აფურთხებს, ღამით ესხმიან თავს დედამისის სახლში (ყაჩაღების უკან ბნელში ცეცხლმოკიდებული ჯვრის წინ დამწკრივებული ძაბრქუდიანი კუკულუსკლანი დგას), ვერაფერს აკლებენ და კანონით უწყებენ შეტევას: კინოთეატრებში მისი კრივის ჩვენება იკრძალება, მისი ყოფილი თეთრი მენეჯერები სასამართლოში უჩივიან, ანაზღაურება არ მოუცია და საერთოდაც, კეჩელთან და ჯეფრისთან ჩხუბები ჩააწყოო.
ჯონსონი ყველგან არაოფიციალური ცოლებით და საროსკიპოებიდან წამოყვანილი თეთრი ქალებით დადის და რამდენიმედღიან ორგიებს აწყობს, ვოდევილების დროს გადაჭედილი დარბაზიდან უსტვენენ, აგინებენ და ქუჩაში გამოსულს ქვებს ესვრიან, პოლიცია კი ისევ მას აჯარიმებს სიჩქარის გადაჭარბებისათვის. მოგზაურობებში, სასტუმროებსა და მატარებლებში გადასახლებულ ჯონსონს ქალების და მუქთა მჭამელების გუნდთან ერთად მუდამ თან სდევს სკანდალი და მიუხედავად იმისა, რომ მისი ღიმილი თითქოსდა ძველებურად უდარდელია, ჯეკი სასმელს ეძალება. პიტსბურგში ისეთი მთვრალია, სცენაზე ვერ ადის და სასტუმროს ფანჯრიდან ცდილობს გადახტომას, ექიმი ეუბნება, ნერვული აშლილობა გაქვს და უნდა დაისვენოო. პასუხად მსოფლიოს ჩემპიონი საკუთარ ვაგონს ქირაობს, ტურს აგრძელებს და სამ დღეში 1000-დოლარიან ჯარიმას ირტყამს ახალგაზრდა თეთრი ქალის შეწუხებისთვის. საშუალო კლასის შავკანიანები თავიანთ ქალიშვილებს აფრთხილებენ, მაგ კაცისგან თავი შორს დაიჭირეთო. მუქარის წერილები ერთი-მეორის მიყოლებით მოდის, პიტსბურგში ვინმე ბუკს ბაფინგტონი ტრაბახობს, ჯონსონს შუბლი უნდა გავუხვრიტოო და როცა მთვრალი ჯეკი სცენაზე ვერ ავა, სხვა შავკანიანს მოკლავს. რომელი ღიმილი გაუძლებდა ამას?
მთვრალმა ჯონსონმაც ეტა დიურიე სცემა, ქალი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ჩანს, ეტას მართლა უყვარდა ჯეკი. აბა, ისე ვინ შეეგუებოდა მის რელსებზე გადებულ ცხოვრებას, მის მუდამ განახლებად ჰარამხანას და იმ სიძულვილს და მარტოობას? ეტა ეზიზღებოდათ თეთრებს და არ უყვარდათ შავებს და მაინც, 1911 წელს ჯეკ ჯონსონმა და ეტა დიურიემ ჩუმად, უფრო კი “ხმადაბლა” დაიწერეს ჯვარი.
სადაა ის ჩემპიონი, მაგის ოქროსკბილიან თავხედ ღიმილს რომ მოგვაშორებსო? წუხდნენ თეთრები და ერთი მეორის მიყოლებით აწყობდნენ კრივის ტურნირებს - იქნებ, ვინმე გამოჩნდესო. ჯონსონი ღიმილით იჯდა ამ შეჯიბრებების მაყურებელთა პირველ რიგებში, მშვიდი და ამაყი და ვერავის პოულობდა, შავკანიან მოკრივეებთან ბრძოლაზე კი უარს ამბობდა, ფული მანდ არ არის და თან მეც ხომ მსოფლიო ჩემპიონი ვარ და თუკი ჯეფრისს შეეძლო შავ-თეთრი საზღვრის გავლება, მე რატომ არ შემიძლიაო?
მერე თეთრი მეხანძრე ჯიმ ფლინი გამოჩნდა, მაგ ნიგერთან თუ წავაგე, ტყვია დამახალეთო. ბრძოლა 1912 წელს დაინიშნა, ფოტოზე ფლინი თითის წვერებით ართმევს ჯონსონს ხელს. ჯეკს თითქმის არ უვარჯიშია, ფლინმა ხელებთან ერთად თავიც იხმარა, ჯონსონი რვა რაუნდი გაერთო მეხანძრით, მეცხრეში ფლინმა ხელახლა აარტყა თავი ნიკაპში და ბრძოლიდან მოხსნეს.
ამერიკამ ამერიკული კრივის ვიდეოჩანაწერების ექსპორტი აკრძალა. ჯონსონმა ჩიკაგოში საკუთარი კლუბი გახსნა, სადაც ნებისმიერი ფერის ადამიანს შეეძლო შესვლა, ოღონდ შებინდებულზე. ჯეკი და ეტა კლუბის თავზე დასახლდნენ. 1912 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ეტამ ჯეკი სადგურზე გააგზავნა, მატარებლის ბილეთები გადაცვალეო და რევოლვერით მოიკლა თავი. დედისადმი მიწერილი მისი გულსაკლავი ბოლო წერილი დაღლილობით, სასოწარკვეთით და ჯეკზე ზრუნვითაა სავსე - ჩიკაგოში დამასაფლავეთ, აქ მაინც დავისვენებო.
ამასობაში, თეთრების ნანატრი ჩემპიონიც გამოჩნდა. ილინოისელმა თეთრწვერა და შავწარბა მოხუცმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს რაპედ მანმა შტატიდან შტატში თეთრი როსკიპების გადაყვანა აკრძალა.
ჯეკს ახალი თეთრი გოგო ჰყავდა - ცხრამეტი წლის ლუსილ კემერონი. ლუსილის დედამ ჯონსონს ჰიპნოზის გამოყენებაში დასდო ბრალი და უჩივლა - მირჩევნია, ჩემმა შვილმა მთელი ცხოვრება ციხეში გაატაროს, ვიდრე ზანგის მკლავებშიო. და მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონს ლუსილი “ლიეიზონად” ჰყავდა გაფორმებული, 1912 წლის 18 ოქტომბერს ჯეკ ჯონსონი დაიჭირეს, თვითონ 800 დოლარად გამოუშვეს, ლუსილში გაცილებით მეტი მოითხოვეს, ბანკში მისული ლამის ბრბოს ჩააქოლინეს და მის კლუბს ლიცენზია შეუჩერეს.
სხვისი ცოლი თუ არ წამოვიყვანე, ვისაც მინდა, იმას ავირჩევ, მე მონა არ ვარო - უკან არ დაიხია ჯონსონმა. კაცმა მხოლოდ თავისი სურვილების გამო, საკუთარი ხალხი ასე არ უნდა დააზარალოს, ტვინის გარეშე ყველაზე ღონიერი კაციც კი უაზრო ქმნილებააო - წერს იმ დროის ფერადკანიანთა ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი, მწერალი და ორატორი ბუკერ ტ. ვაშინგტონი.
ვაშინგტონი და მისნაირები მომავალზე ფიქრობდნენ - პროგრესი, განათლება, სოციალური პირობები, ახალგაზრდა თაობა, ისე უნდა განვვითარდეთ - თეთრები არ შევაწუხოთო. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი შავკანიანი კი თავისთვის იყო, სულ ცალ ხელთათმანზე ეკიდა ყველა წესი და მის ქალებს 150-დოლარიანი ქუდები ეხურათ.

ლუსილ კემერონმა სასამართლოს განუცხადა, ჯონსონი ჩემი საქმროაო. საქმე ჩაიშალა და ფედერალურმა ბიურომ თავისი აგენტები აფრინა ქვეყანაში, სადაც გინდათ, იქ წადით და ვისაც გინდათ, იმას დაელაპარაკეთ, ოღონდ ჯონსონს რამე კანონდარღვევა უპოვეთო. ასე დაბრუნდა ჯონსონის ცხოვრებაში ბელ შრაიბერი - თეთრ როსკიპს მთელ ქვეყანაში დამატარებდა მატარებლითო.
მერე რა, რომ მაშინ ეგ დანაშაული არ იყო, ახლა ხომ არისო, გახარებულან კანონმდებლები და 1912 წლის 7 ნოემბერს ჯეკ ჯონსონისათვის სასტუმროში ბორკილები დაუდიათ. შიშისგან ატირდაო, წერდნენ "თეთრი გაზეთები". მოსამართლე ლენდესს ამაყად განუცხადებია, გირაოს არ მივიღებო და ჯეკიც ერთი კვირით სატუსაღოში გამოუმწყვდევიათ.
ციხიდან გამოსულმა ჯონსონმა სახალხოდ დაიწერა ჯვარი ლუსილ კემერონზე. პასუხად, კონგრესში განსახილველად ახალი კანონი შევიდა, შერეული ქორწინებები ავკრძალოთო...
1913 წელს ჩიკაგოში ჯონსონის წინააღმდეგ სასამართლო დაიწყო. მთავარი მოწმე ბელ შრაიბერი იყო. შრაიბერმა ყველაფერი თქვა - ისიც, რომ ჩიკაგოში პატარა ბიზნესი ჯონსონმა თავისი ფულით აუწყო. ჯეკმა ყველაფერი უარყო. მატარებლით სულ ერთხელ წავიყვანე და ფულსაც იმიტომ ვაძლევდი, რომ უსამსახუროდ იყო და სჭირდებოდაო.
თუკი ამ კაცს დამნაშავედ არ ცნობთ, მითხარით, სახლში მიბრუნებულებმა დედებს, ცოლებს და ქალიშვილებს სახეში როგორ უნდა შეხედოთო - გაიძახოდა ბრალმდებელი. ჯეკ ჯონსონი დამნაშავედ სცნეს. ხმა არ ამოუღია, თავის სწრაფ მანქანას მოახტა და იქამდე აბღუილა ჩიკაგოს ქუჩებში, სანამ ჯარიმა არ დაუწერეს.
ერთი წელი მიუსაჯეს. გააპროტესტა და გაქცევა ჩაიფიქრა. ფედერალური ბიუროს აგენტები წამითაც არ შორდებოდნენ. ამიტომ, ბეისბოლის ცნობილ შავკანიან მენეჯერს, ლუ ფოსტერს სთხოვა დახმარება, მისი გუნდის “ფოსტერის გიგანტების” ფორმა გადაიცვა, მათთან ერთად აიპარა მატარებელში და ჩიკაგოდან გაქრა. ამბობენ, არ გაქცეულა, დიდი ფული გადაუხადა ფედერალური ბიუროს აგენტებს და იმათაც გაუშვეს, სხვა დროს დავიჭერთო. ასე იყო თუ ისე, ჯეკი მონრეალში ჩავიდა, სადაც უკვე ელოდებოდა ლუსილი, იქიდან კი ევროპაში გადაინაცვლა თავისი ოქროსფერი ქუდებით და ნიანგის ტყავის ფეხსაცმელებით.
პარიზის საუკეთესო სასტუმროებმა არ მიიღეს. ლონდონში მუსიკოსების გუნდმა მასთან ერთად სცენაზე გამოსვლა იუარა. ჯონსონს ფული შემოაკლდა, რის გამოც 1914 წლის 7 ივნისს პარიზში პიტსბურგელ ფრენკ მორანთან ბრძოლას დათანხმდა. კრივი გრძელი უნდა ყოფილიყო, ორგანიზატორებს ფილმის გაყიდვა უნდოდათ. მორანმა ერთი მოარტყა ჯონსონს, ჯეკმა ღიმილით დაუკრა ტაში, გამოწვდილი ხელი არ ჩამოართვა, სცენარს გაჰყვა და ოც რაუნდში მოუგო.
მერე სარაევოში პრინცი ფრანც-ფერდინანდი მოკლეს, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და 1915 წლის 7 აპრილს ჯეკ ჯონსონმა ამერიკელ ჯეს ვილარდთან ბრძოლას მოაწერა ხელი.
ვილარდი ორი მეტრი და 113 კილო იყო და თუკი იმ დროს მეტრი და ოთხმოცდაექვსი სანტიმეტრი სიმაღლის ჯონსონი ლამის ერთი თავით მაღალია ყველაზე, ვილარდს გოლიათის სახელი დამსახურებულად უნდა მოეპოვებინა. ტლანქი, მოუქნელი, საშინელი ძალის მარჯვენა მუშტით - ვილარდისნაირები ჯეკს უამრავი დაერწია.
ბრძოლა ამერიკაში ვერ გაიმართებოდა, ჯონსონი ძებნილი იყო. ამბობენ, თავიდან მექსიკა გადაწყდა, ჯეკის კრივის ხილვა პანჩო ვილიას უნდოდა ძალიანო, მაგრამ ორგანიზატორებმა ჰავანა აირჩიეს - აქ უფრო მეტი ამერიკელი ჩამოვა იმის სანახავად, რაც ჯიმ ჯეფრისმა ვერ გააკეთაო.
ვილარდი 27 წლის იყო და ჩემპიონობა უნდოდა, 37 წლის ჯონსონს - ფული და სახლში დაბრუნება. ვილარდი ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა ბრძოლას, ჯეკს კი უკვე ღიპი დატყობოდა. იყო თუ არა მოლაპარაკება, არავინ იცის. ზოგი ამბობს იყოო, ზოგი - ჯონსონი ვილარდს სერიოზულად არ მოეკიდა, არ ივარჯიშა და საერთოდაც, ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსულიო, ზოგიც - ივარჯიშა, თუმცა მიხვდა, ვეღარასოდეს გახდებოდა ძველებური რკინის ჯეკი, ისე რომ იჩხუბებდა ოც რაუნდს, სუნთქვა არ აუჩქარდებოდა და სწორედ ამიტომ შეცვლა თავისი მუდამ ფრთხილი, გამოფიტვაზე და კონტრშეტევაზე აწყობილი კრივი თავზეხელაღებული იერიშითო.
ნამდვილად მხოლოდ ის ვიცით, რაც მოხდა: ჯეკმა რვა რაუნდი ასისხლიანა ვილარდი, მაგრამ ვერ დააგდო. მერე სწრაფ, მოწურულ მოძრაობებში სიმძიმე ჩაეღვარა, კიდევ თორმეტი რაუნდი მოიგო, ოცდამეექვსეში კი ისე ნელა აითრია ტანი სკამიდან, თითქოს იცოდა, რაც მოხდებოდა.
ვილარდმა თავისი ცნობილი მარჯვენით დააგდო ჩემპიონი. ჯონსონმა ისე აიფარა სახეზე ხელები, გეგონება, მზეს იჩრდილავსო. ეგრე დაელოდა ათ დათვლას და 35 000 დოლარით დაბრუნდა ინგლისში. ამერიკამ მიღებაზე უარი უთხრა.
იმასაც ამბობენ, ოცდამეხუთე რაუნდის ბოლოს თავის მწვრთნელებს სთხოვა, ნელ-ნელა ვიღლები და ჩემს ცოლს ყურადღება მიაქციეთ, აქედან უსაფრთხოდ გავიდესო, ლუსილს კი გასძახა, აი, მგონი ის ბოლოც მოვიდა, რაზეც ესენი ხუთი წელია ოცნებობენო.
ეთიოპიელი განეიტრალებულია, მორჩა, ამის შემდეგ აღარასოდეს იარსებებს შავკანიანი მსოფლიოს ჩემპიონიო - წერდნენ გაზეთები. თეთრმა სამყარომ ამოისუნთქა, ვილარდი ჩემპიონად კი არა, მხსნელად იქცა.
ჯონსონმა ლონდონში თავისი ვოდევილის რეჟისორი გათიშა და იძულებული გახდა, ესპანეთში გადაბარგებულიყო.
მერე მოინდომა, პირველ მსოფლიო ომში ამერიკულ ჯარს მოხალისედ შეერთებოდა, მაგრამ უარი უთხრეს, ფრანგებმა კი თავიანთ ქვემეხს მისი სახელი დაარქვეს. ამასობაში, დედა გარდაეცვალა და ამერიკამ ისევ არ მიიღო - თუ გინდა, ჩეკი გამოაგზავნე დასაფლავების ხარჯებისთვისო.
ჯეკი ბევრს სვამდა და ხმამაღლა აგინებდა თავის სამშობლოს. ის და ლუსილი მექსიკაში გადავიდნენ, თუმცა ჯეკს მაინც ამერიკისკენ მიუწევდა გული. 1920 წელს სამშობლოში მიიწერა, ჩამოვალ და ჩავჯდები ციხეში, ოღონდ დამამცირებლად არ მომეპყროთ და სატუსაღოს კარამდე შავმა პოლიციელმა მიმაცილოსო. დამამცირებლად არ მოგექცევით და ეგ იმყოფინეო, მოუვიდა პასუხად და 20 ივლისს ჯეკ ჯონსონმა ტიჰუანადან ამერიკის საზღვარს გადააბიჯა. მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს გულშემატკივრის ნაცვლად მომღიმარი პოლიცია დახვდა. დამარცხებულ შავ ნაპოლეონს ყველა სადგური შავკანიანი ამერიკელებით გადაჭედილი ხვდებოდა.
როცა შესთავაზეს, ციხეში მანქანით წაგიყვანთო, თვითონ მოახტა საჭეს და გზაზე წამოშლილი მტვერით მიადგა საპყრობილის კარს. ციხეების უფროსი ნევადის ყოფილი გუბერნატორი დენვერ დიკინსონი აღმოჩნდა და ჯეკმაც გემრიელად მოიხადა სასჯელი და იქვე, ციხის კედლებში ჩაატარა რამდენიმე ბრძოლა.
ციხეშიც ჯეკ ჯონსონად რჩებოდა. დილის თვლაზე არ დგებოდა და ყველაფერს მაშინ აკეთებდა, როცა უნდოდა, ციხიდან გამოსულმა კი ვილარდისთვის ტიტულის ამრთმევ ჯეკ დემსის შესთავაზა ბრძოლა, მაგრამ ძველებური უარი მიიღო - ზანგებთან არ ვჩხუბობო და ჯეკმაც იმათთან დაიწყო ბრძოლა, ვინც თანხმდებოდა. ვოდევილში მონაწილეობა განაახლა, გაიძახოდა, ოტელო მათამაშეთო. ჰარლემში საკუთარი კლუბი “კაფე დე ლუქსი” გახსნა, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა განგსტერმა ოუნი მედონმა იყიდა და “კოტონ-კლუბად” გადააკეთა და მიუხედავად ამისა, სანამ შეეძლო, ჯეკი დიდი სიამოვნებით ირგებდა ხელთათმანებს და მოფლაშული სხეულით და ძველი ღიმილით ადიოდა რინგზე.
1924 წელს ხელახლა შეირთო თეთრი ცოლი. 1927 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი “რინგზე და რინგს გარეთ” დაწერა, სადაც საკუთარი თავი უძლეველ სუპერგმირად ჩამოქნა, რომელსაც არასოდეს უთქვამს ტყუილი, მუდამ ცდილობდა, ახალგაზრდა გოგოები ღამის კლუბების მომწამვლელი გარემოცვიდან დაეხსნა, კრივს კი მხოლოდ მაშინ აგებდა, როცა უნდოდა - ვილარდთან ბრძოლაც ჩაწყობით წავაგეო. მაშინ დროზე წაეგო, რას მაწვალა იმ ჯოჯოხეთში 26 რაუნდიო - უპასუხა ვილარდმა.
1936 წელს ჯონსონი არჩევნებში დემოკრატებს ამოუდგა მხარში და მათაც სიამოვნებით მიიღეს, ჰოლივუდურ ოპერა “აიდაში" ითამაშა ეთიოპიელი გენერალი, კიდევ რამდენჯერმე ავიდა რინგზე და მოწინააღმდეგეები გააოცა, რადგან აღმოჩნდა, რომ “მოხუცი” კვლავაც ძნელი მოსარევია.
...და ძალიან არ ესიამოვნა, როდესაც მისი ჩემპიონობიდან 22 წლის თავზე, მსოფლიო რინგზე მეორე შავკანიანი მძიმეწონოსანი ვარსკვლავი - ჯო ლუისი გამოჩნდა, რომლის სამწვრთნელო შტაბმა ჯერ უარით გაისტუმრა ჯეკის შემოთავაზება, მაგ ახალგაზრდის მწვრთნელობაში ჩამრთეთო, მერე კი ღიად განაცხადა, ჩვენ ბიჭს არაფერი აქვს საერთო ამპარტავან ჯონსონთან, პირიქით, ერთი ჩუმი, გულჩათხრობილია კაცია, მორიდებული და საკუთარი თავის ფასის კარგი მცოდნეო. ისიც კი მსმენია, ლუისი ხალხში და ეკრანებზე ძალით დაადუმეს და დაასევდიანეს, მოგების შემთხვევაში გაღიმება, ბარში მარტო შესვლა და თეთრ ქალებთან ფოტოს გადაღებაც კი აუკრძალეს, არიქა, ვინმემ ჯონსონობაში არ დაგვდოს ბრალიო!
და ჯეკმაც ჟურნალისტებს განუცხადა, ლუისი ნაცისტური გერმანიის მთავარ მოკრივესთან, მაქს შმელინგთან წააგებსო და ამბობენ, შმელინგს იმაში მიეხმარა, რაშიც ბადალი არ ჰყავდა, ლუისის სუსტი წერტილების პოვნაშიო და როცა შმელინგმა ჯო ლუისი მთელი ამერიკის თვალწინ, ამერიკაშივე დაანოკდაუნა, ძველმა მოკრივეებმა ჯეკ ჯონსონი ყველა დროის ყველაზე დიდ ჩემპიონად აღიარეს, ჯიმ კორბეტმაც კი. და შესაძლოა, ჯეკ ჯონსონი ყველა დროის ყველაზე დიდი ჩემპიონი არ იყოს, მაგრამ ის პირველი დიდი ჩემპიონია, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა კრივიც და სამყაროც, თვითონ კი ძველებური დარჩა თავისი უმართაობით, შოუებით, ცეკვებით, დალევებით და სწრაფი მანქანებით.
1946 წლის 10 ივნისს, როდესაც ერთ-ერთ კაფეში შესულს უთხრეს, კაფის უკან გადი და იქ ჭამეო, უხმოდ დაემორჩილა თეთრ ოფიციანტს. მოხუცებული იყო და თავი აღარ ჰქონდა თუ ცხოვრებას მოეთვინიერებინა, არ ვიცი, მაგრამ იქიდან გამოსულმა ბოღმიანად მიაჭირა ფეხი თავისი ახალი სარბოლო მანქანის გაზის პედალს, პატარა ქალაქ ფრანკილტონთან საჭე ხელიდან გაექცა, სატელეფონო ბოძს შეასკდა და საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო. დაასაფლავეს ეტა დიურიეს გვერდით. ჯეკ ჯონსონი 68 წლის იყო.
ტალახის მსროლელები დღემდე არ მოკლებია - მაგის დროს კრივი არავინ იცოდა, შეხედეთ, როგორ ჩხუბობენ ჯეფრისი და ვილარდიო. შავკანიან მაგარ მძიმეწონოსნებს მაშინ მოუგო, როცა პატარა და გამოუცდელები იყვნენ, მერე კი სათოფეზე არ იკარებდაო. გამძლე ყბა არ ჰქონდა, რის გამოც კეჩელმაც და ვილარდმაც პირველივე დარტყმით დააგდესო... სულელებს რა დალევს?! გამძლე ყბა კილრეინს ჰქონდა, ჯონსონმა კი ისე გაიარა პროფესიონალი მოკრივის სახიფათო გზა - თოთხმეტი წელი ნოკდაუნში არავის ჩაუგდია, ტყუილად კი არ ამბობენ, მისი უკან გადახრილი კრივი მუჰამედ ალიმ გადაიხატა, გააშალაშინა და წაბასრაო.
ჯონსონის ცხოვრების შესახებ დადგმულ სპექტაკლზე მისულ მუჰამედ ალის ხომ აღტაცებით უთქვამს, თუკი თეთრ ქალებს რელიგიით ჩაანაცვლებ, ჩემი ამბავი გამოვაო. და როგორც ამბობენ, მერეც რინგზე გასული ხშირად დასძახებდა თურმე: "სახლში მოჩვენებაა! სახლში მოჩვენებაა! ჯეკ ჯონსონია აქ!"
ამერიკელ შავკანიან მოკრივეთა კლუბებში დღემდე შემორჩენილია ასეთი ლეგენდა: კარი იღება და ოფლის სუნით გაჟღენთილ დარბაზში ხელჯოხიანი, ძვირიან სამოსში გამოწკეპილი მოხუცი ჯეკ ჯონსონი შემოდის. მაღალია, ჯერ კიდევ ღონიერი, გადაპარსულ თავზე კოხტად მოურგია რუხი ცილინდრი. თქვენი ყველაზე სწრაფი მოკრივე მომიყვანეთო, ამბობს, რინგზე ადის და ხელთათმანებს ირგებს. ბიჭი მოჰყავთ. დამარტყიო, ეუბნება ბებერი ჩემპიონი. ბიჭიც ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. მოხუცი ავაზასავით ფრთხილი და სხარტია. როცა ბიჭი იოფლება, ჯონსონი ხელთათმანებს იძრობს - დაიმახსოვრეთ, ახლა ის ჯადოქრობა ნახეთ, ჩემს წასვლასთან ერთად სამუდამოდ რომ გაქრებაო და მიდის ვერმიმხვდარი, რომ დაბრუნდება ათჯერ უფრო თამამი, უმართავი და მაგარი, იმ შავ ბიჭში ჩასახლებული, რომლის სიდიდესაც ერთი სახელი არ ეყოფა.
კომენტარები