Thumbnail

'ყველაზე მეტად მასთან ბრძოლა მინდოდა' - ხაბიბმა პოდკასტში გულახდილად ილაპარაკა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვმა პირადი და სპორტული ცხოვრების შესახებ ვრცლად ისაუბრა
  • მან კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი MMA-ის ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელა

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ "არწივი" ნურმაგომედოვი FULL SEND PODCAST-ს ესტუმრა და ვრცელ საუბარში ბევრ თემაზე ისაუბრა.

აპირებს თუ არა ბრძოლას მომავალში: "ოქტაგონზე საჩხუბრად არასდროს გავალ. არავინ იცის რა მოხდება ცხოვრებაში, მაგრამ ამას ნამდვილად აღარ გავაკეთებ. მე არც სხვაგან უნდა ვიჩხუბო, რადგან ადამიანებისთვის დიდი ტკივილის მიყენება შემიძლია. პროფესიონალი ათლეტი ვარ, მთელი ცხოვრება სხვისთვის ტკივილის მიყენებას ვცდილობდი, ეს ჩემი სამუშაოა. შეიძლება ვიხუმროთ ამაზე, მაგრამ ჩემნაირებმა ქუჩაში არ უნდა იჩხუბონ. მაგალითად, არა მგონია კარგი იდეა იყოს, ახლა თქვენთან ჩხუბი რომ გადავწყვიტო… ამის გაკეთება არ შემიძლია, უბრალოდ ვერ გავაკეთებ. მსუბუქად ვვარჯიშობ, აღარ ვსპარინგობ, ზოგჯერ ტომრებს ვეთამაშები. ათლეტს არა, მაგრამ ვცდილობ სპორტსმენს ვგავდე და ფორმა არ დავკარგო."

'რაც კონორის დამარცხების შემდეგ გავაკეთე, ახლა, ამ ასაკში იმავეს არ გავიმეორებდი'

შეძლებდა თუ არა ვინმე მის დამარცხებას: "არ მადარდებს, რას ამბობს ხალხი. ყველა ამტკიცებდა, რომ ჯასტინ გეიჯი ჩემი ურთულესი მეტოქე იქნებოდა, მაგრამ რა მოხდა?! როცა კონორს, დოს ანიოსს, ბარბოსას, პურიესა და გეიჯის ვეჩხუბებოდი, გამუდმებით ამბობდნენ, რომ აი, ამ ბიჭს შეუძლია ხაბიბის გაჩერებაო. მე კი ოქტაგონზე გავდიოდი, მეტოქეს ვგრძნობდი და ვფიქრობდი: “იბრძოლეთ მეგობრებო, მაგრამ ეს ბიჭი ჩემს დონეზე არაა."

მისი და კონორის ისტორიაზე: "მასთან ჩხუბი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. მენტალური ბრძოლა ფიზიკურზე არანაკლებ რთულია. ასე ხდება, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ორი ჩემპიონი დგება. მგონია, რომ რაც მისი დამარცხების შემდეგ გავაკეთე (ბრძოლის მოგების შემდეგ ხაბიბი ოქტაგონის გისოსებზე გადაძვრა და კონორის ჯიუ-ჯიცუს მწვრთნელ დილონ დენისს დაარტყა), ახლა, ამ ასაკში იმავეს არ გავიმეორებდი. ბრძოლამდე ის ბიჭი ჩემზე ძალიან ბევრ ცუდ რამეს ამბობდა. მე მხოლოდ მისკენ წავედი, მაკგრეგორის სხვა მწვრთნელებს კი, რა თქმა უნდა, არც შევხებივარ. ამის სურვილიც არ მქონია - ისინი ხომ ასაკში შესული ხალხია და ამას არასდროს ვიკადრებ. თანაც, მათ ჩემზე ცუდი არაფერი უთქვამთ, მარტო დენისი აქტიურობდა. ჩემი გაბრაზება იმანაც გამოიწვია, რომ მაკგრეგორისგან ის წინააღმდეგობა ვერ მივიღე, რასაც ველოდი. ძალიან ადვილად დავამარცხე.

'კონორის და მეივეზერის ბრძოლა ყალბი იყო, ჩემი და მაკგრეგორის კი - ნამდვილი!'

ჩემი და კონორის ბრძოლა MMA-ის ისტორიაში უდიდესი დაპირისპირებაა. ამის მიზეზი მატჩამდე, მატჩის დროს და მის შემდეგ მომხდარი ამბებია. ამ დუელმა მეც სხვა დონეზე ამიყვანა. ლაპარაკობენ, რომ კონორისა და მეივეზერის ჩხუბი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ასე არ ვფიქრობ, ეს ძალიან ყალბი ბრძოლა გახლდათ, ჩვენი კი ნამდვილი იყო."


საოცნებო ბრძოლა: "ცხოვრებაში შანსი რომ მქონოდა, ყველაზე დიდი სიამოვნებით ჯორჯ სენ პიერს ვეჩხუბებოდი. მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ის უკვე MMA-ის ლეგენდა იყო. GSP მამაჩემის საყვარელი მებრძოლი გახლდათ, ის უდიდესი ათლეტია, მაგრამ, მეც დავამთავრე კარიერა და მანაც, თან როცა მე ვიბრძოდი, ის საკუთარი პრაიმისგან შორს იყო. ბოლო ბრძოლები რომ ავიღოთ, ის ჩხუბს მოწყურებულს აღარ ჰგავდა და როცა შიმშილის გრძნობას კარგად, ამ სპორტიდან უნდა წახვიდე. ბოლო რამდენიმე წელი ოქტაგონზე გასვლა არც მე მსიამოვნებდა. კონორთან ჩხუბი ძალიან პრინციპული იყო, ხოლო როცა ჩემპიონი გავხდი, მას მერე ბრძოლის სურვილი გამიქრა, ჩემში ცეცხლი ჩაქრა."

ისლამ მახაჩევზე: "მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. იდეალური მებრძოლია, ყველაფერი აქვს: ძლიერი დარტყმა ხელითა და ფეხით, ჭიდაობა, გამძლეობა. ხალხს ხშირად ვეუბნები და არ ესმით, არსებობენ მაგარი მებრძოლები, არიან ჩემპიონები და არის ელიტა. ამ სპორტში მე რომ მოვედი, 3-4 ელიტური ათლეტი იყო. მიმაჩნია, რომ 2015-2021 წლებში მე საუკეთესო MMA-მებრძოლი ვიყავი, მსუბუქ წონაში ყველას დამარცხება შემეძლო. თუ ისლამი ტემპს არ დააგდებს, მინიმუმ 2025 წლამდე ის საუკეთესო იქნება და ელიტაში შევა."

ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი

მუსიკაზე: "ღამის კლუბში არასდროს ვყოფილვარ, არ მომწონს იქაური განწყობა. ხმამაღალი მუსიკა რომ მომწონდეს, წავიდოდი. Drake? (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე რეპერი) მისი სახელი პირველად მაშინ გავიდე, როცა მითხრეს, კონორის კუთხეში იჯდაო. საერთოდ, მუსიკას არ ვუსმენ, ადრე 2 Pac-ს, 50 Cent-ს, DMX-ს ვუსმენდი ხოლმე, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. დედას გეფიცებით, არც კი ვიცოდი, Drake ვინ იყო. ბრძოლის წინ რა სიმღერითაც გამოვდიოდი, დიდად არც ის მომწონდა, განსაკუთრებული არაფერი იყო."

სიმდიდრესა და პოპულარობაზე: "პოპულარობა ცხოვრებაში არასდროს მინდოდა. მსურდა, უბრალოდ მსოფლიოში საუკეთესო ვყოფილიყავი. როცა პოპულარულ ადამიანებს ვუყურებდი, თანავუგრძნობდი. ჩემზე გაცილებით ცნობილია კრიშტიანო რონალდო და არ მესმის, როგორ ახერხებს ცხოვრებას. ადრე სულ ქუჩაში ყოფნა მინდოდა, ახლა სულ სახლში ვარ, რადგან გარეთ გასვლა შეუძლებელია. ზოგადად, ძალიან რთულია საკუთარ თავთან გამკლავება, როცა პოპულარული ხდები და ბევრი ფული გაქვს. ძალიან ვცდილობ. მაგალითად, მანქანები ძალიან მომწონს - დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ მაინც. მდიდარი ადამიანები ბევრ მანქანას ყიდულობენ, მე კი ცხოვრებაში მანქანა ერთხელ ვიყიდე და მინდა გითხრათ, რომ საოცრად მდიდრული მოდელი არაა, ჩვეულებრივი "რეინჯ როვერია", როგორიც ძალიან ბევრს ჰყავს. ისიც დაღესტანში მიყენია, აშშ-ში მანქანა საერთოდ არ მყავს..."

ხაბიბ ნურმაგომედოვმა მებრძოლის კარიერა 2020 წელს დაასრულა. დაღესტნელმა სპორტსმენმა ოქტაგონზე 29-ჯერ იჩხუბა და ერთხელაც არ დამარცხებულა. "არწივმა" მამისა და მწვრთნელის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა - ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში დააფინიშა. ამჟამად, ხაბიბი შერეული ორთაბრძოლების პრომოუტერი ორგანიზაცია Eagle Fighting Championship-ს ხელმძღვანელობს და მებრძოლებსაც წვრთნის. 

კომენტარები

ბოლო ამბები