Thumbnail
  • საქართველო 25:25 პორტუგალია
  • ბორჯღალოსნებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და შანსი იყო წაეგოთ კიდეც

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი მოულოდნელი ფრით გახსნა. “ბორჯღალოსნები” სასტარტო შეხვედრაში პორტუგალიას დაუხვდნენ და მეტოქეს ზედიზედ მე-10 მარცხი ვეღარ აგემეს - 25:25. ლევან მაისაშვილის ნაკრები კოვიდ-პანდემიისა და ტრავმების გამო, “ლობოშს” გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა, მეტოქე კი დიდი ამბიციითა და სენსაციის იმედით იყო ჩამოსული, სადამდეც ძალიან ცოტა დააკლდა.

მატჩის სტარტზე ქართველი მორაგბეები სასურველ დონეზე ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ, ზედიზედ რამდენიმე შეტევაში ბურთი წინ დაუვარდათ, მეტოქემ კი ბექა გიგაშვილის შეცდომით ისარგებლა და ჯარიმით დაწინაურდა: არცთუ რთული პოზიციიდან ზუსტი დარტყმა სამუელ მარკეშმა შეასრულა – 0:3.

პირველი ტაიმის დაახლოებით ნახევარი ისე გაილია, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქის ლელოს არ მიაახლოებია. რამდენიმე პერსპექტიული შეტევა კი იყო, თუმცა, ისინი ყველა შემთხვევაში შეცდომით სრულდებოდა, ყველაფერს კი წაგებული დერეფნებიც ემატებოდა (მხოლოდ პირველ ტაიმში 5). პორტუგალია ამას ძალიან კარგად იყენებდა, არეულ და სწრაფ თამაშში თავს კარგად გრძნობდა და უპირატესობას ინარჩუნებდა.

“ბორჯღალოსნებმა” პირველი ქულები მხოლოდ თამაშის 26-ე წუთზე აიღეს, როდესაც სტუმრებმა მრავალფაზიანი იერიშის შეჩერება (ის გელა აფრასიძის ჩინებული გადაკიდებითა და მეტოქის 22-თან დერეფნით დაიწყო) მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე მოახერხეს, თედო აბჟანდაძეს კი ჯარიმის გატანა არ გასჭირვებია – 3:3. სამწუხაროდ, “ლობოში” მალე ისევ დაწინაურდა: გურამ გოგიჩაშვილმა ბურთის დროულად გამოტანა ვერ მოახერხა, სტუმართა მღლეტავებმა იყოჩაღეს და მარკეშმა ანგარიში 6:3 გახადა.

ამან “ბორჯღალოსნები” კიდევ უფრო გააბრაზა, რასაც მატჩის პირველი ლელო მოჰყვა. შედეგიანი იერიში ვანო კარკაძის ჩინებულ გარღვევას მოჰყვა, რომელმაც ბურთთან ერთად ოციოდ მეტრი გაიარა, შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაგრძელდა, იქ კი, ხაზი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძემ გაჭრა. გარდასახვა აბჟანდაძემ შეაგდო და ჩვენები 10:6 დაწინაურდნენ.

თითქოს, ამას ქართველი მორაგბეებისთვის თავდაჯერება უნდა შეემატებინა, თუმცა, მსგავსი არ მომხდარა. შეცდომები მრავლად იყო, რაც პორტუგალიელთა ლოგიკური ლელოთი დასრულდა. მანუელ კარდოზუ-პინტუმ ხაზი ძალიან იოლად გაჭრა (მისი შეჩერება დემე თაფლაძემა და ტაბუცაძემ ვერ მოახერხეს) და ბურთის დამიწება არ გასჭირვებია. მარკეშის გარდასახვა არაზუსტი იყო და “ლობოში” 11:10 დაწინაურდა.

დიდი შანსი იყო, პირველი ტაიმი სტუმრებს უნდა მოეგოთ, თუმცა, შესვენებამდე ბოლო შედეგიანი შეტევა ქართველების აღმოჩნდა. პორტუგალია დაცვაში რამდენჯერმე დაჯარიმდა, გელა აფრასიძემ ნაღდ სამ ქულას ბურთის სწრაფად გათამაშება არჩია და არც შემცდარა: გრიგორ ქერდიყოშვილის შეჩერება ვეღარავინ მოახერხა და საქართველო პაუზაზე 4-ქულიანი უპირატესობით (აბჟანდაძეს გარდასახვა გაუცუდდა) გავიდა – 15:11.

ქართველმა მორაგბეებმა მე-2 ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და მართალია, პირველი აუტი ისევ მეტოქეს ჩავაბარეთა, მომდევნო დერეფანს კარგი შეტევა მოჰყვა, მეტოქე ისევ დაჯარიმდა და აბჟანდაძეს ზედ კარის წინიდან ზუსტი დარტყმის შესრულება არ გასჭირვებია – 18:11.

პორტუგალიამ ხელდახელ შემოგვიტია, რამაც დიდად ახეირა. 50-ე წუთზე ფლანგზე ჩათამაშებისას ბურთზე ხელი მირიან მოდებაძემ ჩაარტყა და შეხვედრის ფრანგ არბიტრ რომან პუატს მისი გასინბინებისას ბევრი არ უფიქრია. მეტოქემ კარში დარტყმას დერეფანი ამჯობინა, შემდეგ ბურთი საპირისპირო ფლანგზე იქნა გადატანილი, იქ კი, როდრიგო მარტამ საჰაერო ორთაბრძოლაში ტაბუცაძე დაჯაბნა და ლელო მიითვალა. მარკეშმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახა და “ლობოშმა” ანგარიში გაათანაბრა.

ამას საქართველოს შეტევა მოჰყვა და ოთარ გიორგაძემ ლელოს ხაზიც გადაკვეთა, თუმცა, რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დაინახა. სამაგიეროდ, მან ლელო დააფიქსირა მსგავსი მომენტისას, რომელიც უკვე პორტუგალიელებს მიეცათ. შედეგიანი იერიში ჟოზე ლიმა მიითვალა და მარკეშის გარდასახვის შემდეგ, “ლობოში” უკვე 7 ქულით გავიდა წინ – 18:25.

“ბორჯღალოსნებმა” მთელი ძალებით შეუტიეს, ჯარიმის შემდეგ ბურთი აუტში იქნა გადატანილი, შემდეგ თითქოს ბურთს ვკარგავდით, თუმცა, მეტოქეს ბურთი წინ დაუვარდა და სტუმართა ხუთმეტრიან ზოლში დანიშნულმა შერკინებამ ძალიან გვახეირა. გამოტანილი ბურთი თორნიკე ჯალაღონიამ მოიხელთა და ხაზს მიღმა გადადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 25:25.

დარჩენილ დროში გამარჯვებასთან უფრო ახლოს საქართველოს ნაკრები იყო, თუმცა, ისევ და ისევ შეცდომებმა, ამის საშუალებას არ მოგვცა. სულ ბოლოსკენ "ბორჯღალოსნებმა" ხაზიც გაჭრეს და თავისი ოცდაორიდან პორტუგალიელთა ხუთმეტრიანამდეც იარეს, თუმცა, იქ ბურთი ისევ დაიკარგა და "ლობოშმა" დაფიქსირებული ფრე გამარჯვებასავით იზეიმა. აი, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კი სერიოზული დასკვნების გამოტანა მართებს, რადგანაც ასეთი თამაშით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი მარცხიც არ სჩანს შორს.

საქართველო 25:25 პორტუგალია

საქართველო: 3 ლელო – ტაბუცაძე, ქერდიყოშვილი, ჯალაღონია; 2 გარდასახვა: აბჟანდაძე; 2 ჯარიმა – აბჟანდაძე. სინბინი: მოდებაძე.

პორტუგალია: 3 ლელო – კარდოზუ-პინტუ, მარტა, ლიმა; 2 გარდასახვა: მარკეში; 2 ჯარიმა: მარკეში.


შეგახსენებთ, რომ ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების სასტარტო ტურის ბოლო მატჩი იყო, გუშინ კი, რუმინეთმა რუსეთს 34:25 სძლია, ხოლო ესპანეთმა ნიდერლანდები 43:0 გაანადგურა. მე-2 ტურის შეხვედრები 12 თებერვალსაა დაგეგმილი და ეს მატჩები გვექნება: ნიდერლანდები-საქართველო, რუსეთი-ესპანეთი, რუმინეთი-პორტუგალია.

კომენტარები

ბოლო ამბები