Thumbnail

მახსოვს, დრაფტის საღამოს მთელი საქართველო გოგა ბითაძის ამბავს რომ ველოდით. ინდიანას ვარიანტი თავიდანვე ძალიან არ მომეწონა. ძალიან რთულია ფეხი მოიკიდო იმ გუნდში, რომელსაც შენს პოზიციაზე ორი ძალიან კარგი მოთამაშე ჰყავს და მუდამ პლეი ოფისთვის იბრძვის. თავიდანვე ნათელი იყო, რომ გოგას ინდიანა ბევრ შანსს არ მისცემდა. არადა, გოგა დრაფტს ძალიან კარგი მოცემულობით შეხვდა - კარგი ხელი და სროლა, სიმაღლე, მოძრაობა და ათლეტურობა. ყველაფერი ჰქონდა, რომ NBA-ში მისგან თანამედროვე სტილის, ელიტური ცენტრი "გამოეთალათ".

ამისთვის მას მუშაობა და დრო სჭირდებოდა. ინდიანაში ტრადიციულად სხვა მოცემულობაა. ეს პატარა გუნდია და მუშათა კლასის, მშრომელი ხალხის შტატს წარმოადგენს. ინდიანაში ძალიან ცოტაა სხვა გასართობები და სხვა დიდი სპორტული გუნდები. ანუ პეისერსი შტატისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ეს არ არის ლოს ანჯელესი, სადაც კლიპერსის არსებობა შეუძლიათ ცოტა ხნით სულაც დაივიწყონ. ამ მოცემულობის გუნდში ახალწვეულს არცთუ ისე ბევრი დრო და საშუალება აქვს ზრდისთვის.

ინდიანა პლეი ოფისთვის ყველა ხერხით და რესურსების მაქსიმალური მობილიზებით იბრძვის. სწორედ ამიტომ, ბევრი წლის განმავლობაში სტაბილური მონაწილე იყო პლეი ოფის, თუმცა პირველივე რაუნდს იქით იშვიათად მიდიოდა. ინდიანა, ტრადიციულად, სეზონებს არ აგდებს. იქაური მშრომელი ხალხისა და მათი კულტურისთვის მიუღებელია, ნახონ "მათი პეისერსი" როგორ გამოდის აშკარად წასაგებად. ანუ ე.წ. "თენქინგი", ცუდი გუნდით თამაში, ახალგაზრდების პროგრესზე ზრუნვა და შედეგის არადჩაგდება, სპეციალურად ქვედა ადგილებზე გასვლა და შემდეგ მაღალ დრაფტპიკებზე ნადირობა და მსგავსი რამეები, აქ მიუღებელია.

გოგასაც ინდიანაში ხელოვნურად კარგ პირობებს ზრდისთვის, მით უმეტეს ცენტრის პოზიციაზე, არავინ შეუქმნიდა. ასეც მოხდა. უკვე მესამე წელია ბითაძის კარიერა ისე არ მიდის, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. 

გუშინდელი ტრეიდი, რომელმაც დომანტას საბონისი ინდიანადან საკრამენტოში გაუშვა, მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ბითაძეს ერთი კონკურენტი მოაკლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდიანა ამ სეზონს შეგნებულად "ჩააგდებს". იშვიათი სეზონია, როცა პეისერსი აღაარაფრისთვის იბრძვის და ახალწვეულებსა თუ ახალგაზრდებს დროს მისცემს, რათა ნახოს, რა შეუძლიათ მათ და შემდეგი სეზონისთვის მათი ნდობა რამდენად შეიძლება. ანუ გოგას სეზონის ბოლომდე 26 თამაში აქვს, როცა შეუძლია თავისუფლად ითამაშოს, პირად სტატისტიკაზე იზრუნოს და საბონისის წასვლის (და ტერნერის ტრავმის ფონზე) საკმარისი წუთები მიიღოს.

ეს არის შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ცუდი გაგებით "ქართულად" არ უნდა გამოგვივიდეს და ყველაფერს მწვრთნელს, ორგანიზაციას ა.შ. ნუ დავაბრალებთ. ბითაძის პროგრესიც ბოლო ორ სეზონში არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. გოგა რისკავდა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ NBA-ს მიღმა დარჩენილიყო. ეს 26 თამაში მისთვის კარიერის გადატვირთვის შანსი უნდა გახდეს.

თუკი ბითაძის სტატისტიკას, 36 წუთზე, ანუ ძირითადის სტანდარტულ დროზე გადავითვლით, გოგას შეუძლია თამაშში 15.2 ქულა და 9.7 მოხსნა ჰქონდეს. ანუ სტაბილური ორმაგი დუბლი მისთვის რეალური მიზანია. შედარებისთვის, მაილს ტერნერს 36 წუთში 15.7 ქულა და 8.7 მოხსნა აქვს. დაახლოებით იდენტური მაჩვენებელი. ამ სტატისტიკის გამეორება გოგასაც შეუძლია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ინდიანა თავისუფლად ითამაშებს, ხშირად წააგებს, ბევრს ჩაყრის და ბევრს მიიღებს თავის კალათში. სტატისტიკა ამ დროს უფრო იოლად კეთდება.

აუცილებლად უნდა დაიწყოს სამქულიანების ჩაყრა - გოგას კარგი ხელი და სროლა აქვს. სამიანების აქამდე ნაჩვენები კატასტროფული პროცენტი მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორით უნდა აიხსნას. გამორიცხულია ბითაძის სროლის ტექნიკის პატრონი სამიანებს 14.6 პროცენტით ისროდეს. გუშინდელ თამაშში ატლანტასთან, გოგამ პერიმეტრიდან 4-დან 2 ჩააგდო, ანუ 50 პროცენტით ისროდა. დიდი იმედი მაქვს, რომ სტაბილური სათამაშო დრო და თავისუფალი გარემო მას დაეხმარება სამქულიანები, სულ მცირე, 35 პროცენტით მაინც ისროლოს. პერიმეტრიდან სროლა ბითაძის სათამაშო პროფილის ნაწილი უნდა იყოს.

ამ 26 თამაშში ინდიანას ხელმძღვანელობა ბევრ რამეს დააკვირდება, მათ შორის იმას, თუ ამჟამინდელი შემადგენლობიდან შემდეგი სეზონისთვის გუნდის ხერხემლად ვინ დაეხმარება და გამოადგება. გოგამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. სხვანაირად NBA-ში ხანგრძლივი კარიერის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ბითაძის დრო ახლა დადგა.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები