Thumbnail

NBA | ფინიქსის სრული დომინირება ფინალის რემატჩში და მამუკელაშვილის 6 წუთი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

შარშანდელი ფინალების პირველივე რემატჩში ფინიქს სანსმა დაამტკიცა, რატომაა მიმდინარე რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი - კრის პოლმა და კომპანიამ იანისის გუნდი 131:107 დაამარცხა.

თავად CP3-მა 17 ქულა (5/11) და 19 პასი დააგროვა, ბურთი კი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა. საერთო ჯამში, ფინიქსის კალათბურთელებს 35 ასისტი ჰქონდათ (მხოლოდ 7 დაკარგვა) და მიუხედავად სამქულიანების მხოლოდ 30-პროცენტიანი მაჩვენებლისა (9/30), 131 ქულა ჩააგდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინიქსის 7-მა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება. საუკეთესო დეანდრე ეიტონი გახლდათ, რომელმაც სულ რაღაც 26 წუთში 27 ქულის დაგროვება მოახერხა (12/14). მიკალ ბრიჯესმა 18 ქულა ჩააგდო (7/11). დევინ ბუკერს (17 ქულა, 6/19, 7 პასი) და ჯეი კრაუდერს (10 ქულა, 2/9 სამქულიანი) სიზუსტე აკლდათ.

მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ფინიქსმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა, როცა +15 გაქცევა ჰქონდა. ამის შემდეგ მილუოკი თამაშში ვეღარ დაბრუნდა. ბაქსის დიდ სამეულს ცუდად არ უთამაშია. კრის მიდლტონმა (9/15, 1/6 სამქულიანი) და ჯრუ ჰოლიდეიმ (3/4 სამქულიანი) 21-21 ქულა დააგროვეს. იანისის ანგარიშზე 18 ქულა დაფიქსირდა (5/14), პლუს 7 მოხსნა და 8 პასი. ბობი პორტისმა 11 ქულამდე მიაღწია.

მილუოკის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 5:53 წუთი გაატარა, ქულა ვერ ჩააგდო და მხოლოდ 1 მოხსნით (შეტევაში) შემოიფარგლა. ასევე, მამუს 1 დაფარებაც ჰქონდა.

55 მატჩის შემდეგ ფინიქსს 45 გამარჯვება და 10 მარცხი აქვს - სანსი დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს და მთლიანად ლიგის საუკეთესო გუნდია. მოქმედი ჩემპიონი მილუოკი აღმოსავლეთში მე-4 პოზიციაზეა (35-22). მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 15 თებერვალს, პორტლენდთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები