Thumbnail

კეთილი იყოს შენი მობრძანება 50-იანთა კლუბში, ლუკა დონჩიჩ!

დალასის სლოვენიელმა ლიდერმა კლიპერსთან 112:105 მოგებულ შეხვედრაში 51 ქულა ჩააგდო (17/26, 7/14 სამქულიანი), რითაც კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა დირკ ნოვიცკის ორი რეკორდი მაინც დატოვა - ლეგენდარულ გერმანელს ფრენჩაიზის რეკორდი 53 ქულით აქვს დამყარებული (გახსოვთ Shootout ტრეისი მაკგრეიდისთან?) და ამასთან, ერთ მეოთხედში ჩაგდებული ქულების რეკორდიც (29) ჯერ კიდევ მისია.

სხვათა შორის, ეს რეკორდი დონჩიჩმა კურიოზულად გაანიავა. პირველ მეოთხედში მან კლიპერსს 7 სამქულიანი ჩაუგდო, მაგრამ 4 საჯარიმოდან მხოლოდ 1 გამოიყენა. მერე კი იყო მომენტი, როცა მისმა ბაზერბითერმა მიზანს ვერ მიაღწია და ლუკა ისე გაბრაზდა, თითქოს თამაში წააგო.

კითხვაზე, დილით განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ხომ არ იყო, დონჩიჩმა მატჩის შემდეგ ასე უპასუხა: “დღეს დილით დაღლილი ვიყავი და ყავა დავლიე. მოკლედ, ისე მოვიქეცი, როგორც ყოველ დილით ვიქცევი ხოლმე.”

სხვათა შორის, კლიპერსი დონჩიჩის საყვარელი მეტოქეა. ივიცა ზუბაცის ნებისმიერ მოქმედებას სლოვენიელი პირად საკითხად მიიჩნევს და მას დანდობის გარეშე სჯის ხოლმე. დალასიდან 10-ზე მეტი ქულა ჰქონდათ რეჯი ბალოკს (11), დორიან ფინი-სმითს (12 ქულა, 3 ჩაჭრა) და ჯეილენ ბრანსონს (11).

დალასისთვის ეს ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა. მავერიკსს 56 მატჩის შემდეგ 33 გამარჯვება და 23 მარცხი აქვს - დონჩიჩის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. კლიპერსი 27 მოგებითა და 30 მარცხით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. 13 თებერვალს დალასი ისევ კლიპერსს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები