Thumbnail

UFC 4 | გიგა ჭიკაძეც დაამატეს! რა უნდა ვიცოდეთ განახლებულ თამაშზე

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • გიგა ჭიკაძე სპორტულ სიმულატორ UFC 4-ში დაამატეს
  • მან თამაშში გამოჩენის სურვილი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოთქვა
  • რა მონაცემები აქვს ქართველ “ნინძას” 
  • ყველაფერი, რაც UFC 4-ის შესახებ უნდა ვიცოდეთ

EA Sports-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული თამაშის, UFC 4-ის განახლებული ვერსია უკვე გამოვიდა. MMA-ს ქართველი მოყვარულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სპორტულ სიმულატორში ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე დაამატეს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ქართველმა “ნინძამ” UFC-ში ჩატარებული რვა ორთაბრძოლიდან შვიდში გამარჯვება იზეიმა.

ჭიკაძემ თამაშში გამოჩენის სურვილი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოთქვა: “ჩემმა შვილმა საკუთარი მამა თამაშში ვერ იპოვა, როდის გააოცებთ მას?” - დაწერა ქართველმა მებრძოლმა მაშინ Twitter-ში. ამ პოსტიდან ერთი წლის შემდეგ უკვე ყველას შეგვიძლია, თამაშში გიგა ჭიკაძე ავირჩიოთ და მისი საფირმო დარტყმა - “Giga Kick” გამოვიყენოთ. “ეს ჩემი ოცნება იყო” - აღნიშნა გახარებულმა სპორტსმენმა.

UFC 4-ს განახლების შემდეგ, ჭიკაძესთან ერთად, რუსი მებრძოლი მაგომედ ანკალაევიც დაემატა. აღსანიშნავია, რომ გიგას თამაშში საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. მისი 'სტრაიკინგი' 4.5 ვარსკლავით შეფასდა, გამძლეობა 4.5-ით, ხოლო გრეპლინგი 3.5-ით. საერთო ჯამში მისი რეიტინგი 5-იდან 4 ვარსკვლავია.

UFC 4 საქართველოშიც ძალიან პოპულარულია - განსაკუთრებული ყურადღება მისმა წინამორბედმა დაიმსახურა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყველა იმ საინტერესო დეტალზე, რომელიც თამაშის შესახებ უნდა იცოდეთ.

მებრძოლები

EA Sports-მა UFC 4 2020 წელს გამოუშვა. წინა ვერსიისგან განსხვავებით, გარეკანზე კონორ მაკგრეგორი ვეღარ ვიხილეთ - ირლანდიელი ისრაელ ადესანიამ და ხორხე მასვიდალმა ჩაანაცვლეს.

თავდაპირველად თამაშში 30 მებრძოლი იყო, რომელთა სია ყოველი ახალი განახლების შემდეგ იზრდებოდა. ამჟამად მებრძოლების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. თამაშში საუკეთესო მონაცემები ლეგენდარულ ჯონ ჯონსს და ხაბიბ ნურმაგომედოვს აქვთ. ასევე შესაძლებელია ქალი მებრძოლების არჩევაც - მათგან ყველაზე რეიტინგული ამანდა ნუნეში და ვალენტინა შევჩენკო არიან. რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს - ის რეიტინგით მეოცე ადგილს იკავებს. 

Gameplay და თამაშის მახასიათებლები

წინამორბედის მსგავსად, UFC 4 შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციაზეა დაფუძნებული. თამაშს აქვს კარიერული რეჟიმი, რომლის მიზანია, მოთამაშეს MMA-ის ოთხი დისციპლინის საფუძვლები ასწავლოს. ესენია: კრივი, კიკბოქსინგი, ჭიდაობა და ჯიუჯიცუ. ამ რეჟიმის მეშვეობით, მოთამაშე ქმნის საკუთარ მებრძოლს, რომლის მთავარი მიზანია, ის ყველა დროის საუკეთესოდ აქციოს.

მოთამაშეს ასევე შეუძლია, თავად აირჩიოს ბრძოლა, ან უარი თქვას მასზე, რაც მებრძოლის კარიერის განვითარებაზე გავლენას მოახდენს. თამაშში ხელმისაწვდომია მრავალმოთამაშიანი რეჟიმები, მათ შორისაა Blitz Battles და ონლაინ მსოფლიო ჩემპიონატი. ასე რომ, თუ UFC 4-ის თამაშის დაწყებას გადაწყვეტთ, თავს ნამდვილ მებრძოლად იგრძნობთ. 

UFC 5 და პლატფორმები

თამაშის პირველი ვერსია 2014 წელს გამოვიდა. EA Sports ყოველი ორი წლის შემდეგ ახალ სერიას გვთავაზობდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ UFC 4 2020 წელს გამოვიდა, მაშინ მიმდინარე წელს სპორტული სიმულატორის ახალ ვერსიასაც უნდა ველოდოთ, მაგრამ ამაზე კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე კი შეგვიძლია, გიგა ჭიკაძის არჩევით და თამაშით PlayStation-ისა და Xbox პლატფორმებზე დავტკბეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები