Thumbnail

ლელობურთი, მანგანუმი და დავიწყებული თერძი

დღეს საქართველო ევროპაში მეშვიდე ერად ითვლება, მსოფლიო სარაგბო რეიტინგით იმ მეექვსე ერზე წინაა, რაგბი კი როგორც ჩვენ ვამბობთ - ჩვენი თამაშია!

როცა ამაზე ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმიუკან მომავალში”- მეორე სერია მახსენდება, ნახევრად გიჟი, გენიოსი პროფესორი დოკი, მარტი კფლაის რომ აფრთხილებს, არაფერს მიეკარო და არავის დაენახო, გახსოვდეს ეს მომავალიაო! და მარტი მერეღა ხვდება, რა აშინებს დოკს.

იმიტომ, რომ თუკი უკან გაიხედავ, გაოცდები, ხანდახან ერთი ბეწო და თითქოსდა უმნიშვნელო ამბავი ან ერთი კაცის პირადი აზრი რამხელა რამეს შეცვლის ხოლმე და ამას თუ დაინახავ, ისიც გაგიელვებს თავში, ნეტავი ეგრე რომ არ მომხდარიყო, როგორ იქნებოდა ყველაფერიო.

მაგალითად, რომაელებს ბრიტანეთი რომ არ დაეპყროთ და იქ თავისი საძიძგილაო თამაში ჰარპასტუმი არ შეეტანათ. 1900 წელს ოლიმპიადის ფინალში გასულ გერმანიის რაგბის ნაკრებს ოლიმპიური ოქრო რომ მოეგო, ან 1930-იან წლებამდე გერმანიაში ისე ფესვგამდგარი რაგბი, უკვე ფრანგებსაც რომ უგებდა, გებელსს არ აეთვალწუნებინა, ნამეტანი ბრიტანული რამეაო და ის არ გაკეთებინა, რაც ყველაზე კარგად იცოდა - მოესპო. ან ზორბა ჰოლანდიელებს თავისი შორეული ნათესავების, ბურების მსგავსად მოეკიდათ ხელი რაგბისთვის. მე-19 საუკუნის არგენტინაში ბრიტანული მოსახლეობის ნაცვლად რუსები ან ხორვატები ჩაესახლებინათ. რას გაიგებ? მაგრამ საიდან მოხვდა ეს თამაში ჩვენთან?

მაშინ, როდესაც არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი და ჰაერშიც უფრო ჩიტები დაფრინავდნენ, კულტურას ორი გზა რჩებოდა, ფეხი და ზღვა. ამიტომ, რაგბი ჩვენთან ალბათ ზღვიდან უნდა მოსულიყო და ალბათ, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ გვგონია და ფაქტები გვეუბნებიან.

“ჩვენი მარგანეცი მიაქვთ და კიდე ჩვენ გვიყვირიან აქეთ!” - გახსოვთ ფრაზა ნანა მჭედლიძის შესანიშნავი ფილმიდანპირველი მერცხალი”? თურქებთან სათამაშო ფულს გემის დატვირთვით რომ აგროვებენ იასონი და მისი ბიჭები.

ჰოდა, ამბობენ, რაგბი საქართველოში მანგანუმმა, ჩვენებურად მარგანეცმა შემოიყოლაო. ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი ფოთიდან ხომ გერმანელების შემდეგ, ყველაზე მეტი ინგლისელებს გაჰქონდათ.

1895 წელს, გიორგი წერეთელის და ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით, ჭიათურა-შორაპანის რკინიგზის ხაზი გაიყვანეს, რამაც მანგანუმის გაზიდვის ტემპი და ფოთის ნავსადგურში ჩამომდგარი გემების რაოდენობა ერთი-ორად გაზარდა, ჭიათურაში კი ინგლისურმა ფირმამ „Forward and Salinas”-მა საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტი გახსნა.

და რა გასაკვირია, ფოთში მოტივტივე გემებიდან ინგლისელ მეზღვაურებს ფეხბურთთან ერთად რაგბიც რომ გადმოჰყოლოდათ. აკი იხსენებდა კიდეც ჩვენი დიდი ფეხბურთელი, ბორის პაიჭაძე, ჩემს ახალგაზრდობაში, ფოთის ნავსადგურის სამხრეთით ინგლისელი მეზღვაურები რაგბისაც თამაშობდნენ და ფოთში 1926-28 წლებში რაგბის გუნდიც შეკოწიწდაო. მანამდე კი ინგლისელების და ქართველების საერთო ბურთაობას 1894 წლის გაზეთიდროებაადასტურებს: ბათუმში გემიდან ჩამოსულმა ბრიტებმა ქართველების ბურთით თამაში რომ ნახეს, ისე ჩაერთნენ, ჩვენებისგან ვერ გაარჩევდიო.

და სწორედ ამიტომ, ორი სიტყვა მაინც უნდა ითქვას იმ ბურთაობაზე, ისე რომ გადარია ინგლისელები - ქართველებს შეერივნენ ძიძგილაობაში.

ლელობურთი და ტერმინილელოს გატანაჩვენში ძველი დროიდან მოდის, გვიყვარს ქართველებს ეგ სიტყვა და იყოს “უხსოვარიდან”, მზის კულტი და ამბებიო, ბურთი მზე იყო და ვინც გაიტანდა მზეც მისი იქნებოდა და უკეთეს მოსავალს მისცემდაო. და ლელოც გაზაფხულისას, ბუნების გამოღვიძებაზე სცოდნიათ, მაგალითად - სოფელ ბაშში “ტილიფობას”, ანუ როცა ტირიფი ამწვანდებოდა. ახლა მე მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებების წარმართულ კულტზე ვერ ვილაპარაკებ, ამიტომ ვიტყვი, რომ ჩვენი “ლელო” ომად მეჩვენება - ბრძოლა და ბრძოლის სტრატეგია. მოსულ მხარეს სოფელი უნდა შეესწავლა, ბრძოლა დაეგეგმა და აქა-იქ საკუთარი ფეხოსანი და ცხენოსანი რაზმები ჩაესაფრებინა. ჰო, ლელოს ცხენოსნებიც თამაშობდნენ. სოფელ კულაშში მიქელაძეების მამულში, 1500 ფეხოსანს და 500 ცხენოსანს უბურთავია. თამაშის არსიც ეგ იყო, დაიგეგმებოდა თავდასხმა და იწყებოდა თავდაცვის მოლოდინიო.

მხარეებიც თავისას გეგმავდნენ, ბურთი თუ გამოვიტაცეთ, წყალ-წყალ მდინარით წავიღოთ, საჭირო ადგილამდე მივიტანოთ, იქ მიმალულ ჩვენს ცხენოსნებს გადავუგდოთ და ახლა იმათმა გააქროლონ ლელოსკენო. ბურთი კი მძიმე იყო, თექვსმეტ კილომდეც ადიოდაო. ფორმის ნაცვლად მოწინააღმდეგეებს ბაირაღები ჰქონდათო. მოედანი მთელი სოფელი იყო, დათქმული სალელოვე ხაზებით - ეკლესიის ეზო ან ვიღაცის ბაღის მიღმა გაშლილ საძოვარზე ატოტილი დიდი ხე. წესები არ არსებობდა. ბურთს მღვდელი ააგდებდა ჰაერში და ტყდებოდა ერთი ამბავი, თუ ბურთიანი მხარე შეატყობდა რომ მარცხდებოდა, ხანჯლით გამოფატრავდა ბურთს და მოგებაც არავის რჩებოდა. მაგრამ სოფელ ბაშში მღვდელმა გამოშიგნული ბურთის ნაცვლად მეორე დააძრო, წინა წელსაც ეგრე უგვანოდ მოიქეცით და ახლა თამაში ამით გაგრძელდებაო!

ლელოს გამტანი თოფებს დააქუხებდა, ხეს მოთხრიდა, ბაირაღებით შეამკობდა და მთელ სოფელს ჩამოუვლიდა სიმღერ-სიმღერით დაკირიელეისონისგალობით! ბრძოლა იყო და ბრძოლის მოგება! ეს რაგბის დღემდე შემორჩა!

ლელო იცოდნენ სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, მეგრელები ბევრნი იყვნენ, ამიტომ გურია და იმერეთი ხშირად ერთიანდებოდა.

ბათუმში და ფოთში სამუშაო იყო, დასავლეთის გლეხობაც ძირითადად იქ იყრიდა ხოლმე თავს და დიდი ლელოებიც იქ იმართებოდა. ცნობილი იყო ფოთის, მაისის “იარმურკობის” ლელო. ერთხელ გურულებს მეგრელებთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ გემი ჰქონიათ დასატვირთი და სანამ მივიდოდნენ, მათმა უფროსმა სამოცდაათი იმერელი იქირავა მეგრელებთან საპაექროდ, გურულებმა გემი დატვირთეს და მინდორს მიაშურეს, თუმცა მეგრელებს ისე გაეტაცათ ბურთი, თამაშში აღარ ჩაებნენო, წერს 1899 წელს გაზეთიდროება”.

ბათუმში კვირაცხოვლობას კახაბერის მინდვრებზე ბურთაობდნენო. მაგრამ მეფის რუსეთს არ მოსწონდა ამხელა თავშეყრები და თამაშის ჩაშლას ცდილობდაო.

ისეთი ამბავიც მომხდარა, რომ მინდორზე კაზაკების თანხლებით მოსულ, ცხენზე ამხედრებულ ბოქაულს უთხოვია, დღეს მე მინდა ბურთი აგიგდოთო, გამოურთმევია ბურთი და გაუქუსლავს ყაზარმისკენ, თამაშობა აკრძალულიაო. ხალხს ახალი ბურთი უყიდია, მაგრამ ახალ ბურთს პოლიციის უფროსი მოჰყოლია სახანძრო მანქანებით და მობურთალები გაუწუწავს, იმათ კი თამაში ჰგონებიათ, სახანძრო მილები წაურთმევიათ, პოლიციელებისთვის მიუშვიათ წყალი, მათი უფროსისთვის კი თვალი ჩაულურჯებიათ, ამასაც "დროება" წერს და სინამდვილეში, მგონი, თამაშობა კი არ ეგონათ, უბრალოდ პოლიცია დაიფრინეს და მერე მოხერხებულად იმართლეს თავი.

ასეა თუ ისე, საქმე ისე დაძაბულა, ამბავს სამხედრო გუბერნატორის თანაშემწემდე, ვინმე ერისთავამდე მიუღწევია და იმას დაუოკებია პოლიციელთა თვალდაკუჭული უფროსი, მიუშვი ხო, იცი ამათი ტრადიციააო და ყველაფერი ჩაწყნარებულა.

ამბობენ, ჩვენთან ეს თამაში ძველმა ბერძნებმა შემოიტანეს თავისი ახალშენებიდანო. ლელო აღმოსავლეთშიც სცოდნიათ, მაგრამ ნაკლებად, თუმცა ბურთაობა რუსთაველსაც აქვს მოხსენებული, ვახუშტი ბატონიშვილსაც დასაბურთალოხომ მთლად ეგაა.

ეს მნიშვნელოვანია იმისთვის რომრაგბი ჩვენი თამაშიაუკეთ დავინახოთ და კიდევ ის, რომ ჩვენ, ქართველები უფრო ჭიდაობის ხალხი ვართ, ვიდრე სირბილის და თუკილელოუფრო დასავლეთში იცოდნენ, აღმოსავლეთში ჭიდაობა იყო, რადგან ჩემი აზრით, სწორედ ამ ორი რამის გაერთიანებამ აქცია ეს თამაში ჩვენად.

რაგბი კი წესით ინგლისელებს უნდა შემოჰყოლოდათ და ფეხიც იმის გამო ვერ უნდა მოეკიდა, რომ ლელობურთს შეეჯახებოდა და ისიც ბუნებრივია, ხალხი ფეხბურთს, უცხო და შედარებით უხიფათო ახალ ხილს უფრო წატანებოდა, ვიდრე ამ ოდნავ ნაცნობ, თუმცა ძალიან გართულებულ თამაშს.

მაგრამ, მოდი, ახლა ის ვთქვათ, რაც ნამდვილად იყო. ნამდვილად კი იყო ბორის პაიჭაძის ნაამბობი და რაგბი ფოთში ინგლისელ მეზღვაურებთან, 1936-37 წლებში აქაური მძლეოსნების მწვრთნელის, ელიაზაროვის წერილი რაგბის დადებით მხარეებზე და ნამდვილად იყო ფრანგი მუშა და (როგორც ამბობდნენ ორმაგი აგენტი) ჟან ნო, საბჭოთა კავშირში რომ ჩამოვიდა მუშური ოლიმპიადის დროს, რუსი ქალი შეირთო, საცხოვრებლადაც დარჩა და რაგბის კურსების ჩატარებაც ითავა. ამ კურსებზე მოსკოვში 1937 წელს ჩვენგან გიგა დვალი გაუშვეს. წლების შემდეგ დვალი უცნაურ სურათებს ააფრიალებს, ესაა ჩემი შექმნილი პირველი ქართული გუნდიო! თუმცა ეს ვერსია დღემდე დაუმუშავებელია. მაგრამ საქართველოში დაბრუნებული დვალი რომ რაღაცას აკეთებს - ნაღდია და 1940 წელს თბილისში რაგბის თამაში იმართება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაგბი, მაშინ რუსული თარგმანიდან “რეგბი” რომ ჰქვია, ხან იწყება და ხანაც ქრება, და როგორც ვერც ჩვენი ქვეყანა და ვერც ჩვენი ისტორია დღემდე ვერ გაქცევია სტალინს, ისე ვერ გაურბის მას რაგბი, რომელიც ხალხთა ბელადს თითქოს იმიტომ აუკრძალავს, რომ ჩერჩილზე ყოფილა ნაწყენი და არაფერი ინგლისურის გაგონება არ სურდაო!

მაგრამ 1947 წელს თბილისში მაინც გამართულა სარაგბო ტურნური, სადაც რაგბის გუნდი თათარიახნად მოუქუჩებიათ სხვადასხვა სპორტსმენებით და ყველა თამაში წაუგიათ.

ამასობაში კი, საბჭოეთმა დიდი სომხეთის აღორძინება მოიწადინა, ქვეყნიერების ყველა კუთხიდან იხმო მისი მიმობნეული შვილები, ისინიც დაიძრნენ, სირიიდან, ეგვიპტიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სწორედ ასე აღმოჩნდა მარსელელი თერძი, ველოსიპედისტი და რაგბისტი ჟაკ ასპეკიანი ერევანში. ეგეთებიც ხდებოდა, საბჭოთა კავშირი დაკეტილი ქვეყანა იყო, მის გარეთ მცხოვრებ და კაპიტალიზმით უკმაყოფილო ადამიანებს კი ისეთი ხმები მისდიოდათსოციალისტური სამოთხისშესახებ, რომ საკუთარი ფეხით მოიჩქაროდნენ აქეთ და ჩამოსვლის შემდეგღა ხვდებოდნენ რა უბედურებაში გაყვეს თავი, რუსული ფილმიც არის ამაზე, “აღმოსავლეთი-დასავლეთიჰქვია.

ჟაკმაც საფრანგეთში დაბრუნება მოისურვა და რახან რეპატრიანტთა საქმეების განმხილველი ამიერკავკასიის კაგებეს ბიურო თბილისში იყო, ნათესავებს დაუკავშირდა, ჩამოვიდა, კანდელაკის ქუჩაზე დასახლდა და გრძელი წერილების წერას შეუდგა, მარსელში დამაბრუნეთო. ვინ გაუშვებდა? მაგრამ ჟაკი იმედს არ კარგავდა, რის გამოც თბილისში დაბადებულ შვილებს მორისი და ჟერარი დაარქვა. მისი საქმე ძალიან რომ გაიწელა, ძველმა ველოსიპედისტმა თერძობას მიჰყო ხელი, საფრანგეთიდან ჩამოყოლილი რაგბის ბურთი ამოაძვრინა და რადგან ხრუშჩოვი უკვე ამაყობდა თავისი ლიბერალური რეფორმებით, სტალინის აკრძალული კიბერნეტიკა დავუშვიო და რაგბიზე დაწერილ იმდროინდელ სტატიებშიც ხაზგასმულია, რომ ესდაუმსახურებლად მივიწყებული შესანიშნავი თამაშია” (და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კედელზე გაკრული ფურცლის ამ უბრალო ფრაზაში ეპოქაა დატეული) 1959 წლის 15 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს, იპოდრომის მიდამოებში, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან (დღევანდელიყოჩები") პირველი ვარჯიში ჩაატარა.

და მართალია, ქართული რაგბის ფეხზე დამყენებელი და ასპეკიანების ოჯახის მეგობარი ბატონი გივი მრელაშვილი, თავის ძალიან საინტერესო წიგნშიერთხელ თუ ითამაშე” წერს, თავიდან ჟაკოს (ასე ეძახდნენე ჟაკს ბიჭები) რაგბის წამოწყება არ უნდოდა, მაგრამ მერე მიხვდა, ასე მოსკოვშიც ვიშოვი კონტაქტებს, შეიძლება ფრანგებსაც შევხვდე და როგორმე აქედან გავაღწიო და ამ მიზეზით დათანმხდა მწვრთნელობასო! მაგრამ ჟაკოს მარსელიდან ერევანში, იქიდან კი თბილისში რაგბის ბურთი რომ სიყვარულმა ჩამოატანინა, ამას წყალი არ გაუვა.

მალე ჟაკომ მეორე გუნდიც დააარსა ისნის ფეხსაცმლის ქარხნის კბილებჩამოცვენილი, “ტატუიროვკებიანი” მუშებისგან და რადგან მხოლოდ ერთი რაგბის ბურთი ჰქონდა, კვირაში სამჯერ ერთს ავარჯიშებდა, სამჯერ - მეორეს, კვირას კი თამაშობდნენ და როგორი გულდასაწყვეტია, რომ ეგ ბურთი ქართულ რაგბის არ შემორჩა.

ცოტა ხანში ჟაკომ მესამე გუნდსაც მოუყარა თავი სასოფლო უნივერსიტეტში და ასე დაიწყო რაგბი საქართველოში.

იპოდრომის მახლობლად გადაღებულ იმ ისტორიულ ფოტოზე, რომელზეც პირველი თვრამეტი ქართველი რაგბისტი დამდგარა მხარდამხარ, ფოტოს ავტორმა, ნოდარ ყიფიანმა - თოთხმეტი ამოიცნო.

როცა საბჭოეთში რაგბიმ კურთხევა მიიღო, ჟაკოს ურჩიეს 31- საავიაციო ქარხანაში გააკეთე გუნდი, თვითმფრინავი ჰყავთ და ტურნირებზე ჩასასვლელად ტრანსპორტის პრობლემას მოგიხსნისო. ქარხსნის სპორტ კლუბის უფროსი, რუდერმანი ხელფასსაც შეჰპირებია ჟაკს, მაგრამ რაღაცა ისე არ წასულა, რუდერმანს და ჟაკს უჩხუბიათ და საქმე ჩაიშალა. საერთოდ, ჟაკო ფიცხი კაცი ყოფილა, იმ ამიერკავკასიის რეპატრიანტთა კაგებეს ბიუროშიც კი დაუწყია ყვირილი, რას მიწელავთ წლობით პასუხს, მითხარით, მიშვებთ საფრანგეთში თუ არაო? ხმას დაუწიე, თორემ ციხეში გაგიშვებთო - დამუქრებიან ისინი. რას მაშინებთ ამ ციხით, რა, ეს ქვეყანა ციხე არ არისო?! ყვირილი გაუგრძელებია ჟაკს და ის და კაგებეშნიკი ერთმანეთზე გაწეულან. მგონი 1962 წელია, მაშინ კი ეგეთ რამეს სიმამაცე და სასოწარკვეთა თუ გააკეთებინებს კაცს! ეგეთი დრო იყო და ეგრე იდგამდა რაგბი ფეხს.

უილიამ ვებ ელისის ლეგენდაზე ბევრჯერ მომიყოლია. ეს კიდე, საქართველოა, ჰოდა, აქაც გაჩნდა ლეგენდა, თანაც როგორი?! ხელჯოხიანი, თეთრწვერა და ასკეტური გარეგნობის ემიგრანტი პროფესორის, ვინმე დავრიშაშვილის სახით, 1979 წელს, არსაიდან რომ გამოცხადებია “ლოკომოტივისსტადიონზე მოვარჯიშე ჩვენს სახელოვან მწვრთნელს, თემურ ბენდიაშვილს და მოუყოლია, რომ ვაკეში, ლოკომოტივსა და ფიზკულტურის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადრე თურმე მეფის დრაგუნთა კორპუსის პლაცი, ანუ სავარჯიშო მოედნები ყოფილა, ჯერ კიდევ 1919 წელს რაგბის სამი გუნდი არსებობდა და ერთ-ერთში მე ვთამაშობდიო. დავრიშაშვილი დეტალებსაც მოჰყვა, ორი გუნდის ბიჭები ერთმანეთში კარგად ვიყავით, აი, მესამეებთან კი მტრობა გვქონდა და ხშირად ვჩხუბობდითო, მერე ქვეყანა გაწითლდა, მე საფრანგეთში გავიქეცი და იქ გავაგრძელე თამაში, მაგრამ, მოდით, ახლა მაგაზე ნუღა ვისაუბრებთ, წავალ და ხვალ აქ და ამავე დროს, სურათებს მოგიტანთო და ისევე უცნაურად გაუჩინარებულა როგორც გამოჩენილა.

ასე გაჩნდა დავრიშაშვილის ლეგენდა. მე ძალიან მიყვარს ლეგენდები, მაგრამ ამ ამბავში მგონი ნაღდი ჯობია, ნაღდი კიდევ ესაა: საქართველოში რაგბი ოფიციალურად დაიწყო და იმის მერე არ გაჩერებულა 1959 წლის 15 ოქტომბერს, ხუთშაბათ დღეს, იპოდრომის ხრიოკებზე და ის დაიწყო წარმოშობით სომეხმა, მარსელელმა თერძმა, ველოსიპედისტმა და რაგბისტმა ჟაკ ასპეკიანმა!

ასპეკიანის დაწყებული საქმე გივი მრელაშვილმა გაშალა. ჟაკო ჯერ სომხეთში იქიდან კი საფრანგეთში დაბრუნდა, 2001 წელსღა ჩამოვიდა თბილისში, დინამოს სტადიონზე ბორჯღალოსნების და პორტუგალიის თამაშს დაესწრო და ჩვენს ჰიმნზე ატირდა. რაღაცნაირი სურათია, როგორ გასცქერის დაბალი, ჭაღარაულვაშიანი, აცრემლებული მოხუცი ათასობით გულშემატკივრით სავსე, ვეებერთელა და მქუხარე სტადიონიდან საკუთარ წარსულს, იმას, რაც ალბათ სიყვარულით, გასართობად, ორი კაპიკის საშვონელად, ან სულაც ქვეყნიდან გასაღწევად წამოიწყო და რაც რაღაც სასწაულით იქცა შინდისფერ მაისურებში გამოწყობილ იმ გუნდად, რომელსაც უკვე მთელი სამყარო იცნობს.

ბოლოს, 2007 წელს, საფრანგეთში სავარძელს მიჯაჭვულმა მიაკითხა მსოფლიო თასზე ჩასულ ბორჯღალოსნებს, ჩვენებს უკვე ეთამაშათ ისტორიული თამაში ირლანდიასთან. ახლა სიცოცხლისთვის ახალი მიზანი მექნება, 2011 წელს უნდა მივატანო, რომ კიდევ უფრო ძლიერი საქართველოს ნაკრები ვნახოო, უთქვამს ჟაკოს. გარდაიცვალა 2015 წელს, მარსელის მოხუცთა თავშესაფარში და სულ რამდენიმე თვე დააკლდა იმის სანახავად, როგორ მოიგებდნენ ჩვენი ბიჭები მსოფლიო თასზე ორ თამაშს და იქვე, ინგლისში მოიპოვებდნენ მომდევნო მსოფლიოზე ასპარეზობის უფლებას.

ლადო კილასონია
რაგბის მწვრთნელი, მწერალი. უყვარს რაგბი, კითხვა, მთაში სიარული და ხინკალი. არ უყვარს თურქული და ვენესუელური სერიალები, თუმცა ქართულ საინფორმაციო გადაცემებს მაინც ურჩევნია. აქვს facebook-გვერდი “ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები”. არ აქვს დეპუტატობის სურვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები