Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 113:120 კლივლენდ კავალიერსი
  • ქართველმა ცენტრმა ისევ პეისერსის სასტარტო ხუთეულში ითამაშა
  • გოგამ მეტოქის ფარს სამჯერ შეუტია, მაგრამ ვერცერთხელ ჩააგდო 

NBA-ში რეგულარული ჩემპიონატის მორიგი დღის მატჩები გაიმართება. გრძელდება გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსის წარუმატებელი სერია, რომელიც უკვე 5 მატჩისგან შედგება. 22 წლის ქართველი კალათბურთელის გუნდმა, რომელსაც ახლახან ლიდერი დომანტას საბონისი საკრამენტოში გაუშვა, შინ კლივლენდ კავალიერსთან წააგო.

კლივლენდთან მატჩში გოგას სროლა არ წაუვიდა

არადა, პეისერის ბოლო წუთებამდე წინ იყო ანგარიშში და თთქოს, აკონტროლებდა კიდეც თამაშს. გოგას გუნდმა პირველი მეოთხედი 19-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მეორეში კი სხვაობა 21-მდეც ავიდა, მაგრამ ამის შემდეგ კლივლენდმა მოუმატა, ბოლო პერიოდში კი მატჩის ბედის შემობრუნებაც მოახერხა.

გოგა ამჯერადაც მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო (მეხუთედ მიმდინარე სეზონში), მოედანზე კი თითქმის 10 წუთი გაატარა. მიუხედავად ამისა, ინდიანას ქართველმა ცენტრმა ქულის მოპოვება ვერ შეძლო - ერთხელ სამქულიანიდან ააცილა, ორჯერ კი ფარქვეშ მყოფმა ვერ ჩააგდო. მის აქტივში მხოლოდ თითო მოხსნა, პასი და დაფარებაა. ბითაძეს ერთი დაკარგვა და სამი პერსონალური ფოლი ჰქონდა.

 

მოედანზე ყველაზე შედეგიანი პეისერსის ახალწვეული ტაირიზ ჰალიბერტონი იყო, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლი კი ოშეი ბრისეტს ჰქონდა - 18 ქულა, 11 მოხსნა. კლივლენდს გამარჯვებაში 22-22 ქულით დაეხმარნენ ჯარეტ ალენი და კარის ლევერტი. პირველმა სულაც ორმაგი დუბლი მიითვალა - მის ანგარიშზე ასევე 14 მოხსნა იყო.

ინდიანა პეისერსს რეგულარულ ჩემპიონატში 19 მოგება და 38 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო თამაში გოგას გუნდს 13 თებერვალს, შინ მინესოტასთან უწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები