- კამილა ვალიევას ინდივიდუალურ პროგრამაში მონაწილეობის ნება დართეს
- სასამართლომ გადაწყვეტილება რუსი სპორტსმენის სასარგებლოდ მიიღო
- 15 წლის რუსი სპორტსმენი უდიდესი წნეხის ქვეშ იასპარეზებს
მიუხედავად ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დოპინგ-სკანდალისა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) 15 წლის რუს მოციგურავე კამილა ვალიევას პეკინის თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრებში ასპარეზობის უფლება მისცა.
რუსი ვუნდერკინდის საქმის მოსმენა, რომელშიც თვითონ სპორტსმენიც მონაწილეობდა, 5 საათს გაგრძელდა. განაჩენში ვკითხულობთ, რომ დოპინგის საკითხის საბოლოო გარკვევამდე ვალიევას დროებითი დისკვალიფიკაცია საჭირო არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვალიევა ოქროს მედალს მოიპოვებს, შესაძლოა, ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ის მაინც ჩამოერთვას. იგივე ეხება გუნდურში მოპოვებულ ოქროსაც, რაც დიდწილად სწორედ ვალიევას დამსახურება იყო.
იმ შემთხვევაში თუ ROC-ს ოქროს მედლებს ჩამოართმევენ, ოლიმპიადის ჩემპიონებად ამერიკელები გამოცხადდებიან, იაპონია ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლს მიიღებს, ხოლო კანადა პოდიუმის მე-3 საფეხურზე ავა. იხეირებს საქართველოს ნაკრებიც, რომელიც მეხუთეადგილოსანი გახდება (მე-4 ჩინეთი).
შეგახსენებთ, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირის დასრულების შემდეგ, Inside the Games-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ROC-ის (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი) სახელით მოასპარეზე ერთ-ერთი წევრი დოპინგტესტზე ჩავარდა, ოღონდ, ეს ტესტი მას ოლიმპიადის დაწყებამდე აუღეს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარია 15 წლის კამილა ვალიევაზე, რომელმაც გუნდურში რუსეთის ნაკრებს 10 ქულა მოუტანა. ის ინდივიდუალური შეჯიბრების (15 თებერვლიდან) წინ აშკარა ფავორიტია.
“ეს დღის საუკეთესო ამბავია. მას მთელი ქვეყანა უქომაგებს,” - ვკითხულობთ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
“იმედგაცრუებულები ვართ იმ მესიჯით, რაც ამ გადაწყვეტილებით ჟღერდება. ათლეტებს უფლება აქვთ, იცოდნენ, რომ თანაბარ პირობებში ასპარეზობენ. სწორედ ეს უფლება ჩამოერთვათ მათ ამ გადაწყვეტილებით,” - განაცხადა აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სარა ჰირშლანდმა.
კომენტარები