Thumbnail

ალჯო UFC-ში დოპინგზე ალაპარაკდა - მთავარი ეჭვმიტანილი პიოტრ იანია

  • სტერლინგის აზრით, შერეულ ბრძოლებში სტეროიდებს ხშირად მოიხმარენ
  • ალჯოს ეჭვი პიოტრ იანზე აქვს
  • იანი-სტერლინგის რემატჩი უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი

UFC-ს ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი მებრძოლების დოპინგზე ალაპარაკდა. მისი პროგნოზით, მებრძოლების 50 პროცენტი შესაძლოა აკრძალულ საშუალებებს მოიხმარდეს: "ჩემი ვარაუდით, მებრძოლების ნახევარი იღებს სტეროიდებს. ყველას არ აქვს საშუალება, სწორ და კარგ ექიმებთან იმუშაოს. ზუსტად არ ვიცი, ვინ არღვევს წესებს, მაგრამ ეჭვი ყველაზე აქვს."

სტერლინგმა რუსულ სპორტში გახშირებულ დოპინგ-შემთხვევებზეც ისაუბრა. მან ოლიმპიურ თამაშებზე მხილებული კამილა ვალიევას შემთხვევა განიხილა და ეჭვი გამოთქვა პიოტრ იანზე, მის წონაში ალჯოს ყველაზე პრინციპულ კონკურენტზე: "ყველა მიზეზი მაქვს, რომ პიოტრ იანში ეჭვი მეპარებოდეს. თუკი ამას მთელი რუსეთის შეურაცხყოფად მიიღებთ, ეს მხოლოდ თქვენს სინდისზეა. ვფიქრობ, რომ აკრძალული პრეპარატების მოხმარების გამო სპორტსმენები ციხეში უნდა ხვდებოდნენ. ეს არ ეხება მხოლოდ შერეულ ორთაბრძოლებს, სპორტის ყველა ძირითად სახეობას ვგულისხმობ."

შეგახსენებთ, რომ ალჯომ საჩემპიონო ქამარი სწორედ იანთან ბრძოლის შემდეგ მიიღო. იანი დომინირებდა, თუმცა აკრძალული დარტყმის შემდეგ მას წაგება ჩაუთვალეს. მებრძოლებს შორის მატჩ-რევანში უახლოეს ორ თვეშია მოსალოდნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები