Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი VTB-ლიგის 'ყველა ვარსკვლავთა მატჩში' ითამაშებს
  • თორნიკე შენგელია მოედანზე 21 იანვრის მერე არ გამოჩენილა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია VTB-ლიგის "ყველა ვარსკვლავთა მატჩში" სასტარტო ხუთეულში ითამაშებს. ეს დღეს გახდა ცნობილი, როდესაც რუსეთისა და უცხოელი ვარსკვლავების გუნდების მწვრთნელებმა – ზორან ლუკიჩმა და ველიმირ პერასოვიჩმა შემადგენლობები დაასახელეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში ხორვატმა პერასოვიჩმა შეიყვანა, რომელიც ესპანურ ბასკონიაში მუშაობდა და გასაკვირი არაა, რომ აწ უკვე მოსკოვის ცსკა-ს ქართველ მძიმე ფორვარდთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

შენგელიას გარდა, უცხოელთა სასტარტო შემადგენლობაში დენიელ ჰეკეტი (ცსკა), ერიკ მაკკოლუმი (ლოკომოტივ-ყუბანი), მარიო ჰეზონია (უნიკსი) და ჯორდან მიკი (ზენიტი) მოხვდნენ.

თავის მხრივ, ლუკიჩმა, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდთან ერთად, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის, ხუთეულში ალეკსეი შვედი (ცსკა), დმიტრი კულაგინი (ზენიტი), სტანისლავ ილნიცკი (ლოკომოტივ-ყუბანი), ანდრეი ვორონცევიჩი (უნიკსი) და სერგეი ტოროპოვი (ნიჟნი ნოვგოროდი) დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია 2021 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გამოკითხვაშიც მონაწილეობდა და “მსოფლიოს ნაკრებში” მაშინაც მოხვდა, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება ტრავმამ არ მისცა და სხვა კალათბურთელით ჩაანაცვლეს.

მომავალი “ოლ სტარი” 20 თებერვალს მოსკოვში შედგება და შესაძლოა, ეს, ქართველი კალათბურთელისთვის 21 იანვრის შემდეგ პირველი მატჩი გამოდგეს. შენგელიამ ტრავმა ევროლიგაში იტალიური მილანთან შეხვედრაში მიიღო და მას მერე რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

მოსკოვის ცსკა-ს უახლოესი თამაში 18 თებერვალს VTB-ლიგაში ყუბანის ლოკომოტივთან ელის, შემდეგ კი, ევროლიგის მატჩებია, 24 და 27 თებერვალს, შესაბამისად, გერმანულ ბაიერნთანა და ესპანურ ბარსელონასთან.

სწორედ ევროლიგის კალენდარია, რის გამოც, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს დააკლდება. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 24 და 27 თებერვალს ილიასს ზუროსის შეგირდებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშები ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები