Thumbnail
  • მილუოკი 128:119 ინდიანა
  • გოგა სასტარტო ხუთეულში იყო, სანდრო კი პირველივე მეოთხედში გამოიყვანეს

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ქართველი ქომაგისთვის საინტერესო მატჩი შედგა: გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა სტუმრად სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსთან 119:128 წააგო, მთავარი კი ის გახლდათ, რომ მოედანზე საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშე ვიხილეთ.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მეტი დრო ბითაძეს დაეთმო, რომელიც სასტარტო ხუთეულში ზედიზედ ზედიზედ მეოთხედ გამოჩნდა და წინა ორ თამაშისგან განსხვავებით, გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

გოგამ 25 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 4 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და სამქულიანი ააცილა, აი, საჯარიმოებში კი კარგი მაჩვენებელი ნამდვილად არ ჰქონია: 8-დან 4 ზუსტი ტყორცნა. გოგას პასივში იყო 1 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლიც.

ფაქტობრივად უშეცდომოდ გაისარჯა მამუკელაშვილი, რომელმაც 10 წუთში თამაშიდან სამივე სროლა გამოიყენა და 6 ქულას 2 მოხსნა წაამატა, ამასთან მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაქსის სამწვრთნელო შტაბმა სანდრო თამაშში უკვე პირველივე მეოთხედში ჩართო (6 ქულა ზედიზედ მიითვალა) და არა – მაშინ, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მილუოკელთა გამარჯვებაში დიდი როლი ტრადიციულად იანის ანტეტოკუნმპომ ითამაშა, რომელმაც 36 წუთში 50 ქულა (სეზონის პირადი რეკორდი) და 14 მოხსნა მიითვალა, პეისერსს კი ბადი ჰილდმა ულიდერა: 12-დან 8  სამქულიანი გამოიყენა და 36 ქულა ჩააგდო.

ბაქსმა 36 მოგება და 23 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი უკავია, ინდიანა (19-40) კი მხოლოდ მე-13 პოზიციაზეა და ცხადია, რომ მიმდინარე სეზონში პლეი ოფის გარეშე დარჩება. მამუკელაშვილის გუნდი 19 თებერვლის დილას ფილადელფიას უმასპინძლებს, ხოლო ბითაძე და მისი თანაგუნდელები 18-ში ვაშინგტონს დაუხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები