Thumbnail

NBA-ის რეგულარულ სეზონში მილუოკი ბაქსისა და ინდიანა პეისერსის დაპირისპირება, რომელიც ჩემპიონის გამარჯვებით, 128:119 დასრულდა, მხოლოდ ქართული დუელით არ იყო აღსანიშნავი - ერთმანეთის პირისპირ სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დადგნენ, ის ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაქსის ქართველი ახალბედასთვის. 

სანდრო V გოგა ბურთისთვის ბრძოლაში

NBA-ში პირველი ქართული დაპირისპირება 2003 წელს შედგა დენვერის ნიკა ცქიტიშვილსა და მაიამის ვლადიმერ სტეფანიას შორის. მაშინ, ორივე კალათბურთელმა 4-4 ქულა ჩააგდო.

სანდროს მე-100 ქულა NBA-ში

წუხანდელი დუელი სანდროსა და გოგას შორის ასოციაციის ისტორიაში მე-7 ქართული დაპირისპირებაა და პირველი, როცა ქართველებმა ჯამში ამდენი ქულა ჩააგდეს (18 - 12 გოგა, 6 სანდრო). 

რაც შეეხება მამუკელაშვილის მიღწევას, როცა სანდრომ მე-2 მეოთხედის პირველ წუთზე კრის მიდლტონისგან პასი მიიღო და ბურთი ინდიანას კალათში ჩატენა, მატჩში მე-4 და NBA-ის კარიერაში თავისი მეასე ქულა ჩააგდო. 

22 წლის კალათბურთელს 100 ქულის მისაღწევად ზუსტად 310 წუთი დასჭირდა. ახლა მამუკელაშვილს 33 თამაშში 102 ქულა, 59 მოხსნა, 16 პასი, 7 ჩაჭრა და 7 დაფარება. სანდრო საშუალოდ მხოლოდ 9.5 წუთს თამაშობს მატჩში - 3.1 ქულა, 1.8 მოხსნა და 0.5 პასი. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, არასრულ 3 სეზონში მის ანგარიშზე უკვე 575 ქულა და 357 მოხსნაა. გოგას დაფარებების რიცხვი კი შთამბეჭდავია - 121 (1 445 წუთში - გოგა ყოველ 11.9 წუთში ერთ ბლოკშოტს აკეთებს).

მამუკელაშვილის მილუოკიში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება მოხდება. დეანდრე ბემბრი ბრუკლინ ნეტსმა გაუშვა და მას სეზონის ბოლომდე ბაქსი აიყვანს. ბაქსს ტრავმების გამო მცველები აკლია, ბრუკლინში კი სიმონსისა და კარის მისვლის შემდეგ, ბემბრის ადგილი აღარ დარჩა. ბემბრის დამატების შემდეგაც კი, მილუოკის კიდევ ორი ადგილი რჩება თავისუფალი განაცხადში. შესაძლოა, სანდროსთან ვეტერანი სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩიც მივიდეს, რომელიც სან ანტონიომ გაუშვა.  

კომენტარები

ბოლო ამბები