Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ისევ დაშავდა და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ვაშინგტონ უიზარდსთან მოგებული (113:108) მატჩი გამოტოვა.

როგორც ირკვევა, გოგას მარჯვენა ფეხი აწუხებს, რის შესახებაც უშუალოდ დედაქალაქელებთან თამაშის წინ გახდა ცნობილი და მას მოედანზე გასვლის საშუალება არ მიეცა.

“ბითაძე არ ყოფილა ტრავმირებული კალათბურთელების სიაში, რომელიც ვაშინგტონთან თამაშამდე ქვეყნდებოდა, ამდენად, მისი უქმობა მოულოდნელი გახლდათ. ეს სიახლე ინდიანას წინა ხაზს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს”, - დაწერა CBSsports-მა.

22 წლის ქართველ ლეგიონერს მიმდინარე სეზონში ტრავმა პირველად ნამდვილად არ მიუღია, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ გოგას პრობლემები სწორედ მაშინ აქვს, როდესაც თავის გამოჩენის შანსი ეძლევა.

ტაირის ჰალიბერტონი კაილ კუზმას წინააღმდეგ

ახლაც, მაილს ტერნერისა და აიზია ჯეკსონის ტრავმებისა და დომანტას საბონისის ტრეიდის შემდეგ, ბითაძე პეისერსის სასტარტო ცენტრად იქცა (ხუთეულში ზედიზედ 4 მატჩი დაიწყო), ამდენად, მორიგი დაზიანება ძალიან ცუდ დროს მიიღო.

ბითაძის არყოფნაში, ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა უფრო მეტად დატვირთა ვეტერანი ცენტრი ტრისტან ტომპსონი, რომელმაც შანსი კარგად გამოიყენა და 21 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

საინტერესოა ისიც, რომ პრობლემების ფონზე პეისერსმა თამაში მხოლოდ 8 კალათბურთელით ჩაატარა, თუმცა, სეზონში მე-20 გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. ამაში მთავარი როლი გუნდის ახალწვეულმა ტაირის ჰალიბერტონმა ითამაშა 21 ქულითა და 14 პასით, ვაშინგტონის რიგებში კი კენტავიოს კოლდველ-პოუპი (27 ქულა) და კაილ კუზმა (26 ქულა, 15 მოხსნა) გამოირჩნენ.

დღევანდელი წარმატების მიუხედავად, ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება და უკვე ცხადია, რომ ამ სეზონში პლეი ოფის მიღმა დარჩება. ქართველი ცენტრის გუნდს მომდევნო მატჩი ოლ სტარის კვირეულის შემდეგ, 26 თებერვლის დილას ოკლაჰომა სიტისთან ელის და მოსალოდნელია, რომ გოგა უკვე მწყობრში იქნება, თუმცა, მაშინ მოედანზე ტერნერის დაბრუნებასაც ელიან.

კომენტარები

ბოლო ამბები